საქართველოს 2014 წლის საუკეთესო მოთამაშეს (ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით) ყაზანში დავუკავშირდით და ზემოთ ხსენებული ინფორმაციის გარდა, სხვა თემებზეც ვესაუბრეთ...
- რამდენად მართალია, თითქოს შოთა არველაძე თურქეთში გიწვევთ?
- ეს ამბავი მეც თქვენსავით ინტერნეტიდან გავიგე.
- ანუ ტყუილია?
- ვერაფერს გეტყვით. ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არავინ დამკავშირებია. "ტრაბზონსფორი" სერიოზული კლუბია, მისი მწვრთნელი კი შოთა არველაძეა და თუ
შოთა მაგარი თავდამსხმელი იყო და ახლა უკვე კარგი სპეციალისტია... მაგრამ ვიმეორებ - ამ ტრანსფერზე არავისთან მილაპარაკია და ინტერესი როგორ დავადასტურო?
- ბოლო დროს რუსული მედია თქვენი ტრანსფერის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ზამთარში ამტკიცებდნენ, რომ მოსკოვის "დინამოში" ან ცსკა-ში გადადიოდით. არის ინფორმაცია, თითქოს თქვენი ტრანსფერი იმდენად ძვირად ფასობს, რომ კონტრაქტის გამოსყიდვის შემთხვევაში, ქართული სატრანსფერო რეკორდი დაემხობა...
- მე ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. ახლა სხვა მიზნები მაქვს - "რუბინსა" და ნაკრებში კარგად უნდა ვითამაშო. თან გუნდთან ერთად ჩემპიონატისთვის ვემზადები.
- არსებული ინფორმაციით, ყაზანელებთან ხელშეკრულება 2016 წელს გეწურებათ...
- არასწორია, კონტრაქტი 4 წლის შემდეგ მიმთავრდება...
- გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ესპანელი მცველი სესარ ნავასი "როსტოვში" გადავიდა და თქვენი როლი კიდევ უფრო გაიზრდება...
- მან მე გამზარდა, მაგრამ, შესაძლოა, ახლა ახალგაზრდები დააყენონ ჩემ გვერდში და მათზე ზრუნვა მომიხდეს.
- ახლა "რუბინის" მცველებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თქვენ ხართ...
- რას იზამ, დრო იცვლება. ნავასი მაგარი მცველია, მაგრამ თამაში ახალი მოთამაშეებით უნდა გავაგრძელოთ.
- მომავალ სეზონში "რუბინს" რა მიზნები აქვს?
- ბრძოლა ორ ფრონტზე მოგვიწევს - ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავედით და ჩემპიონატშიც კარგად უნდა გამოვიდეთ. კონკრეტული მიზანი არ გვაქვს, რომ გინდა თუ არა, ევროპალიგის ამა და ამ ეტაპზე გავიდეთ ან ჩემპიონატში ესა და ეს ადგილი დავიკავოთ... სადაც ვითამაშებთ, ხელმძღვანელობა ყველგან მაქსიმალურ შედეგს გვთხოვს.
- საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებზეც გკითხავთ. საინტერესოა, თქვენი აზრით, მას შემდეგ, რაც გუნდს კახა ცხადაძე ავარჯიშებს, რა შეიცვალა და რისი იმედი გაქვთ?
- მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ამ ციკლს აზრი აღარ აქვს, ჩვენ ის უკვე ჩავაგდეთ, მაგრამ დარჩენილი თამაშები იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ახალი მწვრთნელის ხელში გაცილებით ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდეს და ახალ ციკლში ბევრად უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ.
- ამის რეალურ პერსპექტივას ხედავთ?
- ნამდვილად ვხედავ, რადგან კარგი ბიჭები და გამოცდილი მწვრთნელი გვყავს. მთავარია, ყველას გვქონდეს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა. ეს თუ იქნა, შედეგიც გვექნება. სხვაგვარად, მწვრთნელს ვერავინ გაამტყუნებს, რატომ ვერაფერს აღწევო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"