გიორგი ამბობდა, რომ ბოლო მოლაპარაკება მხოლოდ ერთ საკითხზე მიმდინარეობდა - "ხიმნასტიკი" ფამაგუსტურ კლუბს 100 ათას ევროს გადაუხდიდა თუ 150 ათასს. ცნობილმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" აბურჯანიას ტრანსფერის ღირებულებად 150 ათასი ევრო გამოაცხადა.
"ქართველი გიორგი აბურჯანია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ხიმნასტიკის" პირველი შენაძენია. ახლა მხოლოდ მცირე ფორმალობაა დარჩენილი და ქართველი ახალ გუნდში ითამაშებს.
ჩვენი ინფორმაციით, გიორგი უკვე კლუბთან ვარჯიშობს, ესპანელები კი მის განაცხადში შეყვანას აპირებენ. ტრანსფერის განხორციელებისთვის დარჩენილ ფორმალობას რაც შეეხება - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში "ანორთოსისიდან" ქართველი ლეგიონერის სატრანსფერო ფურცელს ელიან და საბოლოო წერტილიც ამის მერე დაისმება.
აბურჯანიას ტარაგონაში ძალიან თბილად დახვდა თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ჩისკო მუნიოსი. მან ქართველი თანაგუნდელებს გააცნო. სხვათა შორის, ჩისკო აბურჯანიას ტრანსფერში რეკომენდაციითაც შეეწია.
აბურჯანია ვასილ მაისურაძის იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომელმაც სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გიორგის გარდა, ამ გუნდიდან ევროპაში 4 მოთამაშე წავიდა - "დუისბურგში" იყო მცველი ლაშა დვალი, მაგრამ მისი შემდგომი ნავსაყუდელი უცნობია...
ბუნდესლიგურ "ვერდერშია" შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც მთავარ შემადგენლობაში გადაიყვანეს და ზამთრის შეკრებაზე გადაწყდება, დატოვებენ თუ არა ბრემენული კლუბის ძირითად გუნდში...
საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ ნორვეგიული ელიტესერიის (უმაღლესი ლიგა) "სტაბეკის" სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი...
უკრაინის პრემიერლიგის "სევასტოპოლში" იყო თავდამსხმელი დავით დარციმელია, რომელიც 2014 წელს "სევასტოპოლიდან" უნგრულ "ნირედიაზა სპარტაკუსში" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ის არც ერთ კლუბში აღარ ირიცხება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"