ლაშა დვალი: მწვრთნელი რომ ამას გეტყვის, რაღაზე უნდა ილაპარაკო?!.

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერ "დუისბურგის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, გუნდის 20 წლის მცველი ლაშა დვალი კლუბის ხელმძღვანელობასთან მივიდა და საქართველოში, კერძოდ, ოჯახში დაბრუნება ითხოვა. აი, ზუსტად ასე...

"ლაშამ გვთხოვა, რომ მისთვის საქართველოში, ოჯახში დაბრუნების უფლება მიგვეცა", - თქვა "დუისბურგის" სპორტულმა დირექტორმა ივო გრლიჩმა.

"დვალი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის მეტს მოინდომებდა და მეტსაც მიაღწევდა, მაგრამ ჩვენ დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ მან ოპტიმალურ ფორმას ვერა და ვერ მიაღწია", - ესეც გრლიჩის სიტყვებია.

რატომ და როგორ წამოვიდა
დვალი "დუისბურგიდან", სადაც გიორგი ჭანტურიაც თამაშობს? ლაშა დვალმა "ლელოსთან" გულახდილად ილაპარაკა:

"გავრცელდა რაღაც აბსურდული ინფორმაცია, რომ მე, თითქოს, "დუისბურგის" სპორტულ დირექტორთან მივედი და ვთხოვე გაშვება ოჯახში არსებული რაღაც პრობლემების გამო.

ეს არ არის სიმართლე და ამას ყველგან ვიტყვი. სიმართლე არის ის, რომ მე მართლა მივედი "დუისბურგის" სპორტულ დირექტორთან და ვთხოვე, კონტრაქტი გაეწყვიტა იმის გამო, რომ ამ გუნდში თამაშის შანსს ვიმსახურებდი და ეს შანსი არ მომეცა...

ჩემი კონტრაქტი 2016 წლის ივნისში იწურება და ვხვდებოდი, რომ აქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. მწვრთნელი მელაპარაკა. მითხრა, ძალიან მომწონს შენი სტილიო, მაგრამ ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, ვისაც შენზე დიდი ხანია ვიცნობო. შენ კი იმიტომ არ გიწევს თამაში, რომ კარგად არ გიცნობო.

მწვრთნელი რომ ამას გეტყვის, რაღაზე უნდა ილაპარაკო?!.

მეტი მიზეზი რაღაში მჭირდებოდა იმისთვის, რომ კონტრაქტი გამეწყვიტა. რაც შეეხება გრლიჩს, მან ასეთი განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ თავად არ გამოსულიყო ცუდად კლუბის პრეზიდენტთან. ასეთი განცხადებების კეთებას ის ურჩევნია, იმაზე იფიქროს, როგორ გადაარჩინოს გუნდი...

ბევრი სიცრუე დაიწერა "დუისბურგის" საიტზე. არ მოხდება ისე, რომ მე კონკურენციას ვერ გავუძლო. სამწუხაროდ, საქართველოშიც ბევრი ადამიანია, ვინც ჩასაფრებულია, ოღონდ რაღაც ცუდი გაიგონ. მერე რომ ჰკითხო, ძალიან სწყინთ საქართველოს ნაკრების წაგება და უკუსვლა...

მე, უბრალოდ, სიმართლის დაფიქსირება მინდოდა და მეტი არაფერი. არასოდეს მიყვარდა გაზეთებსა და ტელევიზორში გამოჩენა, უბრალოდ, როცა ამდენ სიცრუეს გადავაწყდი, გადავწყვიტე, სწორედაც სიმართლე მეთქვა.

ახლა თავისუფალი აგენტი ვარ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემოთავაზებებს ველოდები", - გვითხრა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ვინმე იმსახურებს საქართველოში შექებას ეს ახალგაზრდაა იმედია ემოციების გაკონტროლებასაც ისწავლის და საკუთარ ადგილსაც დაიმკვიდრებს მის მიერ არჩეულ პროფესიაში
შენი სტილი რომ გაიცნოს მწვრთნელმა მიეცი დრო და კარგი მიზეზი მომავალში
vova
18:27 23-12-2015
0
ლაშა შენს გვერდში ვართ გულშემატკივრები. ყველაფერი წინ გაქვს. წარმატებები!
georgiano
01:53 24-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული