გიორგი დემეტრაძე: ჯობს შენ გცემდნენ, ვიდრე ამ საშინელებას გვერდიდან უყურებდე

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა championat.com-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდ გიორგი დემეტრაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ რუსული საიტის ვერსიით, დემეტრაძე საუკეთესო ქართველი ლეგიონერია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე რუსეთის ჩემპიონატში უთამაშია.

- ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

- უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც ციხიდან გაგათავისუფლეს. ახლა რითი ხარ დაკავებული?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერად ვმუშაობ. რასაც დამავალებენ, იმას ვაკეთებ.

წელს ჩვენს ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობს და 4 წრე იქნება. სახელმწიფო კლუბებს თანხას აძლევს - რაც უფრო მაღლა
იქნები სატურნირო ცხრილში, მით უფრო დიდი შემოსავალი გექნება. ვნახოთ, რა გამოვა.

- საქართველოში ყოფნისას ვნახე, რომ მობილურ ოპერატორებსა და ბანკებს რეკლამას მორაგბეები უკეთებენ...
- ალბათ ხედავთ, მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რა დონეზე თამაშობს. ერთხელ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდეთ, სპონსორები ჩვენც გვეყოლება.

- იქ მოხვედრა არც თქვენს თაობას გამოუვიდა.
- ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც კი ოდესმე მსმენია, სწორედ ესაა - რატომ არ გამოგივიდათ? ყოველთვის ცოტა გვაკლდებოდა. არადა, კარგი მწვრთნელები გვყავდა და ფეხბურთელებსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო.

- რუსეთის ნაკრებისაც კი, როცა შუქი ჩაქრა.
- სხვათაშორის, მაშინ ბურთი ჩემსკენ მოდიოდა. მისი დამუშავებაც კი ვერ მოვასწარი, როცა უცებ შუქი წავიდა. უცებ, გავიფიქრე: "კიდევ კარგი, ვერავინ ნახა".

იმედი ჰქონდათ, რომ 5-10 წუთში ყველაფერი გამოსწორდებოდა და მატჩი ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა, მაგრამ, საბაოლოოდ, გადათამაშება გახდა საჭირო. მოვუგეთ ვალერი გაზაევსა და მის გუნდს. ისე, გაზაევი სად არის?

- პარლამენტშია.
- ჰოო. შეიძლება რაღაც ვთხოვო?

-კი.
- წამიყვანე თანაშემწედ. წამოსასვლელად მზად ვარ.

Sportall.Ge

- "ფეინოორდში" გაზაევმა გიპოვა?
- შესაძლოა, ვინმე სხვაც იყო, მაგრამ მოლაპარაკებებს ნამდვილად ის მართავდა. ჰოლანდიაში ძალიან პატარა, 20 წლის ასაკში წავედი. ინგლისურად ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი, ამიტომ არაფერი მესმოდა.

- ენის შესწავლა დაიწყე?
- რომელი ენის? შოკში ვიყავი. ერთხელ ამსტერდამში კლუბის მანქანით წავედი. გზაში დავიკარგე და 4-5 საათი ვერ ვხვდებოდი, რა მექნა.

ქალაქის ცენტრში დავბრუნდი, მანქანა კი აგურებიან სახლთან დავტოვე. სახლში დაბრუნებული ორ რამეს მივხვდი: მანქანა აღარ იყო და რომ მთელი ქალაქი აგურებიანი სახლივითაა.

- ჰოლანდიაში გყავს მეგობრები?
- ერთ ქართველს ვეკონტაქტებოდი, მაგრამ ის არაა ფეხბურთელი. ადგილობრივები კი უცნაურები არიან. არსად გპატიჟებენ, ვარჯიშის შემდეგ არ რჩებიან... ბალახს ჩემს დროს არავინ ეწეოდა. ლუდს კი ისე სვამდნენ, როგორც ახლა მე და თქვენ.

მისმინე, გვეყოფა ამ ჰოლანდიაზე საუბარი. შენ ის მითხარი, გაზაევი პარლამენტში წამიყვანს?

- ევროპიდან რატო წახვედი?
- მაშინ "ფეინოორდს" ბეენჰაკერი წვრთნიდა. ძალიან კარგი, პატივსაცემი პიროვნება, მაგრამ ჩემს პოზიციაზე არ მაყენებდა. წინ არგენტინელი კრუზი თამაშობდა, მე კი ამ ტრადიციული ჰოლანდიური სქემით ფლანგზე ვმოძრაობდი. ვერ მივეჩვიე ასეთ თამაშს. გოლების გატანა მინდოდა. ამიტომ კლუბს გაშვება ვთხოვე და უარი არ მითხრეს.

ბელგიასა და ჰოლანდიიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვიფიქრე: "გიორგი, ეს ხომ ოსეთია? ახლობლები, თითქმის სახლი, თბილისიდან სულ რაღაც 300 კილომეტრში" და რუსეთში წავედი. ეს გადაწყვეტილება არ მინანია - გაზაევმა ფეხბურთელად მაქცია!

- ჩემპიონატებს შორის განსხვავება დიდი იყო?
- რა თქმა უნდა, ვლადიკავკაზში ასჯერ უკეთესი იყო. როტერდამში ბაზაც კი არ გვქონდა. საშუალო ხარისხის სათადარიგოთა მოედანზე ვვარჯიშობდი და შემდეგ სახლში მივდიოდი. "ალანიაში" კი ყველაფერი მაგრად იყო. ოთახში ტელევიზორები გვქონდა, ბილიარდი, დარბაზი, აუზი, მოედნები...

მისმინე, აქ ოსები ვნახე, ამბობენ, გუნდისგან არაფერი დარჩაო. ბაზაც კი გაანადგურესო.

- მართალია.

- საშინელებაა.

Sportall.Ge

- ხელფასის სახით რამდენს იღებდი?
- საიდუმლოა. ვიტყვი, რომ თბილისში სახლში შევიძინე, მაგრამ მოლოდინები ხომ გავამართლე?! პირველივე მატჩში გოლი გავიტანე, მერე კიდევ და კიდევ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, თასი მოვიპოვე და სამ მილიონადაც გამყიდეს. იმ დროისთვის ეს დიდი ფული იყო. ასე რომ, ჩემგან ხეირი ნამდვილად იყო, კარგი ლეგიონერი ვიყავი.

- კიევის "დინამომ" გიყიდა, რომელსაც ჯერ კიდევ ლობანოვსკი წვრთნიდა. როგორი იყო ის?
- საუკეთესო. ლამის პირველივე ვარჯიშზე მოვკვდი, მაგრამ ავიტანე. ადამიანი ცხოველია, ის ყველაფერს ეჩვევა.

- თუ ლობანოვსკისთან პირად ურთირთობაზე ვისაუბრებთ, რომელ მომენტს გაიხსენებდი?
- ჩემს დაბადების დღეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ანდერლეხტთან" დუბლი გავიფორმე. ლობანოვსკი პირისპირ იშვიათად თუ ესაუბრებოდა ვინმეს, მაშინ კი მოვიდა და მითხრა: "მხოლოდ დღესასწაულებზე არ უნდა იტანო". ამიტომ უკეთ უნდა მეთამაშა. ეს ყველაფერი შემდეგ იმდენად კარგად გამომივიდა, რომ ესპანეთში გავემგზავრე.

- ამბობენ, "დინამოდან" ადრე იმიტომ წახვედი, რომ დაცვაში მუშაობა არ გინდოდა.
- კიევში მართლა ასე იყო - ყველა ფეხბურთელი, მათ შორის ფორვარდიც, დაცვაზეც ზრუნავდა, მაგრამ ამის გამო არ წავსულვარ. "სოსიედადმა" კლუბს ჩემს სანაცვლოდ 5 მილიონზე მეტი შესთავაზა.

ჯერ ერთი, ჩემზე კლუბმა ფული გამოიმუშავა, მეორეც - ლა ლიგა ჩემი ოცნება იყო, უნდა წავსულიყავი.

- მოგეწონა?
- არც ისე. არაევროპელებს ლეგიონერებად გვთვლიდნენ, ამიტომ ორმაგი კონკურენცია იყო. თანაც, მუხლის ტრავმა მივიღე და შვიდი თვე გამიცდა. დავბრუნდი, ჯონ ტოშაკი კი მეუბნება: "ახალი გუნდი მოძებნე". "სევილიასთან" მატჩში მათამაშა, გოლი გავიტანე, მაგრამ ისევ სათადარიგოთა სკამზე დამსვა.

ახლა მესმის, რომ უბრალოდ, თავისიანების მოყვანა სურდა კლუბში და ამიტომ არ მოვწონდი.

- "სოსიედადში" ვალერი კარპინთან და დმიტრი ხოხლოვთან ერთად თამაშობდი.
- დიმა ძალიან კარგი ადამიანია. მასთან ვმეგობრობდი, ყოველთვის მეხმარებოდა, სახლში მპატიჟებდა. კარპინი მოგვიანებით მოვიდა, მაგრამ ის სხვაა. ახლა სად არის?

- ტელევიზიაში. უფროსიცაა და წამყვანიც.
- აი, თან უფროსობა და თან მოყოლა კი მართლა მისი საქმეა. ის მაშინ ესპანელებს ემეგობრებოდა, ლიდერად სწრაფად იქცა, მე კი "ლოკომოტივშიში" წავედი.

- იქ არ გამოგივიდა.
- ყველაფერი ტრავმის ბრალია, მაგრამ სიომინი კეთილი ადამიანია. არ მინდა იმ დროის გახსენება, სჯობს დონეცკზე ვისაუბროთ.

"მეტალურგი" ჩემი საუკეთესო გუნდი იყო. "შახტარისა" და "დინამოს" გარდა ყველას ვუგებდით. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, გუნდმა კი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა.

- როცა დონეცკში იაია ტურე ჩამოვიდა, მაშინ მიხვდი, როგორი ფეხბურთელი იყო?
- პირველივე ვარჯიშზე მივხვდით, რომ მას დიდი მომავალი აქვს. ის ზრდილობიანი ბიჭია, ბევრს მუშაობდა და დღითიდღე უმატებდა. ფეხბურთელის მოტყუებაც იცოდა, დარტყმაც და პასიც. რა თქმა უნდა, მაშინ "ბარსელონაზე" არ გვიფიქრია, მაგრამ მისი ნიჭი ჩანდა.

- "მეტალურგის" შემდეგ ერთ წელზე მეტი არსად გაჩერებულხარ. "ალანიაში", "მაკაბიში", "ბაქოში" იყავი.
- და კვიპროსშიც წავიდოდი, იქ მელოდნენ. შესანიშავ ფორმაში ვიყავი და რამდენიმე წელს ნამდვილად ვითამაშებდი. გადასასვლელად ვემზადებოდი, დილას ვივარჯიშე, შემდეგ მეგობართან შესახვედრად წავედი და... ციხეში აღმოვჩნდი.

Sportall.Ge

- ეს როგორ მოხდა?
- ერთ ადგილას მივედი და 30-მდე ადამიანი მოვარდა. არავინ არაფერს მეუბნებოდა, ბრალსაც არ მიყენებდნენ. რა თქმა უნდა, ჩხუბი დავიწყე და ძალიან მაგრადაც მივიღე. სახეში, ფეხებში მირტყამდნენ. სისხლი მდიოდა. ასე მუშაობდა ჩვენთან პოლიცია.

- ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში გადანაშაულებდნენ. ეს რას ნიშნავს?
- იგივეს ვეკითხებოდი მოსამართლეს. "ქალბატონო, ექვსი წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ, რა ქურდული ტრადიციები შეიძლება მქონდეს?" მისთვის კი სულერთი იყო. საქმეებს პერანგივით კერავდნენ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

- თქვენ ხომ თანხით დაკავეს, თითქოს კოლექტორის ფუქციას ასრულებდით და კლიენტი-ბუკმეკერებისთვის ფულის ამოღებაზე მუშაობდით.
- მითხრეს, თითქოს თანხა "ქურდულ ობშიაკში" შემქონდა. კუპიურებზე კი თითების ანაბეჭდებიც არ აღმოჩნდა.

- აბა სად მიგქონდათ?
- არსად, ფული ჩამიდეს. ამის შესახებ მოსამართლესაც ვუთხარი: "შეხედეთ ჩემ ჯიბეებს - ამხელა ფული როგორ ჩაეტეოდა?" მან მიპასუხა: "ხელში გეჭირა". რა ხელში?

- აბა, რას გერჩოდნენ?
- გვარები დამისახელეს, რომელთა წინააღმდეგ გამზადებული ჩვენება უნდა მიმეცა. მაგრამ 30 წელი ვიცხოვრე პატიოსნად და დამბეზღებელი ვერაფრით გავხდებოდი.

- ზეწოლა როგორი იყო?
- ცემა და წამება ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. ციხეში პოლიციელები პატივისცემით მეპყრობოდნენ. მეკითხებოდნენ: "ეს როგორ მოგივიდა?" მაგრამ მე ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი, აი, სხვებს კი უბრალოდ, სულს ხდიდნენ.

- თქვენი თანდასწრებით?
- დიახ. აი, მიყავხარ დასაკითხად და ხედავ, როგორ სცემენ გისოსზე ხელბორკილით მიბმულ ადამიანს, სულ გასისხლიანებულს. საქართველოში უკანონობა მეფობდა, ქვეყანა წამების ადგილად იქცა. მაშინ მივხვდი, რომ ჯობს შენ გცემონ, ვიდრე ამ საშინელებას გვერდიდან უყურო.

- მაშინ კახა კალაძე გამოგესარჩლათ.
- ჩვენ მეგობრევი ვიყავით და ვართ. მაშინ ის პოლიტიკოსი გახდა და მიშას დაუპირისპირდა. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი დაკავება კახას საქმიანობისთვის ხელის შეშლასაც უკავშირდებოდა. მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ არ დავნებდებოდი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტეს. პრეზიდენტისგან სამი წინადადება მოვიდა შეწყალებაზე. უბრალოდ, საჭირო იყო თქმა: "დიახ, ვაღიარებ" და ციხის კარი გაიღებოდა.

- უარი რატომ თქვით?
- იმიტომ, რომ დამნაშავე არ ვიყავი. ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აგრძელებდნენ. ექვსი წელი მომისაჯეს, კამერიდან კამერაში დავყავდი, სამუდამო პატიმრებთანაც მამყოფეს. ეს მართლა საშინელი დრო იყო... მაგრამ 2,5 წლის შემდეგ სააკაშვილმა თავად შემიმცირა ვადა.

- მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ეს გადარეული, ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც მთელი ერი, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, ციხეში ჩასვა. იმხანად მთელ ევროპაში ყველაზე ბევრი პატიმარი ჩვენთან იყო. უბრალოდ, დააკვირდით მიშას: როგორ ლაპარაკობს, ჭამს, დადის - იმედი მაქვს, უკრაინაში კარგ ექიმს გამოუძებნიან. საქართველოში კი ალბათ ვერასდროს დაბრუნდება, რადგან სერიოზული მუხლითაა გასამართლებული...

- სამაგიეროდ, საქართველო ახლახან ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმი მიიღო.
- დღეს ყველაფერი კარგადაა. არავის იჭერენ, ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ. მიშამ რომ დარჩენილიყო, არანაირი ევროპა არ იქნებოდა. რუსეთთან კი, ჩემი აზრით მოძმე ქვეყანასთან, საერთოდ ყველანაირი ურთიერთობა დასრულდებოდა. ჩვენ არ გვჭირდება არც ომი და არც ციხეები. ადამიანებს მშვიდად ცხოვრება და ფეხბურთის თამაში სურთ.

- კვლავაც ჩივი?
- საქმე ჯერაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია. ველოდები, როდის მოიცლიან. მაგრამ მაინც კარგად ვარ, ახლახან ბავშვი შემეძინა. სამუშაო საინტერესო მაქვს. რუსეთიდან მეგობრები ჩამომივიდნენ. ასე რომ, მადლობა, თქვენ კი ზაზა გელით...

საიტი ზაზა ჯანაშიასთან ინტერვიუ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
მკითხველის კომენტარები / 28 /
პიროვნულად არ ვიცი ვინა და რააა, მაგრამ მოძმეს როგორ უწოდებს ერს რომელმაც მისი ხელა ბიჭები ათასობით ჩააწვინა მიწაში. : ) სად იყვნენ ის მოძმეები როცა საქართველოს ბომბავდა მათი სირბელადი ? რატომ მაშინ არ ამოიღეს ხმა რატომ ბომბავ ჩვენს მოძმეებსო : ) დემეს ... თამაშიც სპორტი გონიაა და ჯობიაა ისევ იმ სპორტს მიხედოს სადაც ქონდა რაღაც მიღწევა , თორემ პოლიტიკაში ნამდვილად 0-ია ეტყობა : ) მიშა რომ ... და ... ფაქტია , მაგრამ მიშაზე .... რომ ძმას უწოდებ არც შენ ხარ მიშაზე ნაკლები : )
ნიკა
01 აპრილი 2017 14:21
0
როცა ეს კაცი ციხეში ჩასვეს უსამართლოდ , მაშინ რატომ არ იღებდით ხმას, რატომ არ იცავდით, ახლა მაგრები ხართ ხომ აქ რომ ლანძღავთ, იცით რომ შეგრჩებათ, მიშას ფანებს სამართალი არ გესმით, კაცის ტრაგედიას კითხულობთ მხოლოდ იმიტომ,რომ მერე ლანძღოთ, ფეხებზე გკიდიათ, ადამიანის ბედ
თეა
01 აპრილი 2017 11:37
0
auuu am mozvelbiho mazavshikebma xoo tvini caigess raa..kidev ras mouyvebi sayvarelo bihuna rusul televiziebs?))
halagaji
01 აპრილი 2017 10:01
0
დემე,გაიხარე,მაგარი კაცი ხარ!
dima
01 აპრილი 2017 02:30
0
ამდენი ყველი სად , შეიყარეთ ? რა კომენტარებს აკეთებთ , რა პოლიტიკას სთხოვთ, ვის ინტელექტს აკრიტიკებთ ? ჭორაობთ აქ აბდა-უბდას..
gerd miuleri
01 აპრილი 2017 02:25
0
კალაძე დახმარებია.ტოტალიზატორებთანკავში და შავ სამყაროსთან კავშირები დამაბრალესო...კახაბერმაჩვენ ორი გოლი რომ გაგვიტანა სადღაც [ მგონი ოკეანიაში] ვიღაცამ ტოტალიზატორში მილიონები მოიგო-საკუთარ კარში ქართველები ორ გოლს გაიტანენო.დემეტრაძეც იმდროინდელ მოვლენებში მონაწილეობაში იქნებოდა დადანაშაულებული-ასე ვფიქრობ.
jorge
31 მარტი 2017 23:11
0
ამიტომ ფეხბურთელმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს. აი ასეთ სამარცხვინო განცხადებებს კი ძალიან უნდა ერიდოს.
ლაშა
31 მარტი 2017 22:17
0
კარგი ფეხბურთელი,მაგრამ პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად ნოლი...საერთოდ არ შეეხო პოლიტიკას,ფეხბურთს მიხედე რა...
dato
31 მარტი 2017 17:10
0
დემემ "მეგობარ რუს ხალხში" ალბათ ხოხლოვი იგულისხმა მხოლოდ. აბა რა გითხრა დემე, რით გაგახარო!!! სამწუხაროდ რუსეთი, არა მარტო ახლა, ისტორიის არ ერთ პერიოდში არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო. ის მხოლოდ თავისი ინტერესებიდან მოქმედებდა. დღეს კი ყველაზე სავალალო მდგომარეობაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობში. ისტორიას ნუ მომაყოლებ თუ ძმა ხარ. ისე, კარგი იქნება თუ წიგნის თაროსთან მიხვალ (ვიმედოვნებ გაქვს) და ისტორიულ წიგნებს გადაავლებ თვალს, ურიგო არ იქნება.
nikolozi
31 მარტი 2017 16:48
0
ძალიან კარგი ადამიანიაო გამიგია
mako
31 მარტი 2017 16:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული