29 ოქტომბერს, ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა" ჩემპიონატის ბოლო ტურში "ოკჟეტპესი" ანგარიშით 5:0 გაანადგურა, საბოლოოდ 71 ქულა დააგროვა და გაჩემპიონებულ "ასტანას" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა. "ქაირათი" გაისად ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, 5 ნოემბერს კი სტუმრად "ატირაუსთან" ყაზახეთის თასის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრას ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ცხადაძემ ყაზახური გუნდი აპრილში, ჩემპიონატის მე-4 ტურის წინ ჩაიბარა. "ქაირათს" მანამდე ორი წაგება და ერთი ფრე ჰქონდა და ადგილი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში
"ოკჟეტპესთან" თამაშის შემდეგ კახა ცხადაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
- ბოლო თამაშზე კონცენტრირება, რომლის შედეგი ჩვენთვის აღარაფერს წყვეტდა, ფეხბურთელებისთვის იოლი არ იყო, თუმცა განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაინც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, გულშემატკივრებს მატჩი მოეწონებოდათ.
- ეს ალმათიში "ქაირათის" სეზონის ბოლო შეხვედრა იყო, რას ეტყვით გულშემატკივრებს?
- ჩვენ უბრალოდ ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს, რომლებიც ყოველთვის მხარში გვიდგანან. ასეთ მატჩებში, როდესაც შედეგი არაფერს იძლევა, ქომაგზე უნდა ვიფიქროთ. პირველ რიგში, სწორედ მათთვის ვთამაშობთ და არასდროს უნდა გავაწბილოთ ისინი. ძალიან მახარებს ის, რომ აქ არცერთი ოფიციალური თამაში წაგვიგია.
- როგორ შეაფასებთ ყაზახეთის ჩემპიონატის დონეს?
- მეტოქეებს საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობდით, თუმცა უფრო მეტად საკუთარ თამაშზე ვფიქრობდით. არ გვქონია არცერთი იოლი შეხვედრა, სეზონი კი საკმაოდ დაძაბული იყო. ეს ძალიან კარგია, რადგან სწორედ ასე ვითარდება ქვეყანაში ფეხბურთი.
ყაზახეთში ძალიან მაღალი დონის ორი კლუბია - "ქაირათი" და "ასტანა" ევროპული დონის გუნდებია. ჩემპიონატი საკმაოდ კარგია და დარწმუნებული ვარ, მომავალი სეზონი კიდევ უფრო რთული იქნება.