ირაკლი შეყილაძე: ნაკრები? ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი...

AutoSharing Option
იტალიური ლეგა პრო-ს ბინადარ "ტუტოკუოიოს" ქართველი ფორვარდი, 24 წლის ირაკლი შეყილაძე შესანიშნავ ფორმაშია. ცოტა ხნის წინ "ემპოლის" ყოფილმა შემტევმა დუბლი შეუსრულა "ლუპას". იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა თამაშის მიმოხილვა ასე დაასათაურა: "ქართველი მატადორი".

შეყილაძემ ბოლო ტურშიც გაიტანა - მისი გუნდი გასვლაზე 1:2 დამარცხდა "არეცოსთან". იტალიელ ბრიგენტისა და არგენტინელ გონსალესთან ერთად შეყილაძე 4 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

დღეს ქართულ ფეხბურთში სანთლითაა საძებარი კვალიფიციური თავდამსხმელი. ამის გათვალისწინებით, შეყილაძის წინსვლა და იტალიურ ლიგაში ბომბარდირობა მხედველობიდან არამც და არამც არ უნდა გამოგვრჩეს, მით უმეტეს, ჩვენს
დღევანდელ რესპონდენტს უკვე აქვს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება და თუ ასე გააგრძელებს, "ტუტოკუოიოში" მას დიდხანს არავინ გააჩერებს. თავის დროზეც, "ემპოლიში" მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ძირითად გუნდში რამდენიმე მატჩიც ჩაატარა.

"ლელო" ირაკლის იტალიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- მოდით, უფრო ახლოს გაეცანით "ლელოს" მკითხველს. გვითხარით პირველ მწვრთნელებზე, ფეხბურთში პირველ ნაბიჯებზე...
- ფეხბურთის თამაში ზუგდიდში დავიწყე. აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი პირველი მწვრთნელები - გიორგი კალანდია, ელგუჯა ქომეთიანი, ოთარ გვიჩიანი, ბორის გუგუჩია, თუთუ როგავა და ვალერი გულორდავა. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს ფეხბურთელი ვარ. უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანებს. მათთან ყოველთვის ვალში ვიქნები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით ერთხელაც გადავუხადო მათ მადლობა.

- საქართველოში გატარებულ დროს როგორ იხსენებთ?
- ისე მოხდა, რომ საქართველოში პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არც მითამაშია. 15 წლის ვიყავი, როცა იტალიაში წამოვედი და მას შემდეგ აქ ვარ.

- თავიდანვე თავდამსხმელი იყავით?
- კი, რაც თავი მახსოვს, თავდამსხმელი ვარ. როცა მოწინააღმდეგის კარს ვუტევ, ყველაზე უკეთ სწორედ მაშინ ვგრძნობ თავს.

- ისე, საინტერესოა, როგორ მოხვდით იტალიაში?
- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან. ოთხთა ტურნირი გვქონდა იტალიაში, კერძოდ - უდინეში. საერთოდ, მაშინ ძალიან ბევრი გასვლა ჰქონდა ნაკრებს. მთავარი მწვრთნელი ჰერბერტ ცანკერი იყო. "ემპოლის" სკაუტს მოვეწონე. გელა შეყილაძეს დაუკავშირდნენ, მისი შვილი ვეგონე. გელას არც კი ვიცნობდი პირადად. ვიცოდი, საქართველოს ნაკრებში რომ იყო და ბელგიაში თამაშობდა. ასეთ სიტუაციაში გავიცანი გელა. ძალიან მიხარია, ასე რომ მოხდა. მას უდიდეს პატივს ვცემ.

- რატომ ვერ დამკვიდრდით "ემპოლიში"?
- "ემპოლიში" იმ დროს დამაწინაურეს, როცა გუნდში მართლაც ძალიან ძლიერი თავდამსხმელები თამაშობდნენ - ტავანო, მაკარონე და მჭედლიძე. თავს არ ვიქებ - კლუბის ხელმძღვანელობას პერსპექტიულ თავდამსხმელად მივაჩნდი და არც უნდოდათ ჩემი გაშვება. სულ ვგრძნობდი მათ მხარდაჭერასა და ნდობას...

მაგრამ მაკარონესა და ტავანოს ყოველ კვირას გაჰქონდათ გოლები, თან გუნდი სერია A-ში გადავიდა, რასაც მაშინ არავინ ელოდა. სერია A-ში კი ვერ მათამაშებდნენ, რადგან რანგით დაბალ ლიგაშიც არ მქონდა პრაქტიკა. შემომთავაზეს კონტრაქტის 2 წლით გაგრძელება და სერია B-ში განათხოვრება, რაზეც უარი ვთქვი. არ იყო ადვილი "ემპოლიდან" წასვლა, მაგრამ გადავწყვიტე, ყველაფერი ნულიდან დამეწყო.

- ამის შემდეგ თქვენს კარიერაში იყო "ლატინა" და "ზიუდტიროლი"...
- ამ გუნდებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ეს ის პერიოდია, როცა კონტრაქტს ვერ ვაუქმებდი "ემპოლისთან". ხუთი თვე ასე ვიყავი - მივიდოდი სტადიონზე, გავირბენდი ერთი-ორჯერ და წავიდოდი შინ... ძალიან გამიჭირდა, 5 თვის უვარჯიშებელი ვიყავი.

- სამაგიეროდ, "ტუტოკუოიოში" ერთ-ერთ ლიდერად იქეცით...
- მაშინ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კრისტიანო ლუკარელი იყო - ძალიან ცნობილი თავდამსხმელი. ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა ჩემით, როცა "ემპოლიში" ვიყავი.

- დღევანდელ კლუბზე რას იტყვით?
- ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო კლუბი. როგორც იტალიაში ეძახიან, ვიტრინაა ფეხბურთელებისთვის. "ტუტოკუოიოს" მიზანი ფეხბურთელების აღზრდა და მათი სარფიანად გაყიდვაა.

- ცხადია, უარს არ იტყოდით კარიერის უფრო მაღალ დონეზე გაგრძელებაზე...
- აქ სწორედ ამისთვის ვარ. უნდა გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და უკეთეს გუნდში წავიდე.

- თავის დროზე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გიწვევდნენ. ალბათ, ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც ოცნებობთ...
- 16 წლის ვიყავი, 17-წლამდელთა ნაკრებში რომ ვთამაშობდი და პეტარ შეგრტმა ახალგაზრდულში გამომიძახა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მენდო... რა თქმა უნდა, ვფიქრობ ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც, ისევე, როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელი. ეგ არის, რომ ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
24 წლის, ლეგა პრო-ს ვერ გაცდა, 15 წლიდან იტალიაშია, რა ნაკრები რის ნაკრები
lnzm
14:49 24-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული