ლეგიონის უქმეები: კახა ცხადაძემ თეთრაძეს აჯობა და არველაძეზე ფიქრობს

AutoSharing Option
ყაზახეთში უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის "ქაირათმა" შინ ომარ თეთრაძის "ტობოლი" 3:2 დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველად აღზევდა მე-2 ადგილზე.

"ქაირათი", რომელსაც 40 ქულა აქვს, ლიდერ "ასტანას" 10 ქულით ჩამორჩება. თეთრაძის "ტობოლი" კი 25 ქულით მე-6 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ცხადაძეს მორიგი დაპირისპირება ისევ თანამემამულის გაწვრთნილ გუნდთან უწევს. ევროპალიგის  საკვალიფიკაციო ეტაპზე "ქაირათი" შოთა არველაძის "მაკაბისთან" პირველ მატჩს შინ, 14 ივლისს ჩაატარებს.

ყაზახეთშივე, შოთა გრიგალაშვილის "ირტიში" სტუმრად 0:1 დამარცხდა "თარაზთან". ქართველმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი ითამაშა.

გოგიტა გოგუასა და ოთარ
მარცვალაძის
"ორდაბასი" სტუმრად ყარაღანდის "შახტიორს" დაუზავდა - 0:0. გოგუამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო მარცვალაძე მე-60 წუთზე შეცვალეს. ქართველების "ორდაბასი" 32 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო "ირტიში" 38 ქულით - მესამე.

* * *
ნორვეგიის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ლილესტრიომს". ქართველი ნახევარმცველი 83-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
ბელორუსის თასის 1/16-ფინალში იმარჯვა მოზირის "სლავიამ" (სტუმრად 2:0 მინსკის "ტორპედოსთან") და შემდგომ სტადიაზე გავიდა. სტუმართაგან ერთი გოლი პაპუნა მოსემღვდლიშვილის ანგარიშზეა. მან 71-ე წუთზე გახსნა ანგარიში.

* * *
ესტონეთის ჩემპიონატის 7-გოლიან თრილერში დამარცხდა (3:4) "ფლორა", რომელიც "ინფონეტს" სტუმრობდა. დამარცხებულთა რიგებში 89-ე წუთზე შეცვალეს ზაქარია ბეგლარიშვილი. ევროთასების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი "ფლორა" ჩემპიონატშიც ცუდად ასპარეზობს - 18 ტურის მერე მხოლოდ მე-4 ადგილზეა 31 ქულით.

* * *
ფინეთის იუკონენლიგაში "კპვ კოკოლა" შინ 2:3 დამარცხდა ტპს-თან. მასპინძელთა რიგებში 77-ე წუთზე გოლი გაიტანა ირაკლი სირბილაძემ, რომელმაც ყვითელი ბარათიც მიიღო. კპვ-მ ზედიზედ 4 თამაში წააგო და ლიდერობა დათმო, ახლა სირბილაძის გუნდი 22 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა. მიმდინარე ჩემპიონატში ქართველის ანგარიშზე 4 გოლია.

გიორგი ოსიტაშვილის კტპ დღეს თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული