როცა ოჯახიდან წასვლა ძალიან ძნელია... ინტერვიუ გიორგი ლომაიასთან

AutoSharing Option
გიორგი ლომაიამ ბაქოს "ინტერი" სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად დატოვა. წამოსვლით კი წამოვიდა, მაგრამ 35 წლის მეკარის კარიერაში ჯერ არაფერი გარკვეულა. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ლომაია, ვისაც საქართველოს ნაკრებში 45 მატჩი ჩაუტარებია, ისევ აზერბაიჯანში დაბრუნდეს.

"ლელო" ლომაიას ესაუბრა...

- თავდაპირველად, შევაფასოთ "ინტერის" მიერ განვლილი გზა მიმდინარე სეზონში...
- პრინციპში, პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ. სეზონი რომ იწყებოდა, მიზნად აზერბაიჯანის ჩემპიონობა ან ევროპალიგის საგზურის მოპოვება დავისახეთ. ჩემპიონობა ვერა, მაგრამ ევროსაგზურს კი შევწვდით. თქვენც იცით, რა მდგომარეობაა ახლა ბაქოს "ინტერში". ვფიქრობ, რომ არა ეს პრობლემები, ჩემპიონობაც
შეიძლებოდა. რას ვიზამთ... რასაც მოვაღწიეთ, ესეც დასაფასებელია.

- თქვენ მეტწილად სათადარიგო იყავით "ინტერში". როგორ ეგუებოდით ამ როლს?
- უკვე ექვსი წელია, "ინტერში" ვარ. ამ დროის განმავლობაში ეს გუნდი მეორე ოჯახი გახდა ჩემთვის. სათადარიგოობას კახა ცხადაძის ფაქტორიც მიადვილებდა. მან ბევრი გააკეთა ჩემთვის. კახას ვჭირდებოდი და მეც, როცა ამის შანსი მქონდა, მაქსიმუმს ვაკეთებდი გუნდისთვის.

რა ვუთხარი იმ ფეხბურთელს, რომელსაც თამაში არ უნდა. ასე ვარ მეც, მაგრამ გუნდისთვის საჭირო ვიყავი და ეს მამშვიდებდა. ფეხბურთს კი ძველებურად უმთავრესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

- როგორ მოახერხეთ სეზონის ასე ყოჩაღად ჩამთავრება? კლუბში ხომ უმძიმესი ფინანსური სიტუაცია იყო...
- კახა ცხადაძის ფაქტორი იყო უმთავრესი. მისი პიროვნება თითოეული ფეხბურთელის მხრიდან უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

მეორე მომენტი ის იყო, რომ 6 წელი ვიყავით ამ გუნდში. ცხოვრებაა და გაუჭირდათ. ჩვენ კი პროფესიონალები ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. ესეც გვერდზე რომ გადავდოთ, არის ადამიანური მომენტიც. ბევრი კარგი გვახსოვს "ინტერისგან". წლების განმავლობაში ამ გუნდში წარმატებით ვთამაშობდით. ეს კლუბი ყველა პირობას ქმნიდა ჩვენი პროგრესისა და გუნდის წარმატებისთვის...

- რაიმე საიმედო ხომ არ ისმის აზერბაიჯანიდან?
- გვაქვს ინფორმაცია, რომ გუნდი 15 ივნისს უნდა შეიკრიბოს. ალბათ, მანამდე ჩვენც დაგვიკავშირდებიან და გვეტყვიან, რა და როგორ იქნება. იმედია, გუნდი გააგრძელებს არსებობას.

- "ინტერმა" ხომ ევროპალიგაზე უნდა ითამაშოს?
- ღმერთმა ნუ ქნას და, თუ კლუბი ბანკროტად არ გამოცხადდა, ბუნებრივია, ევროპალიგაზე უნდა ითამაშოს.

- ფაქტია, რომ ახალი გუნდი იქნება შესაქმნელი...
- ასეა. კლუბის ხელმძღვანელობას ახალი მწვრთნელი ეყოლება მოსაძებნი და ახალი ფეხბურთელებიც. ისიც ფაქტია, რომ "ინტერს" აღარ ექნება ძველებური ბიუჯეტი.

- საქართველოდან ხომ არ შეგხმიანებიათ ვინმე?
- ჯერ არავინ. ახლა ყველა ქართული გუნდი ისვენებს. ამ დროისთვის, როგორც გითხარით, არც აზერბაიჯანში დაბრუნებას გამოვრიცხავ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- ფეხბურთიდან წასვლაზე ხომ არ ფიქრობთ?
- მინდა, ერთი-ორი წელიწადი კიდევ ვითამაშო. ფეხბურთისგან ძველებურად ვიღებ სიამოვნებას და ჟინიც არ გამნელებია.

- ეს გასაკვირიც არ არის. 35 წელი მეკარისთვის არაფერია...
- მეც ასე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული