გიორგი ჭანტურია: "დუისბურგში" იმიტომ ვარ, რომ საქართველოს გამოვადგე!

AutoSharing Option
მოლოდინი დასრულდა - საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია გერმანულ "დუისბურგში" ითამაშებს. მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. კლუბმა ქართველი უკვე ოფიციალურად წარადგინა. ხელშეკრულება 2+1 სისტემით გაფორმდა.

გუშინ "ლელო" გერმანიაში დაუკავშირდა ჭანტურიას და ინტერვიუ სთხოვა:

- მოდით, თავიდან დავიწყოთ. როდის გაჩნდა პირველად გერმანული კლუბის ინტერესი?
- მოგეხსენებათ, გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელი ჯინო ლეტიერია. ის კარგად იცნობდა ჩემს შესაძლებლობებს "ვიტესიდან" და "ვერონადან". სწორედ აქედან წამოვიდა ინტერესი.

- რატომ გაიწელა კონტრაქტის გაფორმება?
- საბუთები უნდა მოსულიყო "კლუჟიდან" და "ვერონადან". სწორედ ამას
ველოდებოდი და ამიტომაც დაგვიანდა კონტრაქტის გაფორმება. ახლა ყველაფერი წესრიგშია. ვემზადები 5 ოქტომბრისთვის, როცა "პადერბორნს" უნდა შევხვდეთ.

- როგორია თქვენი პირველი გერმანული შთაბეჭდილებები?
- შთაბეჭდილებები იმაზე კარგია, ვიდრე ველოდი. ამას გულწრფელად გეუბნებით. ყველა ძალიან თბილად დამხვდა. დაახლოებით 3 კვირაა, რაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და უკვე შევეწყვე "დუისბურგს". ძალიან მეგობრული ბიჭები არიან.

- თუ ისაუბრეთ მთავარ მწვრთნელ ჯონ ლეტიერისთან? როგორ შეგხვდნენ ფანები, კლუბის შეფები?
- მწვრთნელი თბილი, უშუალო ადამიანია. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვარ და ხშირად ვსაუბრობთ, ყველანაირად მიდგას გვერდში. ხელმძღვანელობაც დადებითად არის განწყობილი, გულშემატკივრებისგანაც დიდ სითბოს ვგრძნობ.

ერთი სული მაქვს, 5 ოქტომბერს მინდორზე გავიდე "დუისბურგის" მაისურით და "პადერბორნის" წინააღმდეგ ვითამაშო. ამ მატჩის მოლოდინი უკვე იგრძნობა. დერბია და ცხადია, განსაკუთრებული თამაშია. მინდა, გოლი გავიტანო და 90 წუთი ვითამაშო.

- თქვენს კონტრაქტზეც გვითხარით...
- ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 2+1 სისტემით გავაფორმეთ ხელშეკრულება.

- ბოლომდე გაიარეთ ადაპტაცია? გერმანულს სწავლობთ?
- თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ადაპტაციის პროცესი დასრულებულია. რაც შეეხება გერმანულ ენას, მის სწავლას არ ვაპირებ. ოთხი ენა ვიცი და მგონი, მეყოფა (იცინის).

- რა თქმა უნდა, ისაუბრებდით ლაშა დვალთან. რა გითხრათ "დუისბურგის" მეორე ქართველმა? როგორ დაახასიათა გუნდი ან თავად როგორ გრძნობს თავს?
- ასაკის მიუხედავად, ლაშა ძალიან კარგი და გამოცდილი მცველია. ცოტა წინაც გავიხედავ და ვიტყვი - დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში საქართველოს ნაკრების დაცვის ბურჯი გახდება. ლაშა თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება "დუისბურგს", ვარჯიშებზე შესანიშნავად ჩანს, რომ ფიზიკურად უმაღლეს დონეზე არიან მზად. ვარჯიშები ერთობ დატვირთული და მრავალფეროვანია.

- ჯერჯერობით, "დუისბურგი" ძალიან ცუდად თამაშობს და ამაზე მეტყველებს სატურნირო მდგომარეობაც - მეორე ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულა აქვს. რა არის ამის მიზეზი?
- ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია და ესეც არის წარუმატებელი სტარტის მიზეზი. გუნდის ამოცანა მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ამისთვის მეც ყველაფერს გავაკეთებ.

- ნომერი უკვე აირჩიეთ? გავრცელდა ინფორმაცია, რომ 36-ნომრიანი მაისურით ითამაშებთ...
- არა, ჯერ არ ამიღია ნომერი. ჩემი საყვარელი ნომერი - 11 დაკავებულია. აქედან გამომდინარე, ალბათ 55-ს ავიღებ იმ სკოლის საპატივცემულოდ, სადაც გავიზარდე.

- რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რამაც "დუისბურგში" გადასვლა გადაგაწყვეტინათ?
- აქ გადმოსვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მქონდეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და უფრო მეტად გამოვადგე ჩემს ქვეყანას, საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია. გერმანიის მეორე ბუნდესლიგა ტრამპლინისთვის ჩინებული ადგილია. მინდა, იმ დონეზე ვითამაშო ფეხბურთი, იმ დონეზე დავბრუნდე, როგორზეც "ბარსელონაში" ყოფნის დროს ვიყავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გვარდიოლამ, რომ ისწავლა გერმანული, მაგიტომაა როგორც ჩანს, შენზე ნაკლები ბიჭი.სისხლში გამჯდარმა არაპროფესიონალიზმმა დაგღუპა უკვე!
ლევანი
15:50 28-09-2015
0
გაიხარე გიორგი, სულ წარმატებები გქონოდეს სპორტულ სარბიელზეც და პირად ცხოვრებაშიც. ყველაფერი წინაა, მთავარია მონდომება.
gizog
16:05 28-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული