გიორგი ჩიხრაძემ "სიმურგის" მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბოლო ტურში ზაქათალის "სიმურგმა" სტუმრად ფრედ ითამაშა ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბ "ნეფთჩისთან" და ევროტურნირების საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა.

ამჟამად "სიმურგი" 25 ქულით IV ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება სოლიდურბიუჯეტიან და ძვირად ღირებული ლეგიონერებით (ვობაი, კანალესი, ნფორი, სტამენკოვიჩი) დაკომპლექტებულ "ნეფთჩის". თუმცა "ნეფთჩი" - "სიმურგის" დაპირისპირება სხვა მხრივაც იყო აღსანიშნავი: ზაქათალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარა გიორგი ჩიხრაძემ!

ქართველ სპეციალისტს მშვენიერი შესაძლებლობა აქვს, ეს მაჩვენებელი ამ სეზონშივე გააუმჯობესოს და ჩატარებული მატჩების რაოდენობით, აზერბაიჯანში სხვადასხვა დროს მომუშავე
უცხოელ მწვრთნელებს შორის მესამე ადგილზეც გადაინაცვლოს.

მაკედონიელ ჯოკიჩა ხაჯიევსკის (101 მატჩი) და უკრაინელ ვალენტინ ხოდუკინის (113 მატჩი) მაჩვენებელი რომ გაუმჯობესდება ამ სეზონშივე, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, შემდეგ კი მეორე შედეგის მქონე, ასევე უკრაინელისა და ასევე "სიმურგის" ყოფილი თავკაცის, რომან პოკორას (126) გადასწრებაზე ფიქრიც შეიძლება.

აბსოლუტური რეკორდსმენი კი ასევე ქართველი სპეციალისტი, ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა (258 მატჩი) და თავისი კოლეგისა და მეგობრის შედეგის გასაუმჯობესებლად გიორგი ჩიხრაძეს, სულ მცირე, კიდევ 3-4 სეზონის გატარება მოუწევს აზერბაიჯანში.

ისე, მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა ქართველი მწვრთნელები ასეთ ნდობას იმსახურებენ, თანაც, იმ ფონზე, რომ ყოველწლიურად აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ათზე მეტი უცხოელი სპეციალისტი ჩამოჰყავთ ხოლმე, მაგრამ ზემოთ ნახსენები ხაჯიევსკის, პოკორასა და ხოდუკინის გარდა, ფაქტობრივად, არავის მოუხერხებია სეზონის სრულად ჩამთავრება!

ერთადერთი გამონაკლისი წინა სეზონში ცნობილი რუსი სპეციალისტი იური სიომინი იყო, თორემ ვინი შეფერს (გერმანია), ტონი ადამსს (ინგლისი), მირჩა რედნიკს (რუმინეთი), ვლასტიმილ პეტრჟელას (სლოვაკეთი), ალეკსანდრ სტარკოვს (ლატვია), სტანისლავ ჩერჩესოვს (რუსეთი), ვალდას ივანაუსკასს (ლიტვა), სერგეი იურანს (უკრაინა), მუსტაფა დენიზლის (თურქეთი) თუ კიდევ სხვა ცნობილ მწვრთნელებს ძალიან მალე მოუწიათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის "შუა გზიდან" მიტოვება...

...გიორგი ჩიხრაძემ "სიმურგი" 2012 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა, თუმცა აზერბაიჯანში უფრო ადრე ჩავიდა. 2009 წლის ზაფხულში ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე რომ დაინიშნა, მისი ასისტენტი სწორედ ჩიხრაძე გახდა.

მეორე მწვრთნელის რანგში ჩიხრაძე აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა და "თანამეგობრობის თასიც" მოიგო, თუმცა მერე დამოუკიდებლად მუშაობა ამჯობინა. მით უფრო, რომ ამის გამოცდილება საქართველოშიც ჰქონდა და ჩინებული შედეგებითაც შეუძლია იამაყოს: მისმა გაწვრთნილმა "ამერმა" ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და ორჯერაც - სუპერთასი.

ამას გარდა, გიორგი ჩიხრაძე ერთადერთია, ვისაც საქართველოს თასი მწვრთნელის რანგშიც აქვს მოგებული და როგორც ფეხბურთელსაც.

ისე, მართლაც საინტერესო დამთხვევაა: აზერბაიჯანში მომუშავე კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ასევე ერთადერთია, საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთელის რანგშიც რომ გამხდარა და მწვრთნელის რანგშიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული