ლუკა გუგეშაშვილი: მადლობა "დინამოს", "იაგელონიაში" დიდი გამოწვევა მელოდება!

AutoSharing Option
საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მეკარე, 16 წლის ლუკა გუგეშაშვილი, ვინც მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე მოხვდა თბილისის "დინამოს" განაცხადში, ამიერიდან პოლონური "იაგელონიას" კარს დაიცავს.

როგორც თავად ლუკამ გვითხრა, ეს ტრანსფერი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ გუგეშაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაში. გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური რომ მოიპოვა, ამაში გუგეშაშვილის დამსახურებაცაა. ის მეორე მეკარე იყო ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრებში...

- როგორც ვიცით, თქვენს კარიერაში სიახლეებია...
- დიახ, 99 პროცენტით გადაწყვეტილია ჩემი ტრანსფერი პოლონურ "იაგელონიაში".
100 პროცენტს იმიტომ არ ვამბობ, რომ წინ სამედიცინო შემოწმებაა.

- როდის და საიდან გაუჩნდა თქვენ მიმართ ინტერესი პოლონურ კლუბს?
- გეხსომებათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თავის დროზე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე რომ ითამაშა. სწორედ ამ დროიდან აკვირდებიან ჩემს თამაშს "იაგელონიას" სელექციონერები.

- კონტრაქტის პირობები როგორია?
- სამწლიან ხელშეკრულებაზე შევთანხმდით. პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ და იქვე ვითამაშებ.

- ამ მოცემულობით, რიგით რომელი მეკარე იქნებით "იაგელონიაში"?
- ამ ეტაპზე, ალბათ, მეორე. რა თქმა უნდა, პოლონეთში სათამაშოდ მივდივარ და არა - სკამზე ჯდომისთვის. ჩემი შრომით ყველაფერს შევძლებ, ამის მჯერა. შრომამ მომიყვანა აქამდე. ეს რომ არა, არაფერი გამოვიდოდა.

- გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერჟი თუ გესაუბრათ?
- მთავარი მწვრთნელიც მელაპარაკა და პრეზიდენტიც. მითხრეს, რომ ჩემი ძალიან ეიმედებათ.

- "დინამოში" როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- კლუბმა გამიგო. "დინამოს" მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. იქ ყველანაირი პირობა მქონდა პროფესიული სრულყოფისთვის.

- პოლონეთში მარტო ცხოვრება არ გაგიჭირდებათ?
- ეს პრობლემა არ დგას. ოჯახიც ჩემთან ერთად მოდის პოლონეთში. მეც ისე ვარ განწყობილი, რომ ფეხბურთი და მხოლოდ ფეხბურთი! - ერთ წამსაც არ ვიფიქრებ სხვა რამეზე.

- ვინ არის დღეს "იაგელონიას" პირველი ნომერი?
- როგორც ვიცი, ეს არის ბარტეკ დრაგოვსკი, ვისი გაყიდვაც ერთ-ერთ გერმანულ კლუბში უკვე გადაწყვეტილია. ეს მეკარე ახალგაზრდაა და ძალიან პერსპექტიული. საერთოდ, "იაგელონია" ცნობილია იმით, რომ ახალგაზრდებს ძალიან ენდობიან.

- კლუბის არჩევისას, ალბათ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ "იაგელონიაში" ქართველ ფეხბურთელებს ადრეც უთამაშიათ...
- კი, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც იყო. ვიცი, რომ ამ გუნდში გიორგი ფოფხაძე და ნიკა ძალამიძე თამაშობდნენ. ისიც ვიცი, რომ ორივე მათგანი "იაგელონიას" ქომაგებს ძალიან უყვართ.

- რა წარმოდგენა გაქვთ პოლონეთის ჩემპიონატის საერთო დონეზე?
- რასაც ვატყობ, ძალიან დაძაბული ჩემპიონატია, ყველა ქულისთვის თავდაუზოგავი ბრძოლაა, იოლად ვერავინ ვერავის უგებს...

- რა მიზნები აქვს "იაგელონიას"?
- შესაძლოა, ამ დროისთვის გუნდის პოზიცია სატურნირო ცხრილში იდეალური არ იყოს, მაგრამ "იაგელონია" ამბიციური, ძალიან კარგი კლუბია. წინა ჩემპიონატში გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ლიდერებთან ჩამორჩენა კი დიდი არ არის.

- მოკლედ, ახალ გამოწვევას არ უფრთხით...
- უდიდესი მოტივაცია მაქვს. მონდომებას არ დავაკლებ და იმედია, ყველაფერი გამოვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს გუგეშაშვილი სუფთა დონარუმაა რა
nikusha
19:43 30-11-2015
0
ჩემი ცუცქნა თბილისში დარჩეს და შენ სადაც გაგეხარდება იქ გადადი :)
0

სიახლეები პოპულარული