იტალია. სერია A.
თვეზე მეტი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე, რომლის "ემპოლიც" უმნიშვნელოვანეს მატჩში სტუმრად "სასუოლოსთან" 0:3 დამარცხდა. ჩვენებური მოედანზე 58-ე წუთზე (უკვე 0:3-ზე) შევიდა.
ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" შინ "ლივორნოსთან" დამარცხდა - 0:1. ჩვენებურმა წინა ტურში ტრავმა მიიღო, გამოჯანმრთელდა, სათადარიგოთა შორისაც იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.
გერმანია. ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელი
გერმანია. II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "დინამომ" "მიუნხენთან" 0:1 წააგო. ჩვენებურმა სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. "შპორტალმა" გოგიას 3 ბალი დაუწერა, რაც საშუალო შეფასებაა, თუმცა დრეზდენელთა რიგებში მის მსგავსად მხოლოდ ერთი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს, დანარჩენებს კი უარესი ქულები დაუწერეს.
ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
ძალიან დიდხანს ველოდით გიორგი აბურჯანიას დებიუტს "სევილიას" დუბლებში და, როგორც იქნა, ის შედგა - აბურჯანია ბოლოს მინდორზე 6 თვის წინათ, ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ვნახეთ "ხეტაფეს" სტადიონზე და ბედის ირონიით, მისი დაბრუნებაც "კოლისეუმზე" შედგა - "ხეტაფემ" 2:0 მოუგო "სევილია ატლეტიკოს". ჩვენებური 75-ე წუთზე შევიდა და ორ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" სტუმრად "ოვიედოსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი განაცხადში არ ყოფილა.
საფრანგეთი. თასი.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" სტუმრად 7:0 მოუგო "ვილენუევს" და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" 3:1 აჯობა მადეირას "ნასიონალს" და ბოლო ადგილიდან წინ რამდენიმე საფეხურით გადაიწია. ქართველმა გოლკიპერმა გოლი 11-მეტრიანი დარტყმით გაუშვა.
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტე" სტუმრად 0:1 დამარცხდა "კოვა დე პიედადესთან".
ჰოლანდია. ერედივიზიე.
როგორც იქნა, დაასრულა მოუგებელი სერია "ვიტესმა", რომელმაც შინ "ზვოლეს" სძლია - 3:1. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელიას (არ უთამაშია) "ტუბიცე" შინ "ლეუვენთან" დამარცხდა - 0:2.
საბერძნეთი. სუპერლიგა.
"ვერია" "პანეთოლიკოსს" დაუზავდა - 1:1. გიორგი ნავალოვსკი განაცხადში არ ყოფილა.
რუსეთი. პრემიერლიგა.
გიორგი ჭანტურიას (ტრავმა) "ურალი" მოსკოვში ცსკა-სთან განადგურდა - 0:4.
უკრაინა. პრემიერლიგა.
სანდრო კობახიძის "ვორსკლა" შინ კიევის "დინამოს" დაუზავდა - 2:2. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
"ჩერნომორეცმა" "ვოლინს" ვერ მოუგო - 0:0. ოდესელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომელიც გააფრთხილეს.
ჯაბა ლიპარტიას "ზორია" შინ 2:3 დამარცხდა "დნიპროსთან". ჩვენებური 25-ე წუთზე შევიდა მოედანზე.
უკრაინია. დუბლები.
"შახტარის" დუბლებმა 3:0 მოუგეს "სტალს". გიორგი არაბიძე 92-ე წუთზე შეცვალეს. მან 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და თავადვე ზუსტად შეასრულა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა.
ვაკო ყაზაიშვილისა და გიორგი მერებაშვილის გუნდების დუელში (2:2) ქართველთა დაპირისპირება არ შედგა. ვაკო მხოლოდ 84-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მერებაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
ლაშა დვალის "შლიონსკი" 1:1 დაუზავდა "პოგონს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
ნიკა ძალამიძე 79-ე წუთზე გამოჩნდა "ლენჩნას" შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად "კრაკოვიასთან" 1:1 ითამაშა. "ლენჩნა" კვლავ უკანასკნელ ადგილზეა.
ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" 1:0 დაამარცხა "ზანკტ პოლტენი". ჩვენებური 65-ე წუთზე შეცვალეს.
ჩეხეთი. ლიგა 1.
ლევან ყენიას (ამ სეზონში ტრავმის გამო საერთოდ არ უთამაშია) "სლავიამ" სტუმრად "ზლინი" 4:0 გაანადგურა.
ზურაბ ცისკარიძეს არ უთამაშია "ტეპლიცეს" შემადგენლობაში, რომელიც პრაღაში "სპარტასთან" 1:2 დამარცხდა.
ნორვეგია. ტიპელიგენი. პლეი აუტი.
ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო გიორგი გოროზიას "სტაბეკმა", რომელმაც პლეი აუტში 2:0 აჯობა "იერვს" და რადგან პირველი მატჩი 0:1 ჰქონდა წაგებული, ელიტაში დარჩა. გოროზია სათადარიგო იყო.
უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (90 წთ) "დიოშდიორი" სტუმრად "ვაშაშთან" დამარცხდა - 0:3.
ისრაელი. ლიგატ ჰა'ალი.
შოთა არველაძის "მაკაბი" შინ 0:0 დაუზავდა აუტსაიდერ "აშკელონს".
"ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი უმძიმესი საღამო იყო. აქ ვიქნები, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობა არ მეტყვის, რომ გათავისუფლებული ვარ", - განაცხადა არველაძემ მატჩის მერე.
კვიპროსი. I დივიზიონი.
კვიპროსზე კვლავ შეგვახსენა თავი ნიკა კაჭარავამ, რომელმაც "არისთან" დუბლი შეასრულა, "ახნასმა" კი მისი გოლების წყალობით 2:0 იმარჯვა. მატჩის გმირი მოედნიდან 84-ე წუთზე გაიყვანეს, ნიკა ყიფიანი 76-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ილურიძე 66-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა რიგებში.
ირაკლი მაისურაძე სათადარიგო იყო, მისი "ერმისი" კი შინ აელ-თან დამარცხდა - 0:1.
აზერბაიჯანი. თასი.
ზაურ სვანაძის "ინტერი" იოლად გავიდა მეოთხედფინალში. ბაქოელებმა "ლოკბატანს" 5:1 მოუგეს. გამარჯვებულთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო ზურაბ ხიზანიშვილი.
გაუჭირდა ნიკა კვეკვესკირის "გაბალას", რომელმაც "ზაქათალასთან" 2:2 ითამაშა და მეტოქეს მხოლოდ პენალტების სერიაში აჯობა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო.
დავით ჯანელიძე აზალ-ის შემადგენლობაში შეცვლაზე შევიდა და მე-80 და 85-ე წუთებზე გოლები გაიტანა. ქართველის გუნდმა 4:0 აჯობა "რავანს" და ასევე მეოთხედფინალშია.
კვეკვესკირის გუნდი ჯანელიძისა და კვირტიას აზალ-ს ხვდება, ხოლო სვანაძის "ინტერის" მეტოქე მეოთხედფინალში "ქიაფაზია".
სომხეთი. პრემიერლიგა.
სომხეთში ერთი ლეგიონერით ნაკლები გვყავს - "განძასარის" რიგები დატოვა გოგიტა გოგატიშვილმა. მასთან კონტრაქტი გაწყდა. ამ სეზონში ქართველმა 13 თამაშში 1 გოლი გაიტანა. სულ კი "განძასარის" მაისურით ორ სეზონში ჩვენებურმა 4 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.
ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "ალაშკერტი" შინ "პიუნიკს" დაუზავდა - 0:0.
დღეს
დანიაში დავით სხირტლაძის "სილკებორგი" "სონდერისკეს" მასპინძლობს. ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩია რუსეთის პრემიერლიგაში - თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვს" დაუხვდება, ხოლო ჯანო ანანიძის "სპარტაკი" საბა კვირკველიას "რუბინს" მიიღებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"