"დუისბურგის" თავკაცი: გიორგი ჭანტურია უფრო საშინაო მატჩების კაცია

AutoSharing Option
derwesten.de მცირე სტატიას აქვეყნებს II ბუნდესლიგის აუტსაიდერ "დუისბურგის" ქართველ ფეხბურთელებზე, გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალზე, რომელთაც, როგორც თავად "დუისბურგს", მთლად კარგად არ მისდით საქმეები ამ სეზონში.

"ჯერ მხოლოდ თვეებია გასული, რაც ლაშა დვალს დიდი ვარსკვლავების წინააღმდეგ უწევდა თამაში, როგორებიც მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი არიან. ახლა მას "ზანდჰაუზენისა" და "ფრანკფურტის" ფორვარდების წინააღმდეგაც არ უწევს თამაში. ცენტრალური მცველი ჯერ კიდევ არ არის სათანადო კონდიციაში, რომ ითამაშოს", - წერს საიტი.

"ქართველ მესიდ წოდებულ გიორგი ჭანტურიას ჯერ არ მოუტანია სათანადო სარგებელი ბოლოადგილოსანი "დუისბურგისთვის". შემტევი
ნახევარმცველი, შესაძლოა, ტექნიკურად სრულყოფილია, მაგრამ ტაქტიკაში მოსამატებელი აქვს. ილია გრუევმა ის "ლაიპციგთან" მხოლოდ 45 წუთი ათამაშა, ხოლო "კაიზერსლაუტერნთან" საერთოდ არ გამოიყვანა. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ჭანტურია დაცვით ფუნქციებს აკლებს გუნდს. "ის უფრო საშინაო მატჩების ფეხბურთელია", - ამბობს გრუევი", - ვკითხულობთ იმავე საიტზე.

derwesten.de გრუევის გამონათქვამიდან ასკვნის, რომ გიორგის მომდევნო ტურში, "ბოხუმის" წინააღმდეგ ისევ მიეცემა თამაშის საშუალება. აი, დვალი კი ამ შანსისგან ჯერ შორსაა. გერმანელთა დასკვნით, ლაშა საკმაო ხანია, უკვე "დუისბურგშია", თუმცა სათანადო კუნთოვანი მასა ჯერ ვერ დაიყენა, რომ მეორე ბუნდესლიგაში უპრობლემოდ ითამაშოს.

თუმცა გრუევს ეჭვიც კი არ ეპარება დვალის შესაძლებლობებში: "მას დიდი პოტენციალი აქვს, ეს ცხადზე ცხადია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული