[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?

AutoSharing Option
სტაჟიანი ქომაგი მიჩვეულია, რომ ბევრი ჩვენი სახელოვანი ვეტერანი ფეხბურთელის დაბადების დღე ახალი წლის დასაწყისს ემთხვევა ხოლმე, ამჯერად კი "მრგვალი" თარიღებიც მიეწყო ერთმანეთს. დღეს ქვეყანა ისეთი რიტმით ცხოვრობს, რომ ფეხბურთისთვის არავის სცალია. ეს თარიღები კი, განსაკუთრებული და საფრთხილო, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა...

შესავალშივე უნდა დავწერო - რა თქმა უნდა, არ ვარგა მხოლოდ წარსულით ცხოვრება, მაგრამ არც ის ვარგა, რომ წარსული დავივიწყოთ. როგორ არის ამ მხრივ ნაღდ ევროპაში? იქ წარსული ახსოვთ და აფასებენ, ოღონდ მხოლოდ მისით არ ცხოვრობენ.

ჩვენ კი ქართული ფეხბურთი
ძირითადად სუფრაზე გვახსოვს და ისიც - ხანდახან. მხოლოდ წარსული დიდების ეპიზოდური გახსენებით ვართ დაკავებულები და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ფეხბურთის მომავალი, სულ მცირე, ისეთივე იყოს, როგორი წარსულიც გვქონდა...

...რამაზ შენგელია, გივი ნოდია, ნოდარ ახალკაცი, ფირუზ კანთელაძე, მურთაზ ხურცილავა, ვიტალი დარასელია - ეს იმ ლეგენდების ჩამონათვალია, რომელთაც ცოტა ხნის წინ ჰქონდათ იუბილე. ამ ლეგენდებიდან ზოგი ჩვენ შორისაა, ზოგიც აღარ არის, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი...

მთავარი ის არის, რომ თუნდაც საახალწლო დღეების ფონზე მეტი ყურადღება გვმართებდა ამ მოვლენის მიმართ. არ ვიცი, შეიძლება გამომეპარა, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ მინახავს, ვინმეს აღენიშნოს ეს თარიღები და თუ ვცდები, ეს მხოლოდ გამახარებს. აქ არ ვგულისხმობ იმ ქართული კლუბის საიტს, რომელშიც ეს ლეგენდები თამაშობდნენ...

ვიტალი დარასელიას დაბადების დღეზე ერთი რიგითი ქართველი გულშემატკივარი შემეხმიანა. ძალიან გაბრაზებული იყო ის კაცი. მეო, ჰყვებოდა ემოციურად, თბილისის "დინამოს" თამაშებზე ყველგან დავდიოდი და ჩვენთვის ეს ბიჭები გმირები იყვნენ, ვიტალისა და სხვების საიუბილეო თარიღები კი არავის ახსენდებაო...

ორი წლის წინ, შემთხვევით, აზერბაიჯანული არხი ჩავრთე ჩემს ტელევიზორში და აღმოჩნდა, რომ ვიტალიზე კაი გვარიანი გადაცემა მოუმზადებიათო, ამ თარიღების აღნიშვნა რა გახდაო, მილიონ უაზრობაში იხარჯება ფულიო...

მოკლედ, ბრაზობდა ის კაცი.

რა თქმა უნდა, დღეს ქართული ფეხბურთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს წარსულზე უფრო ჩვენი მომავალი გვაღელვებს და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ წარსულის დავიწყება რომ არ შეიძლება, ამას თავის დროზე დიდი ილიაც გვეუბნებოდა...

* * *
მალე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ზამთრის მასტერსს" შემოგვთავაზებს და, ამასთან ერთად, ვეტერანთა ტურნირითაც გაგვანებივრებს, რომელზეც რამდენიმე ცნობილ სახეს ვიხილავთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია.

კარგია ის, რომ ზამთრის ფეხბურთის, ანუ ეგრეთ წოდებული დარბაზის ფეხბურთის ტრადიცია შემოდის საქართველოში. ლევან კობიაშვილს მოსწონს გერმანული მოდელი და ეს ამ მოდელის ნაწილია. გუნდები ითამაშებენ, ტონუსში მოვლენ და მაყურებელიც გაერთობა.

კარგია ვეტერან ვარსკვლავთა ტურნირიც. მაგალითად, ჩემს ბავშვობაში უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი, საქართველოში ჩემი კერპები რომ მენახა, მაგრამ მაშინ ამის საშუალება კი არა, ამაზე ოცნების საშუალებაც არ იყო.

და მაინც, შოუს ერთჯერადი ეფექტი აქვს და ამ ფედერაციასაც ის უნდა ვკითხოთ, რაც წინასთვის არაერთხელ გვიკითხავს: წავლენ ეს ვარსკვლავები და ჩვენ რა შეგვრჩება ხელში?

* * *
საქართველოში სატრანსფერო პერიოდი დაიწყო და ისევ იგივე სურათია: ან ქართულ გუნდებში მიდის იმ ფეხბურთელთა ჯგუფი, ყოველ ექვს თვეში ერთხელ რომ იცვლიან გუნდებს, ან არასაფეხბურთო ქვეყნების საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მიდიან.

სტაბილურობა - სანამ ამ სიტყვის მნიშვნელობას არ ვისწავლით, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს არაფერი ეშველება; სანამ არ შევიგნებთ, რომ ყოველ ექვს თვეში ახალი გუნდის აშენება ყოველგვარ საფეხბურთო ლოგიკას ეწინააღმდეგება.

* * *
ქართული ანდაზაა - შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო.

"სამი ცენტრალური მცველით თამაში პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. ამას წინათ, მაურისიო პოჩეტინომ მისივე იარაღით დაამარცხა ანტონიო კონტე. აზერბაიჯანში ამ სისტემას უფრო და უფრო ხშირად იყენებენ. ამის უკანასკნელი მაგალითი "ზირაა". 3 ცენტრალური მცველით თამაშს კი საფუძველი აზერბაიჯანში კახა ცხადაძემ ჩაუყარა.

3 ცენტრალური მცველით ჩვენთან ადრეც თამაშობდნენ, მაგრამ იმ განლაგებაში ერთი - ლიბერო იყო, ორს კი პერსონალურად უნდა დაეჭირა მოწინააღმდეგე.

სიახლე დაიწყო 2013 წლის სეზონში. გასაკვირია, მაგრამ ცხადაძის გაწვრთნილი "ინტერი" საწყისი 6 ტურიდან ხუთში დამარცხდა. ამ შედეგით ის მაშინდელი სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა. ამასთან ერთად, გუნდი ევროპალიგაზე დამარცხდა ნორვეგიულ "ტრომსოსთან". ახალწვეულებს ადაპტაციის პერიოდი ჰქონდათ. საჭირო იყო რაღაც ახლის მოფიქრება...

...და "ინტერმა" 3 ცენტრალური მცველით დაიწყო თამაში. გუნდმა გოლების გაშვებას და, შესაბამისად, მარცხს მოუკლო. ფლანგელი შემტევები თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ, რადგან მათ უკან დამზღვევი ჰყავდათ. ვაგიფ ჯავადოვსა და ალექსანდრე იაშვილს აღარ უწევდათ დიდი რაოდენობით "შავი სამუშაოს" შესრულება.

გუნდის გადაწყობამ გაჭრა. "ინტერმა" მოიგო გასვლაზე ლენქორანში, ასევე დაამარცხა საგარეო მატჩში "ბაქი", მარტში კი სულაც მასპინძელი "გაბალა" გაანადგურა - 4:1. საბოლოოდ, "ინტერმა" ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

პრინციპში, "ინტერი"დღესაც ამ სისტემით თამაშობს. "ეს სისტემური გუნდია" - უყვართ თქმა ამ კლუბის მოწინააღმდეგეებს. ეს არის განსაკუთრებული სისტემა, რომელსაც ცხადაძემ ჩაუყარა საფუძველი, მისმა შემცვლელმა ზაურ სვანაძემ კი ამ მხრივ არაფერი შეცვალა. "ინტერი" დღესაც 3-6-1 სისტემით თამაშობს. მაშინაც და ახლაც, არცთუ ყველაზე მაღალი ბიუჯეტის ფონზე, ეს გუნდი პრიზიორთა შორის ასრულებს ჩემპიონატს.

დღეს ცხადაძე წარმატებით მუშაობს ყაზახურ "ქაირათში". ის აღარ იყენებს იქ აზერბაიჯანში დანერგილ სისტემას, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრი აზერბაიჯანული გუნდი იყენებს მას", - ეს ჩვენი სიტყვები არ გეგონოთ, ამას "აზერიფუტბოლი" წერს.

ქართველებს ერთი კარგი ანდაზა გვაქვს - თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო...

* * *
როგორი იქნება საქართველოს ჩემპიონატი? ეს კითხვა აწუხებს ყველას და, მათ შორის, ჩვენც. ქართული მიდი-მოდი უკვე დაიწყო და ერთის თქმა ახლავე შეიძლება - ჩვენი პირველობის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად თუ არა, ცოტათი მაინც მოიკლებს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატი უფრო გაახალგაზრდავდება.

გასაგებია, რომ ამ გეზს მიმართავს ერთი კონკრეტული კლუბი, რომელმაც ადრეც გააკეთა ეს, მაგრამ ბევრი ვერაფერი მიიღო, მაგრამ არ გვგონია, ყველა გუნდის მასობრივმა გაახალგაზდავებამ და ძველი ფეხბურთელების "წრეზე სიარულმა" ჩემპიონატის დონე ასწიოს.

თუ ასე გაგრძელდა, გადამწყვეტი არც ის იქნება, რამდენი გუნდი ითამაშებს ჩვენს უმაღლეს ლიგაში - 10 თუ 16.

* * *
ერთი ფაქტია: ამიერიდან, ვერც ქართული გუნდების მწვრთნელები, ვერც ფეხბურთელები და ვერც გულშემატკივრები ვეღარ დავაბრალებთ ჩვენს ევროპულ წარუმატებლობას იმ გარემოებას, რომ იწყება ევროთასები და ჩვენ შესაბამის ფორმაში არ ვართ საქართველოს ჩემპიონატის (შემოდგომა-გაზაფხული) სისტემის გამო.

დიახ, შეიცვალა ჩვენი ჩემპიონატის სისტემა, მაგრამ ამით ჩვენი გუნდების ევროპული შედეგები მნიშვნელოვნად ვერ გაუმჯობესდება, თუ ყოველ ექვს თვეში ახალ-ახალი გუნდების მშენებლობა დაიწყება. მე რომ ვუყურებ, "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს ახალი გუნდის აშენება მოუწევს. აგერ, ევროასპარეზზე გასული ბათუმის "დინამოს" ორი ფეხბურთელი რუსული პრემიერლიგის "ორენბურგში" მიდის.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელის პროგრესს წინ არასოდეს არაფერი უნდა დაუდგეს, მაგრამ როდის გვეღირსება, რომ ევროთასებზე წლობით შეთამაშებული, დალაგებული გუნდებით გავიდეთ?

ძალიან, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ახალი გუნდით ევროთასებზე რამეს მიაღწიო. ჩვენ გვიკვირს აზერბაიჯანული კლუბების ევროწარმატებები და არ ვაქცევთ ყურადღებას, ვთქვათ, რამდენი ხნის განმავლობაში აშენებდა გურბან გურბანოვი "ყარაბაღს"...

* * *
ცნობა, რომელიც გვახარებს: გადაწყდა, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 32 გუნდის ნაცვლად, 48 ითამაშებს. რა თქმა უნდა, ეს გვარიანი შანსია ჩვენთვის და ჩვენსავით პატარა ქვეყნებისთვის. იმედია, შევძლებთ ოცნების ასრულებას. ამისთვის ფიფა ყველაფერს აკეთებს და მას ხელი ჩვენც უნდა შევუწყოთ.

სოციალურ ქსელში მავანმა ენამოსწრებულად იხუმრა, რომც გავიდნენ, სახლში პასპორტები დარჩებათო...

გავიდეთ და, იქნებ არც დაგვრჩეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი წერილი! ბოლომდე ვეთანხმები ავტორს რომელიც ჩემს გულში იჯდა!
retro
15:16 11-01-2017
1
32 -დან 48 გუნდი . მერე რა? ევროპის კვოტა 13-დან 16-მდე იზრდება. მოხვდება საქართველო იმ 3 გუნდში ორ ეტაპიანი შესარჩევი სისტემის გამო?......ფეხბურთის თამაშია საჭირო ბიძია, ფეხბურთის. ისე ქვეჯგუფში 2 საშინაო თამაშში ვნახავთ ევროპულ გუნდებს (ერთი ძლიერი, მეორე საშუალო).ჩვენ გავეკუთნებით სუსტებს. ხოლო ამ სისტემაში 5-6 გუნდს მაინც ვიხილავთ სეზონზე. საერთო დონის ამაღლების გარერშე არაფერიც არ გამოვა...
ლევანი
11:52 12-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული