გიორგი ფოფხაძე: პოლონეთში ქართველები ძალიან უყვართ

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატში რეგულარული სეზონი დასრულდა. 8 გუნდი ბრძოლას მედლებისა და ევროტურნირების საგზურებისთვის აგრძელებს, ამდენივე კი - უძლიერესთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელის, გიორგი ფოფხაძისა და ნიკა ძალამიძის "იაგელონია" პოლონეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლეგიას" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

"ლელო" 28 წლის გიორგი ფოფხაძეს პოლონეთში შეეხმიანა....

- რეგულარული სეზონი დასრულდა. ახლა საუკეთესო რვა გუნდი იბრძოლებს მედლებისთვის. მოკლედ, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პოლონეთის ჩემპიონატი ყველაზე საინტერესო ფაზაში გადავიდა.

- ლიდერ "ლეგიასთან" ჩამორჩენა მხოლოდ
3 ქულაა...

- ქულები გაიყო და ეს სურათი მივიღეთ. სატურნირო ცხრილიდან კარგად ჩანს, რამხელა დაძაბულობაა ჩემპიონატში. სტანდარტული ფრაზა უნდა ვიხმარო, რომელსაც ვერ ავცდები - ამიერიდან ყველა თამაში ფინალის ტოლფასია.

- რას უმიზნებს "იაგელონია"? ერთი შეხედვით, შეუძლებელი არც ჩემპიონობაა...
- აწყობილი, ძალიან შეკრული და ძლიერი გუნდი გვყავს. თქვენს კითხვას კი ასე ვუპასუხებ - მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდმა ევროთასებზე უნდა ითამაშოს.

რაც შეეხება ჩემპიონობას, ფავორიტი "ლეგიაა", მაგრამ ტიტულზე უარს ვინ იტყვის?! "იაგელონიას" წარმატება მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ერთსულოვანი გარჯის შედეგია. ბევრი არ არის ასეთი ერთსულოვანი, შეკრული გუნდი.

- რეგულარულის ბოლო ტურში "იაგელონიამ" შინ 2:0 მოუგო "რუხს". იმ მატჩში ტრავმირებული ნიკა ძალამიძე რომ ვერ ითამაშებდა, ადრევე ვიცოდით. თქვენ რატომღა იუქმეთ?
- მეც ფეხი ვიტკინე ვარჯიშზე. მგონი, ისეთი არაფერია, ბევრი დრო რომ გამაცდენინოს. ძალამიძის შესახებ უკვე იცით. იმედია, მეც და ისიც მალე ჩავდგებით მწყობრში.

"იაგელონიაში" მეც და ნიკასაც ძალიან კარგი თვალით გვიყურებენ. საერთოდ, პოლონეთში ქართველები ძალიან უყვართ.

- რას იტყვით "რუხის" ფეხბურთელ როლანდ გიგოლაევზე, ვისაც კახა ცხადაძე ეროვნული გუნდის პოტენციურ წევრად მოიაზრებს?

- პიროვნულადაც კარგი ბიჭია და ფეხბურთელიც კარგია. ასე ვიტყოდი მოკლედ. პოლონურ ლიგაში კარგი სახელი აქვს.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული