იმ დღეს პირველად ვნახე თინეიჯერი თორნიკე ოქრიაშვილი. მგონი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭი. მახსოვს, იმ დღეს აუტანლად ციოდა და ადგილ-ადგილ წვიმასაც გამოურევდა ხოლმე. ციოდა, მაგრამ იმ ბიჭის თამაშმა გული გაათბო. მხოლოდ ჩემი გული არ გამთბარა იმ
თამაშს ჩემ გვერდით რამდენიმე ბევრისმნახველი ბიძა უცქერდა. მატჩის დაწყებამდე ის ბიძები ადგილ-ადგილ მსუბუქი ირონიით, ხშირად კი დანანებით საუბრობდნენ ქართული ფეხბურთის მაშინდელობაზე, რომელიც, ჩემი პირადი აზრით, დღევანდელობაზე უკეთესი იყო. ჩანდა, დროს კლავდნენ ან რაღაც ასეთი...
დაიწყო თამაში და ეს დინჯი კაცები პატარა ბიჭმა ადგილიდან რამდენჯერმე წამოახტუნა. ერთხელ და ორჯერ მისი კარგი თამაში შემთხვევითობა მეგონა. რომ აღარ გაჩერდა, რომ აღარ მოისვენა, ასაკით გაცილებით უფროს მეტოქეებს თავბედი არაერთხელ რომ აწყევლინა, ჩემს ახლო მეგობარს, "გაგრის" ცოცხალ მემატიანე მიშა აფხაზავას ვკითხე - ვინ არის ეს ბიჭი, ამის სანახავად აწი სულ ვივლი თქვენს თამაშებზე, ეს რა მაგარი ვინმეა-მეთქი?!
"თორნიკე ოქრიაშვილია. მაგარი ბიჭია. ეს კიდევ არაფერია. დააკვირდი, ბევრი შეუძლია", - მითხრა მაშინ აფხაზავამ, ვინც ფეხბურთელის საქებარ სიტყვებს ჰაერზე არასოდეს ისროდა. ეს უკვე დიდი ხანია, ვიცოდი და ინტერესი იმ ბიჭის მიმართ კიდევ უფრო გამიცხოველდა.
ის დღე მართლაც ოქრიაშვილისა იყო - თორნიკეს დღე. იმ დღეს ოქრიაშვილმა გააკეთა ყველაფერი და კიდევ მეტი, რაც შეიძლება ერთმა ფეხბურთელმა ერთ კონკრეტულ მატჩში გააკეთოს. მთელი მატჩის განმავლობაში კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა მოწინააღმდეგეს და როცა ეს გაუთავებელი და ძალიან ხშირად უნაყოფო დევნა დასრულდა, ვიგრძენი, რომ ტაშის დაკვრისგან ხელისგულები მეწვოდა.
ეგაა, იმ მაგარ ბიჭს ძალიან ხშირად მაგარი ემოციაც ემჩნეოდა, თუმცა ეს იქვე ავხსენი. მანამდეც და მერეც ძალიან იშვიათად მინახავს, საქართველოს ჩემპიონატში რომელიმე ფეხბურთელს ამდენი მოხვედროდეს ფეხებში.
ის კი მომეწონა, რომ ეს ემოციური და სპორტული თვალსაზრისით ძალიან თავხედი ბიჭი ფეხბურთის უზომო სიყვარულით იწვოდა. ის სიამოვნებას იღებდა ყოველი წუთით და როცა ფეხბურთისგან ამხელა სიამოვნებას იღებ, არ შეიძლება, ბევრი რამ არ გამოგივიდეს.
თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა მაშინ, როცა ჩვენ ძალიან გვენატრებოდა გამოკვეთილი ინდივიდუალისტები. ჩემს თაობას ფეხბურთში ბევრი არ უნახავს. ჩვენ ვერ მოვესწარით დავით ყიფიანს, საშა ჩივაძეს, რამაზ შენგელიას თუ 70-80-იანების სხვა გოლიათებს, თუმცა ჩემი თაობა ბედნიერია, რომ გაიზარდა გიო ქინქლაძის, შოთას, აჩის, გოჩა ჯამარაულის, მოგვიანებით მალხაზ ასათიანისა თუ სხვათა ფეხბურთზე. ჩემს თაობას ძალიან უყვარს გამოკვეთილი ინდივიდუალისტები და ცხოვრება კი, სამწუხაროდ, იმ ეპოქაში უწევს, სადაც ბევრი ფეხბურთელი ინკუბატორის წიწილებივით ჰგავს ერთმანეთს...
* * *
ოქრიაშვილის კარიერა თავისი გზით წავიდა. მან თავისი შანსი ვერ გამოიყენა დონეცკის "შახტარში". სულაც არ მიმაჩნია, რომ თორნიკე ნაკლებად ნიჭიერია, ვიდრე უკრაინული კლუბის უამრავი ყოფილი თუ ახლანდელი ბრაზილიელი. ასე მგონია, აღმოსავლეთევროპულ გრანდში მან საქმეს რაღაც დააკლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის "შახტარის" ძირითად გუნდში დამკვიდრდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქრიაშვილი, დიდი ალბათობით, მოჰყვებოდა "შახტარის" მიერ აგორებულ ბოლო სატრანსფერო ტალღაში და, ვინძლო, დღეს რომელიმე გრანდის ფეხბურთელიც კი ყოფილიყო...
"ილიჩევეცსა" და "ჩერნომორეცში" გატარებულ პერიოდებს, თქვენის ნებართვით, სათვალავში არ ჩავაგდებ. ეს ის კლუბები არ არის, რომლებიც ოქრიაშვილის ნიჭსა და გაქანებას შეესაბამება. კვირაში ერთხელაც რომ ევარჯიშა, თორნიკე ცარიელი ნიჭის ხარჯზე "გაქაჩავდა" საშუალო უკრაინული კლუბების ლიდერობას...
მერე იყო ბელგიური "გენკი". ჩემპიონატი, სადაც უყვართ შეტევა და ტექნიკა. ჩემპიონატი და ლიგა, სადაც თორნიკე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნაღდად უნდა ყოფილიყო. არადა, ოქრიაშვილს გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა. არადა, იქიდან მას გაცილებით სოლიდურ ევროპულ კლუბში გადასვლა ვუწინასწარმეტყველეთ...
რატომ არ აღმოჩნდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი მზად ევროპული გამოწვევებისთვის? "გენკში" მისი მუდმივი თანამგზავრი იყო სკანდალები, რაზეც ახლა სიტყვას აღარ გავაგრძელებ... სკანდალები და ფეხბურთი ერთმანეთთან არ მეგობრობენ.
ოქრიაშვილი გაანათხოვრეს თურქული სუპერლიგის აუტსაიდერ "ესქიშეჰირში", სადაც ის ასევე ვერ თამაშობს ხშირად და ეს უკვე ძალიან სამწუხაროა.
ოქრიაშვილს პირადად არ ვიცნობ. აქედან გამომდინარე, მასზე მსჯელობა მხოლოდ ნანახით შემიძლია. რატომღაც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის მატჩებს მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან კატეგორიებად ყოფს.
მე მისი ყველა თამაში მინახავს საქართველოს ნაკრებში. რა თქმა უნდა, ყოფილა კარგი და ცუდი თამაშები, მაგრამ მე მოუნდომებელ, "სულერთია" ოქრიაშვილს ნამდვილად ვერ ვიხსენებ.
თორნიკემ კლუბში ყველა შეხვედრა ერთნაირი მოტივაციით უნდა ითამაშოს. დღეს სხვანაირად ევროპულ ფეხბურთში ვერ დამკვიდრდები. არ აქვს მნიშვნელობა, "ესქიშეჰირი" "გალათასარაის" ეთამაშება თუ "მერსინს", ის აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
მერე ეს "ესქიშეჰირიც" სხვა თემაა. იქ ფეხბურთელის პროგრესი რთულია. თურქულ საშუალო და სუსტ გუნდებში ხშირად მიდიან ბევრისმნახველი ლეგიონერები, მაგრამ იმ ლეგიონერებს თავიანთი სათამაშო ფეხბურთი უკვე ნათამაშები აქვთ. თორნიკემ კი კიდევ უნდა ითამაშოს.
რატომღაც მგონია ისიც, რომ ოქრიაშვილმა საკლუბო ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება შეწყვიტა.
ფაქტია, სიტუაცია უნდა შეიცვალოს, თორემ ნიჭიც ხელიდან გვეცლება და ბიჭიც. თორნიკე ოქრიაშვილის ნიჭი და მისი ფეხბურთი კი მხოლოდ მისი არ არის, ის ეკუთვნის საქართველოს, ეკუთვნის იმ გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მიდის მის სანახავად...
ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს. მართალია, მას არ ვიცნობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის არ არის ეგოისტი. ბიჭი ნიჭს უნდა გაუფრთხილდეს. მხოლოდ ეს არის გამოსავალი...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
აი აქ მაგრად შეცდა ავტორი. თვითონაც ესე რო ფიქრობდა მაგიტომაცაა ეხლა ესეთ დღეში.
ალბათ ისიც ასე ფიქრობდა და შედეგიც სახეზეა.