ლაშა სალუქვაძე: ხანდახან ვფიქრობ, გია გეგუჩაძე ჩემზე ნაწყენი ხომ არ არის?

AutoSharing Option
ფოტოზე: სალუქვაძეს "რუბინის" მაისურით ლიონელ მესის წინააღმდეგაც უთამაშია

33 წლის ლაშა სალუქვაძე ჯერაც უგუნდოდაა. გამოცდილი უკანახაზელი სასურველ ვარიანტს ელის და წესით, მალე ყველაფერი უნდა გაირკვეს.

შესაძლოა, მან ისევ რუსეთში გააგრძელოს კარიერა, სადაც ერთ დროს წარმატებით თამაშობდა ყაზანის "რუბინში".

"ლელო" სალუქვაძეს აქტუალურ თემებზე ესაუბრა...

- არის რამე ახალი თქვენს კარიერაში?
- ამ ეტაპზე სასურველი შეთავაზების მოლოდინში ვარ. არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ ისეთი არაფერია, ასპროცენტიანი რომ ეთქმის. ჩამოყალიბებულ სახეს რომ მიიღებს ყველაფერი, მერე ვილაპარაკოთ. მერწმუნეთ, არაფერს დავმალავ.

- ქართული კლუბებისგან თუ არის
წინადადებები?

- საქართველოში მხოლოდ ერთია ისეთი გუნდი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, ფეხბურთელად რომ იგრძნო თავი - ეს არის თბილისის "დინამო". ყველა ქართულ გუნდს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ რაც ვთქვი, იმაში დარწმუნებული ვარ.

- "დინამოსგან" თუ იყო ინტერესი?
- არ დავმალავ, იყო, მაგრამ ბოლო დროს აღარაფერი ისმის.

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ბაქოს "ინტერს" დაუბრუნდეთ?
- ბატონმა ზაურ სვანაძემ დამირეკა და დიდი მადლობა მას ამისთვის! თავი შევიკავე. როგორც იცით, გარკვეული ფინანსური პრობლემები იყო კლუბში. ამის მიუხედავად, "ინტერი" ღირსეულად თამაშობს ევროპალიგაზე. "ბილბაოს" სახით გუნდს უძლიერესი მეტოქე ჰყავს და ვნახოთ, იქნებ სასწაულიც მოხდეს...

- ევროპული ქვეყნებიდან გაქვთ შემოთავაზებები?
- უფრო რუსეთიდან, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

- უგუნდოდ ხართ და ფორმას როგორ ინარჩუნებთ?
- წონის პრობლემა არ მაქვს. საღამოობით მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს. ახლა ოჯახთან ერთად ვისვენებ კვარიათში.

- ლაშა, ელოდით, რომ ყველა ქართული გუნდი გამოეთიშებოდა ასპარეზობას ასე ნაადრევად ევროპულ ტურნირებზე?
- ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამის გამო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ასე მოხდებოდა... ჩვენს კლუბებს ძლიერი მეტოქეები შეხვდათ, ოღონდ ძლიერები - ისევ და ისევ ჩვენი დონის გათვალისწინებით. კი, ჩვენ გვაქვს ტრადიცია, მაგრამ ეს დღეს ბევრს არაფერს ნიშნავს. უცხოური კლუბები იხდიან ფულს და ჩაჰყავთ ლეგიონერები.

ავიღოთ, მაგალითად, "გაბალა". თუ არ ვცდები, ეს გუნდი მეორედ თამაშობს ევროთასებზე თავის ისტორიაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოახერხა და მოუგო თბილისის "დინამოს". თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროთასებზე წარმატებით ვითამაშოთ, ქართულ გუნდებში აუცილებლად უნდა გამოჩნდნენ ლეგიონერები, რა თქმა უნდა, მაღალი დონის.

რომ ვუყურებ, არც 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა გაამართლა. ფეხბურთელების გადანაწილება მოხდა და სწორედ აქ გამოჩნდა, რომ ჩვენ არ გვყოფნის რესურსი. დონე კი გათანაბრდა, მაგრამ, განა, ეს საქმეს შველის? ევროთასებმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი.

- წეღან "დინამოს" ინტერესი ახსენეთ და პირადად ჩემი აზრია - საქართველოს ჩემპიონატს სჭირდება სალუქვაძის დარი გამოცდილი ფეხბურთელები. იქნებ გავხსნათ ფრჩხილები - რა მოხდა? როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ შეგეხმიანათ "დინამო"?
- ინტერესი იყო გუნდში გია გეგუჩაძის მისვლამდე. მას შემდეგ აღარაფერი ისმის. ხანდახან იმასაც ვფიქრობ - გეგუჩაძე ჩემზე ნაწყენი ხომ არ არის? ჩვენ ერთად ნაყოფიერად ვიმუშავეთ. "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე რომ ითამაშა, ყველა შეხვედრა ჩავატარე... მერე გამოჩნდა "რუბინის" ვარიანტი და წავედი. გუნდს არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ მაღალ დონეზე თამაშის შანსი მქონდა. არანაირი კონფლიქტი გეგუჩაძესთან არ მქონია...

რეალურად, "დინამოში" სიამოვნებით ვითამაშებდი. ჯერ ერთი, ზემოთაც ვთქვი "დინამოში" არსებულ პირობებზე და მეორეც - ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის ის განსაკუთრებული გუნდია.

- უგუნდოდ კი ხართ, მაგრამ ცხადია, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების იმედი არ გექნებათ გადაწურული...
- სანამ ფეხბურთს ვითამაშებ, სულ მექნება ამის იმედი. თუ ფორმაში ვიქნები, მჯერა, კახა ცხადაძესთან არაფერი დამეკარგება...

- საქართველოს ნაკრებს პროგრესს თუ ატყობთ?
- მე ვიცი, რა შეუძლია ცხადაძეს, როგორც მწვრთნელს. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ თბილისის "ლოკომოტივსა" და ბაქოს "ინტერში". ახლა საქართველოს ნაკრებში ყველამ იცის, სად უნდა მიიღოს ბურთი, როგორ გაიხსნას...

უკრაინასთან მატჩი ავიღოთ. ბურთი გვქონდა და მომენტებიც შევქმენით. პოლონეთთან 0:4 ცუდად ჩანს, მაგრამ ეს არ იყო ამ ანგარიშით წასაგები თამაში. 0:1-ზე პოლონელებმა ძალიან ინერვიულეს...

ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ნაკრებს მეტწილად სწორედ მაშინ გამოსდიოდა თამაში, როცა ვუტევდით, როცა ბურთი გვქონდა... დაარტყი და გაიქეცი - ამ სტილით არაფერი გამოდის. კახას ძალიან უყვარს შეტევა. ჩვენც ისეთი თაობა მოგვდის, რომ აქცენტი სწორედ შეტევაზე, ბურთის ფლობაზე უნდა გავაკეთოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვფიქრობ, რომ ჩემი წერილის არსი ვერ გაიგეთ ბოლომდე და გაადიხართ შეურაცყოფაზე. დიახაც, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ, და ამის დასამტკიცებლად ცოტა მეტი უნდა წაიკითხოთ ქართული ისტორია თუნდაც საფეხბურთო, რაც შეეხება ამპარტავნობას ეს უზარმაზარი ცოდვაა და მიდით მამაოსთან და შენდობა თხოვეთ. იმიტომ, რომ არც იცით როგორ უნდა მიმართოთ ადამიანს ვისაც არ იცნობთ. რაც შეეხება ქართველობას და მათ ნიჭიერებას ამაზე მთელი სამყარო საუბრობს და შენ ასე მოგმათავ რადგან დაიმსახურე არც კი იცი როგორ დააფასო საკუთარი ერის შვილები. თუ გადახედავ, რომ ჩამოდიან ის ფერადკანიანები ვითომდა ფეხბურთის სათამაშოდ თქვენ ფიქრობთ, რომ მართლა იციან ფეხბურთი, არა ბატონო არაფერიც არიციან უბრალოდ დაბალ 300-500 ლარზე თანხმდებიან თამაშს რადგან ისეთი ქვეყნებიდან არიან იქ ეს თანხა დიდ ფულს წარმოადგენს.
dato
03 აგვისტო 2015 23:01
0
dato ---- ახალ ველოსიპედს იგონებ?? სად განვითარებულა ფეხბურთი ლეგიონერების გარეშე, განვითარდა სადმე?? სად გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები?? რომელიმე ქვეყანას ჩვენზე ნაკლები ნიჭიერი ჰყავს? ან ბელგიას, ან შვეიცარიას, ან ჰოლანდიას არ ჰყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, უამრავ ლეგიონერებს რომ ათამაშებენ?? რა ხართ ასეთი ამპარტავნები. თურმე ყველაზე ნიჭიერები ჩვენ ვყოფილვართ და ამ დროს თითქმის ბოლოზე ვართ რეიტინგში!
Burton
03 აგვისტო 2015 21:31
0
ჰოდა ანალიზი რომ ჩატარდა იმიტომაც გამოვვარდით ყველაფრიდან. ახალგაზრდებიც ისევე გაფუჭდებიან, რომ შედეგიც არ ექნებათ. მხოლოდ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლებენ ისინი წარმატებას. ეს კი მხოლოდ 10 ან 8 გუნდიან ჩემპში მოხდება.
hahaha
03 აგვისტო 2015 17:46
0
საბურთალომ ჯერ მინდვრის საფარს მიხედოს და დიდ წარმატებებზე მერე იფიქროს!"პლასტმასზე" თამაში ამ ახალგაზრდებისთვის დამღუპველია!
iago
03 აგვისტო 2015 17:31
0
ვეთანხმები დათოს. ეხლა უმაღლეს ლიგაში შემოდის ორი გუნდი, რომლებიც ძირითადაD 18-19 წლის ბიჭებით არიან, განსაკუთრებით საბურთალო, აქედან დაიწყება ძველი მართლა ჩამყაყებული სიტუაციის გამოსწორება, თქვენ ნახავთ მართლა საოცარ და თავდადებულ ბრძოლებს და ამ პატარა ბიჭების დიდ წარმატებებს როგორც შიდა ისე ევრო ტურნირებზე! ვისაც გაგეცინებათ გაიცინეთ თორე ნათქვამია წიწილებს შემოდგომით ითვლიანო მე აქ სეზონის ბოლოს ვგულისხმობ!
ramaz
03 აგვისტო 2015 16:37
0
ლაშა, ვფიქრობ რამდენად კარგი ფეხბურტელი ხარ იმდენად არ გესმის ფეხბურთი თეორიულად.გეტყვით რატომ პირველ რიგში მარტო საკუთარ თავზე ზრუნავ.მეორე რა ჩვენს ფეხებად გვინდა ეს უაზრო ან საერთოდ ლეგიონერები. ვითომ საქართველოში ნაკლებ ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ჯობდა გეთქვა , რომ მისახედია ქართული ფეხბურთი და მეტი ნდობა უნდა მიეცეს 18 წლის ფეხბურთელებს უმაღლეს ლიგაში. რატომ უნდა გავიდეთ ლეგიონერების ხარჯზე სადმე რათ გვინდა მსგავსი აფერისტობები. ამ ფორმით ეროვნულ ნაკრებს ეშველება რამე? არა ჩემო კარგო, პირიქით უფრო ჩაკვდება. ამბობ, რომ 16-გუნდიანმა არ გაამართლაო, რა იცი შენ რამ გაამართლა და რამ არა. სადმე ანალიზი ჩაატარე თU სტატისტიკურად გიდევს შედეგების მონაცემი. არა ლაშა არ გვინდა ასეთი ფორმით და მარტო საკუთარ თავზე საუბარი. დროა ახალგაზრდებსაც ვენდოთ და ისინი უფრო ჯიგარით ითამაშებენ ფეხბურთს ვიდრე თქვენმა თაობამ ქნა ეგ საქმე. თანაც იმდენსაც არ ითხოვენ ხელფასებს რამდენსაც თქვენ და არ არჩევენ ქართულ გუნდებს როგორც თქვენ მარტო დინამო გგონია გუნდი. თუ პროფესიონალი ხარ, მაშინ ყველგან უნდა შეგეძლოს თამაში. ასე, რომ წარმატებები პირადად შენ, ქართულ ფეხბურთს და ყველა ქართველ ფეხბურთელს.
dato
03 აგვისტო 2015 15:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული