ლეგიონის უქმეები: ანანიძის, გვილიას და მარცვალაძის გოლები, ლიდერი შოთა [VIDEO]

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე ლამის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი განწყობით მოდის - მისი გუნდი ლიდერია, ის "სპარტაკის" ლიდერად ყალიბდება და გააქვს მნიშვნელოვანი გოლები (3 მატჩში 3 გოლი).

ამ უქმეებზე ქართველი ლეგიონერების ანგარიშზე 5 გოლია.

ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3. გიორგი აბურჯანიას დებიუტი "სევილიას" დუბლებში გადაიდო, მას "ტენერიფესთან" საგარეო მატჩში (1:1) არ უთამაშია.

არ ჩანს არც ოთარ კაკაბაძე, "ხიმნასტიკი" მის გარეშე დაუზავდა სტუმრად "უესკას".

საფრანგეთი. ნასიონალი. ამირან სანაიას (არ უთამაშია) "ლერბიე" სტუმრად "ლიონ დუშერთან" 1:2 დამარცხდა.

გერმანია. ბუნდესლიგა. ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის დებიუტი
გადაიდო, მის გარეშე მოთამაშე "ფრაიბურგმა" კი ბერლინში "ჰერტასთან" 1:2 წააგო.

II ბუნდესლიგა. აკაკი გოგიას (სათადარიგო) დრეზდენის "დინამომ" 1:0 მოუგო "ზანკტ პაულის".

იტალია. სერია A. "ემპოლის" რიგებში არ უთამაშიათ ლევან მჭედლიძესა და რომან ჭანტურიას.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წთ) "ტუტოკუოიო" სტუმრად 2:2 დაუზავდა "პრატოს".

პორტუგალია. პრიმეირა. გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" შინ 0:1 დამარცხდა მადეირას "მარიტიმუსთან". მასპინძელთა კარში კვლავ ქართველი მეკარე იდგა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. მწვრთნელმა ჰენკ ფრეიზერმა, როგორც ჩანს, ვაკო ყაზაიშვილი "შავ სიაში" შეიყვანა - "უტრეხტთან" 1:1 დასრულებულ მატჩში ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამს არ გასცილებია. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და პირველი საგოლე მომენტიც მას შეექმნა, მაგრამ მისი თავური კარის ხაზიდან გამოიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთი. პრემიერლიგა. მართალია, გიორგი ლორიას კვლავ არ გაუშვია თამაშიდან, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა - "კრილია სოვეტოვმა" შინ 0:1 წააგო "უფასთან". ლორიას პენალტის ნიშნულიდან გაუტანეს. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 6 ბალი დაუწერა, მის ვიზავის, "უფას" გოლკიპერ გიორგი შელიას კი 7 ბალი ერგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯანო ანანიძის გოლის წყალობით "სპარტაკი" ლიდერობას ინარჩუნებს. ჯანომ ზე ლუიშის ქუსლური პასის შემდეგ სტუმრად "ანჟის" მე-18 წუთზე გაუტანა. "ჩემპიონატმა" ჯანოს 6,5 ბალი დაუწერა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თითქოს, გუნდში არც ირიცხებაო, "რუბინის" ხელმძღვანელობა კვლავ იგნორირებას უკეთებს საბა კვირკველიას, რომლის გუნდიც სტუმრად "ორენბურგს" 1:1 დაუზავდა. "ურალმა" შინ ქულები გაიყო (1:1) ტულის "არსენალთან".

გიორგი ჭანტურია მასპინძელთა რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა. "ურალი" წაგებისგან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებმა ჩისამბა ლუნგუმ იხსნა.

I დივიზიონი. მამუკა კობახიძის "ნეფტეხიმიკი" შინ 1:4 განადგურდა "ყუბანთან". კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინა. პრემიერლიგა. მე-4 ადგილზე მყოფმა "დნიპრომ" მე-3 საფეხურზე მყოფ "ზორიას" 2:0 სძლია. წაგებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

ქართველთა "ჩერნომორეცმა" სტუმრად "ვოლინი" 1:0 დაამარცხა. განაცხადში არც დავით ხოჭოლავა და არც გიორგი გადრანი არ ყოფილან.

სანდრო კობახიძის
"ვორსკლამ" სენსაციურად დაამარცხა კიევის "დინამო" მისსავე მოედანზე - 2:0. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დუბლების ჩემპიონატში "შახტარმა" სტუმრად 3:0 მოუგო "სტალს". გიორგი არაბიძემ 65-ე წუთამდე ითამაშა. პირველ ტაიმში მას ორჯერ შეეძლო გატანა.

ბელორუსი. ვაკო გვილიამ "ბელშინას" გამარჯობის თქმა არ აცადა - მეორე წუთზევე გახსნა ანგარიში. ვაკომ თავისიანების მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო, მეტოქეს ბურთი აართვა და გრძელი პასით ერთი-ერთზე დატოვა თანაგუნდელი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი 63-ე წუთზე შეცვალეს, ბატე-მ კი 2:1 იმარჯვა და კვლავ დიდი უპირატესობით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პაპუნა მოსემღვდლიშვილის (სათადარიგო) "სლავია" "ვიტებსკს" სტუმრად მშვიდობიანად (1:1) დაშორდა.

ყაზახეთი. კახა ცხადაძის "ქაირათი" "ორდაბასის" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ამით ცხადაძის გუნდის 16-მატჩიანი წაუგებელი და 5-მატჩიანი მოგებათა სერია (ორივე მაჩვენებელი ჩემპიონატს ეხება) შეწყდა.

სხვათა შორის, "ორდაბასიმ" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ეს კი ოთარ მარცვალაძის წყალობით შეძლო, რომელმაც 64-ე წუთზე სტუმართა კარში გამარჯვების გოლი შორეული საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მარცვალაძემ შეუცვლელად ითამაშა, გოგიტა გოგუა კი 82-ე წუთზე გამოჩნდა "ორდაბასის" რიგებში, თუმცა გაფრთხილების მიღება მოასწრო. მარცვალაძემ ჩემპიონატში მე-2 გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"აქტობესთან" სტუმრად (0:1) თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია სათადარიგოთა სკამზე მყოფ ირტიშელ შოთა გრიგალაშვილს.

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის "რიზე" "ქარდემირთან" გასვლაზე 0:3 დამარცხდა. ქართველი ლაზური კლუბის შემადგენლობაში არ ყოფილა.

ბელგია. თასი. "ტუბიცემ" სტუმრად "ტოტუ" 4:0 გაანადგურა. ლევან შენგელიას არ უთამაშია.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალი ნაკრებში გამოძახებულთა შორის აშკარად გამონაკლისია - მისი გუნდიც კარგად თამაშობს და არც ლაშას აქვს პრობლემები - მან 90 წუთი დაჰყო "ვისლასთან" სტუმრად 5:1 მოგებულ შეხვედრაში.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ "კორონასთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებური 59-ე წუთზე შეცვალეს.

ჩეხეთი. სინოტლიგა. ზურაბ ცისკარიძემ კვლავ სათადარიგოთა სკამიდან უყურა, როგორ მოიგო მისმა "ტეპლიცემ" სტუმრად "იჰლავასთან" - 2:0.

პრაღის "სლავიაში" ტრავმის გამო ვერ თამაშობს ლევან ყენია.

დანია. სუპერლიგა. როგორც ჩანს, დავით სხირტლაძის "სილკებორგს" ძალიან გაუჭირდება ელიტაში ადგილის შენარჩუნება. ქართველი ფორვარდის გუნდი სტუმრად "რანდერსთან" 0:1 დამარცხდა და ბოლო ადგილზეა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

მათე ვაწაძე კვლავ არ ჩანს "ორჰუსის" რიგებში.

ნორვეგია. ტიპელიგა. გიორგი გოროზიას "სტაბეკი" სტუმრად "სოგნდალს" დაუზავდა - 1:1. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო.

ავსტრია. ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაიას (ტრავმა) "რაპიდი" შინ "ზალცბურგს" დაუზავდა - 0:0.

რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურმა "კუფშტაინის" რიგებში კვლავ გაიტანა, თუმცა ქართველის გუნდი სტუმრად უსკ-სთან 1:2 დამარცხდა.

ისრაელი. ლიგათ ჰაალი. არასრული ორი ტურის შემდეგ შოთა არველაძის "მაკაბი" ერთადერთი გუნდია 6 ქულით. გუშინ თელავიველებმა სტუმრად 2:1 დაამარცხეს "აშდოდი".

ფინეთი. იუკონენლიგა. ირაკლი სირბილაძის კპვ შინ 0:2 დამარცხდა გრფკ-სთან. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ, გააფრთხილეს) კტპ-მ შინ 1:4 დათმო მატჩი "ოულუსთან".

კვიპროსი. ქართველთა "ახნასის" თამაში ლარნაკას აეკ-თან გადაიდო.

ირაკლი მაისურაძის
"ერმისი" აპოელ-თან სტუმრად უშანსოდ დამარცხდა - 0:3. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

ლატვია. გიორგი დიაკვნიშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "რიგასი" სტუმრად "სპარტაკსთან" 1:2 დამარცხდა.

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წუთი) "ფლორა" გასვლაზე "კალიუს" დაუზავდა - 3:3. ჩვენებურის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.

მოლდოვა. ირაკლი ჩომახაშვილის (შესვენებაზე შეცვალეს) "უნგენიმ" შინ 2:1 მოუგო "დინამო-ავტოს".

სომხეთი. ირაკლი კვეკვესკირის "ალაშკერტი" "შირაქს" ესტუმრა და 2:2 ეთამაშა. 47-ე წუთზე სტუმართა პირველი გოლი შორეული დარტყმით ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. პირველ ტაიმში ჩვენებური გააფრთხილეს.

გიორგი ხუბუას გარეშე მოთამაშე "არარატი" შინ "პიუნიკს" 0:0 დაუზავდა. გოგიტა გოგატიშვილის გარეშე მოთამაშე "განძასარი" კი სტუმრად 1:4 დამარცხდა "ბანანცთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადავიდნენ ემპოლიდან სხვა რომელიმე კლუბში მჭედლიძე და ჭანტურია განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან ტიპები არადა ჭანტურია ნიჭიერი ბიჭია
ბაჩო
17:15 29-08-2016
0
დინამოზე დაწერეთ რა რამე!
სიმართლე
11:33 29-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული