ვაკო ყაზაიშვილი: ასეთ დროს გუნდის დატოვება გამართლებული არ მგონია

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილმა არნემის "ვიტესში" გასული სეზონი ჩინებულად ჩაატარა - თითქმის, სულ ძირითად შემადგენლობაში იყო და ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 37 შეხვედრაში 11 გოლიც დაუგროვდა. ცხადია, ეს შემტევი ნახევარმცველისთვის მშვენიერი მაჩვენებელია, თანაც, ამ გოლებს შორის, ბევრი გადამწყვეტიც იყო. საინტერესოა, რომ ვაკომ "ვიტესის" თავდამსხმელებზე მეტიც კი გაიტანა...

მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ყაზაიშვილი ევროპულ ტოპლიგაში სათამაშოდ მზად იყო და გაცილებით ძლიერ კლუბში უნდა გადასულიყო. ამის იმედი სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე არ გვტოვებდა, მაგრამ... ყაზაიშვილი ისევ "ვიტესის" ფეხბურთელია.

"ასეთი ლაპარაკი ზაფხულში მეც მესმოდა. მაგრამ სიმართლე გითხრათ,
პირადად არც ერთი კლუბის წარმომადგენელი არ დამლაპარაკებია და როგორ ვთქვა, რომელიმე გუნდი დაინტერესდა-თქო?

მთავარი სხვა რამაა: წინა სეზონში საკმაოდ ბევრი გავიტანე და სულ მათამაშებდნენ. ასეთ დროს, გუნდის დატოვება გამართლებული არ მგონია.

პირიქით, კიდევ უნდა დავრჩე, ჰოლანდიაში გაზრდა შეიძლება და როცა გაცილებით უკეთესად ვიქნები, მერე შეიძლება სხვაგან გადასვლაზე ფიქრი. ახლა კი სხვა გუნდში თამაშზე არც ვფიქრობ", - ამბობს "ლელოსთან" ყაზაიშვილი.

ის თავმდაბალი და შრომისმოყვარეა. ეს მისი პროგრესიდანაც ჩანს - ყაზაიშვილის შესახებ სკანდალები არასოდეს გვსმენია. რაც მთავარია, ის დისციპლინით გამოირჩევა, ეს კი ქართველ ფეხბურთელებში იშვიათობაა.

წლიდან წლამდე ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ყალიბდებოდა. 2011 წელს, "საბურთალოდან" არნემის "ვიტესში" 175 ათას ევროდ გაყიდული ყაზაიშვილის სატრანსფერო ფასი 4 წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა - ამჟამად ერედივიზიონის ქართველი ლეგიონერის ღირებულებად გერმანულმა სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" 3 მილიონი ევრო გამოაცხადა. ამ მხრივ, ყაზაიშვილი ქართველ მოთამაშეებს შორის მე-3 ადგილზე დაწინაურდა.

საინტერესოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში არნემელთა ქართველი შემტევი ნახევარმცველის შეფასება ზუსტად 2 მილიონი ევროთი "დამძიმდა" და გასამმაგდა.

ერედივიზიონის პლეი-ოფში, ყაზაიშვილი არნემელებს ევროპალიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. საერთოდ, ბოსმანის წესის დამკვიდრების შემდეგ, ჰოლანდიელებმა ლეგენდარული იოჰან კრუიფის რჩევა გაითვალისწინეს და ფეხბურთელების გაზრდასა და უკეთეს ლიგაში გაშვებაზე არიან ორიენტირებულები. ყაზაიშვილი კი გვაიმედებს, რომ პროგრესს თუ არ შეაჩერებს, ძლიერ გუნდში აუცილებლად მოხვდება.

იღბალიც მნიშვნელოვანია: მან "ფეიენოორდთან", "ალკმაართაან", "ტვენტესთან", "აიაქსსა" და "ზვოლესთან" უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა. მაგრამ ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო შოტლანდიასთან მატჩი, რომელიც მისი ზუსტი დარტყმის წყალობით მოვიგეთ.

არადა, შეიძლებოდა, ყაზაიშვილის არსებობა არც კი გვცოდნოდა, ბახმაროში თემურ ფოცხვერიას პატარა ოზურგეთელი ბიჭისთვის ყურადღება რომ არ მიექცია, თბილისში არ ჩაემოეყვანა და გაეზარდა, გიორგი დევდარიანს კი მისგან ფეხბურთელი არ "გამოეთალა".

აი, ეს არის სწორედ სელექცია, თორემ თბილისში გამზადებული ტალანტის პოვნა უფრო ადვილია.

მართალია, ჯერ კიდევ "ჭყინტია" და ფიზიკურადაც მოსაღონიერებელია (90 წუთს რომ ვერ ძლებს, ირლანდიასთან გამოჩნდა), მაგრამ ყაზაიშვილი ის ფეხბურთელი და პიროვნებაა, რომელზეც სამომავლოდ ნაკრები შეიძლება აშენდეს.

მაინც მგონია - ირლანდიასთან წაგებისა და ჩავარდნილი ციკლების შემდეგაც, საქართველოს ნაკრებში იმის რესურსი მოიძებნება, ისლანდიასავით, ან ვერპაკოვსკისის ლატვიისა და ზაჰოვიჩის სლოვენიასავით რომ გაისროლოს. საინტერესო ფეხბურთელები ხომ უკვე ყველა რგოლში გამოჩდნენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ, მართლა ძალიან კარგი ბი2ია და სწორადაც აზროვნებს (ჩვენი უმრავლესლბა ფეხბურ5ელისა და ჟურნალისტებისაგან განსხვავებით) - მ5ავარი ძლიერ გუნდში გადასვლა კი არა, ძლიერი თამაშია - ამ შემთხვევაში არც სუსტ გუმდში დატოვებს არავინ. სხბები შუაზე სკდებიან, ო4ონდ სადმე კლუბში მოხვდნენ და მერე რა გააკეთონ, აღარ იციან, დუბლებსაც აღარ აკარებენ. მასე გააგრძელე ვაკო!
Kote
15:42 12-09-2015
0
მართალი ხარ ვაკო,ჯერ ჯერობით ეს იკმარე,ტოპ გუნდში სკამზე ჯდომას მანდ ტამაში ჯობია
Unknown
14:36 12-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული