2 იანვარს, "პაფოსისა" და "პარალიმნის" მატჩის მე-9 წუთზე ქართული ანგარიში ლევან ხმალაძემ თავური დარტყმით გახსნა და მან ორიოდე საათით დაასწრო თანამემამულე შოთა გრიგალაშვილს, რომელმაც "აია ნაპა"-"ახნასის" მატჩში მასპინძლებს გაუტანა. სხვათა შორის, რომ არა ხმალაძე, შოთა გრიგალაშვილი ზედიზედ მეორედ გახდებოდა ქართული ლეგიონის წლის პირველი გოლის ავტორი (შარშან 4 იანვარს გაიტანა).
"პაფოსი" შინ 3:3 დაუზავდა "პარალიმნის", ეს უშუალო კონკურენტთა
ელგუჯა გრიგალაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი მასპინძელთა რიგებში არ გამოჩენილან. გრიგალაშვილისა და გელაშვილის გუნდიდან წასვლაზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. აი, გია გრიგალავა კი უკვე ოფიციალურად დაშორდა "პაფოსს" და უკეთეს კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს თამაშს.
ქართველთა "ახნასმა" კი სტუმრად იძალა "აია ნაპაზე" - 3:2. ესეც აუტსაიდერთა დაპირისპირებაა. შოთა გრიგალაშვილმა 76-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა, ანუ მისი გოლი გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრაში. მან 90 წუთი ითამაშა და ჯერ პენალტი მოიპოვა, მერე კი შესანიშნავი თავური გოლი შეაგდო.
ბექა ტუღუში არ გამოჩენილა "ახნასის" რიგებში. "ახნასი" 15 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო "პაფოსი" 12 ქულით - მე-13-ზე ანუ გასავარდნ ზონაში.
"ანორთოსისა" და "ომონიას" ჯახი უკვე ლიდერთა ჯგუფის დაპირისპირებაა და ის 0:0 მორჩა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა (გააფრთხილეს) ირაკლი მაისურაძემ, გიორგი აბურჯანია, რომელიც ტოვებს "ანორთოსისს", განაცხადში არ ყოფილა, "ომონიას" ერთადერთ ქართველ უჩა ლობჟანიძეს კი გუნდი ახლახან დაშორდა.
საფრანგეთის 1/32 ფინალში ჯაბა კანკავას "რეიმსი" "შამბლისთან" 1:4 შერცხვა და გათამაშებას დაემშვიდობა. ჯაბა სასტარტოში იყო.