ეროვნული ლიგის ახალ ფორმატზე
ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი: - ვიცი, რომ ბევრი კითხვაა და მზად ვარ, ყველაფერზე ვილაპარაკო. გასული შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ეროვნული ლიგის ფორმატი და ლიგის მონაწილეთა რაოდენობა. ამ ეტაპზე, ლიგაში მდგომარეობა აშკარად შეიცვალა და დამაკმაყოფილებელია. მატჩების გაშუქება
ვისარგებლებ შემთხვევით და ამ პროექტის მხარდაჭერისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მადლობას გადავუხდი. ამ მიმართულებით პოზიტივი აშკარად არის. კლუბებს ველაპარაკეთ, სტადიონები რომ მოეწესრიგებინათ, რათა თამაშები ყურებადი ყოფილიყო...
დაგვეთანხმებით, თასის გათამაშების ახალმა მოდელმაც გაამართლა. მარტვილის "მერანის" შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ქვედა ლიგის ზოგიერთი კლუბისთვის ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა. თანაც, 1/16-ფინალიდან კლუბები ფულად პრემიებს იღებენ.
მაგრამ ეს არც თვითკმაყოფილების საფუძველია და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ამ ცვლილებით დონე საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ იმაში კი ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ პოზიტივი არის და ლიგა წლიდან წლამდე გაძლიერდება, ნელ-ნელა ჩვენი გუნდები ევროგათამაშებებში კონკურენტუნარიანები გახდებიან...
მასობრიობაზე...
- ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. უეფამ არსებული ვითარება გააანალიზა და აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის მასობრიობის მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში კატასტროფული მდგომარეობა იყო და, მათ შორის, საქართველოშიც. ჩვენი მხრიდან მასობრიობაზე ყურადღების გამახვილება ამანაც განაპირობა. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯების გამო უეფამ თბილისში სემინარი ჩაატარა...2016 წელს მოყვარულთა 250 გუნდი და 5 ათასი მოთამაშე დარეგისტრირდა. ხოლო წლეულს 45 მუნიციპალიტეტში 314 გუნდი და 8 ათასამდე ფეხბურთელი ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ მოყვარულთა გათამაშება გურიაში დაიწყო, სადაც 16 გუნდი ჩამოაყალიბეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.
ნიკა ჯღარკავა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:
- შარშან მოყვარულთა ლიგის საპილოტე პროგრამა დავიწყეთ. წლეულს კი, პირველად, 11/11 ფორმატით სრულყოფილი სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება. ესაა ფეხბურთის ბაზისი და ფედერაცია მნიშვნელოვნად ამიტომ მიიჩნევს. მიზანია, რომ მინიმუმ, თვითკმარი ბიზნესი ჩამოყალიბდეს.
ადრე ყველა სოფელში გუნდი ჰყავდათ, მერე კი ვითარება შეიცვალა და ამის კატასტროფულ შედეგებს ამიტომაც ვიღებთ. ახლა თავიდან ვცდილობთ, რომ ვითარება შევცვალოთ. მოყვარულთა ლიგის გარდა, მასობრიობისკენ გადადგმული ნაბიჯია ქალთა ლიგის ჩამოყალიბება და ფუტსალის ჩემპიონატის გაძლიერება. ზრდა აშკარად არის.
ლევან კობიაშვილი:
- ითქვა, საქართველოში ამდენი და ამდენი მოთამაშეაო, მაგრამ ზუსტი ციფრი არ არსებობდა და რეალურად არავინ უწყის, ფეხბურთს რამდენი თამაშობს. ჩვენ ახლა ამის აღრიცხვა დავიწყეთ და ივნის-ივლისში გვეცოდინება, თითოეულ სოფელში, დაბასა და რაიონში რა მდგომარეობაა, რამდენი გუნდი, მოთამაშე, მსაჯი, სტადიონი და მოედანია...
ფეხბურთის მასობრიობას ემსახურებოდა "რეგიონთა თასის" გათამაშება 13-წლამდელებს შორის. უეფას დაფინანსებით, წლეულს "რეგიონთა თასი" 14-წლამდელებშიც ჩატარდება. ამავე დროს, "კოკა-კოლას" მხარდაჭერით, ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის ახალი სეზონი მაისში დაიწყება...
დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი:
- რაიონებში, სოციალურად დაუცველ 400-მდე ბავშვს უფასო ვარჯიშები და ტურნირები უტარდებათ. წლეულს, ინვალიდ-ამპუტანტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
ფედერაციის სათავეში ახალი მოსულები ვიყავით, როცა ფუტსალის ნაკრების ვარჯიშზე მივედით და ნორმალური მაისურებიც არ ჰქონდათ, ხოლო ჩემპიონატი ჩაშლილი იყო. ახლა სხვაგვარი მდგომარეობაა, ჩემპიონატიც ნორმალურად ტარდება და ჩვენს ნაკრებს ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსიც აქვს. ეს პროგრესი სულ რაღაც ერთ წელიწადში მოხდა...
ინფრასტრუქტურაზე...
ლევან კობიაშვილი: - პრობლემები რომ არის, ესეც კარგად ვიცით. ინფრასტრუქტურა გასაუმჯობესებელია, განსაკუთრებით - ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე. სავარაუდოდ, მეორე წრეში "ჩელე არენაზე" საფარი უნდა შეიცვალოს და ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაიგოს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ველაპარაკეთ. სხვაგვარად, იქ თამაშების ჩატარება გაძნელდება...
მალე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, დაიგო მინდვრის საფარი, დამონტაჟდა სადრენაჟე სისტემა. გაკეთდა განათების სისტემაც, ისევე, როგორც გორის სტადიონზე, სადაც ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩი გაიმართება. ამ მნიშვნელოვანი ტურნირის შემდეგ ეს ორი სტადიონი ეროვნული ლიგის თამაშებს მოემსახურება და ხელოვნური განათების ქვეშ გაიმართება...
ამ თემას ეხება ლაგოდეხის ბაზის საკითხიც, სადაც ახალი საფარი დაიგება და შესაძლებელი გახდება შეკრებების ჩატარება. გერმანული მოდელის მიხედვით, რაზეც ბევრჯერ გვილაპარაკია, რეგიონებში სფფ-ის აკადემიების დაფუძნებაც იგეგმება, ერთ-ერთი კი ლაგოდეხში იქნება.
ასევე დარწუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე რუსთავში სფფ-ის აკადემიის მშენებლობის დასრულებაც მოესწრება. იქ მოედნები უნდა დაიგოს, შენობა კი მზადაა.
მარტვილში საფეხბურთო აკადემია ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით შენდება. იმედია, წლის ბოლომდე ზუგდიდის სტადიონიც მოესწრება. ანგისას ბაზაზე იყო პრობლემები, მაგრამ ტენდერი გაიმართა და, სავარაუდოდ, მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. მანამდე კი, შესაძლოა, ბათუმის "დინამომ" თამაშები ამავე ქალაქის სარაგბო სტადიონზე გამართოს. თუმცა, ეს საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია...
სატელევიზიო პროექტი
- ფეხბურთის ფედერაცია კლუბების სატელევიზიო უფლებებს რეგიონულ მედიას მიჰყიდის, ხოლო შემოსული თანხები მთლიანად იმ კლუბებს მოხმარდება, რომლის მატჩის ტრანსლირების უფლებასაც რეგიონული მედია იყიდის. გამონაკლისი ტურის ცენტრალური შეხვედრებია, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს...ზოგადად, ფეხბურთში ასეა: ვინც თამაშებს აშუქებს, თანხასაც იხდის. ამ შემთხვევაში, მთავარია პრეცედენტი, რომ რეგიონულმა ტელევიზიებმა ჩემპიონატის მატჩების გაშუქებაში ფული გადაიხადონ. მართალია, ეს მიზერული თანხა იქნება, მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეა. თანხა სფფ-ს დაერიცხება, მაგრამ ეს ისევ კლუბებისთვის კეთდება და არა ჩვენი შემოსავლის გასაზრდელად. ფედერაციას აქედან ერთი თეთრიც არ დარჩება. ის მთლიანად იმ კლუბებს დაერიცხებათ და მათ განვითარებას მოხმარდება, რომელთა თამაშებსაც რეგიონული ტელევიზიები გააშუქებენ.
ევროპაში კლუბები შემოსავლებს, ძირითადად, სატელევიზიო კონტრაქტებიდან იღებენ, ასევე, ბილეთებისა და მაისურების გაყიდვიდან. სამწუხაროდ, ჩვენთან მსგავსი შემოსავლები თითქმის არავის აქვს, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ეს პრეცედენტი ამიტომაც გვჭირდება: დავიწყოთ მიზერული შემოსავლით, მაგრამ მერე მთელ მსოფლიოში მიღებული ნორმები დავნერგოთ.
რა თანხებს გადაიხდიან ტელევიზიები? პირობითად, ერთ თამაშზე 1500 ლარს. მაგრამ "აჭარის" ტელევიზია რეგიონის ორივე გუნდის თამაშებს თუ გააშუქებს, ადგილობრივ ინტერესს გავითვალისწინებთ და ორ შეხვედრაში 2000 ლარზე მეტს არ მოვთხოვთ. "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ხელშეკრულება გვაქვს და ეს სხვა შემთხვევაა...
...სულ მიკვირს, რომ ამბობენ: ფეხბურთს ამდენს რატომ აფინანსებენო?! დამისახელეთ მეორე მსგავსი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოში 10 მილიონი ლარი შემოაქვს?
დავით მუჯირი:
- ამ პროექტში დიდ თანხებს ვხარჯავთ და ცხადია, ჩვენი პროდუქტის გაყიდვა გვსურს, რაც ურთიერთობის თანამედროვე ნორმებს დანერგავს. პირობითად ვიტყვი - რაც ლარი ღირს, იმაში 50 თეთრს ვითხოვთ.
ტელემაუწყებლებთან შეხვედრისას ამაზე ვილაპარაკეთ. ეს ისევ კლუბების დახმარებაა და იმ სამკუთხედის ჩამოყალიბებას ემსახურება, რაზეც მსოფლიოს და ევროპული ფეხბურთი დგას: კლუბი-ფედერაცია-ტელევიზია.
მაგრამ კლუბებმაც უნდა იმუშაონ, სამკუთხედის სისტემა რომ ამუშავდეს. ეს პრეცედენტი მათთვის, კარგი გაგებით, მაპროვოცირებელი უნდა გახდეს.
განკერძოებაზე, ზესტაფონზე, ვალზე...
ლევან კობიაშვილი: - ვიცი, რომ ეს სწორი და აუცილებელი გზაა. ამ კუთხით სასიხარულო იყო, რომ გორის "დილაში" კერძო მეპატრონე მივიდა. იქ გარკვეული პრობლემებია, ერთი წელიწადი ევროთასებზე ვერ ითამაშებს, რადგან იურიდიული პრობლემები იყო.
მაგრამ 2-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო კლუბს, გვირჩევნია იყოს კლუბი, რომელსაც კერძო პატრონი და 3-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს.
...ჩვენ "ზესტაფონს" იდეალური შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეთავაზება არასწორად შეაფასეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდება.
...ამ დროისთვის არსებული შიდა და საგარეო ვალები 7 მილიონით შევამცირეთ.
გიორგი ჯიქიაზე...
- ჯიქიაზეც უნდა გკითხოთ...ლევან კობიაშვილი:
- (იცინის) რომელსაც, თურმე, არ შევხვდი არა?! მას იაშვილიც ელაპარაკა.
- მართალია, თითქოს კლუბში მოწყობაში დახმარება გთხოვათ?
ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:
- ვერ გავიგე, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ თუ მენეჯერობა დავიწყოთ და ფეხბურთელს გუნდი "გავუკეთოთ"?! ასეთი შემოთავაზება არც ყოფილა. საქმე ეროვნულ ნაკრებს რომ ეხება, გადაწყვეტილება ფეხბურთელმა თავად უნდა მიიღოს.
ლევან კობიაშვილი:
- ჯიქიას არსებობა ბევრმა არც იცოდა, როცა ჩვენ მას ველაპარაკებოდით. იყო კონკრეტული თამაში, უნდა ჩამოსულიყო და ერთ დღეში პასპორტი გაგვეკეთებინა. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში დაგვიკავშირდა და გვითხრა - ვეღარ მოვდივარო. რუსეთის ნაკრებში სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს. საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერავის დავაძალებთ, ვისაც უნდა, ჩამოვიდეს.
- აკაკი გოგიაზე რა ხდება?
- მისი ჩამოყვანაც ძალიან გვინდა. საამისოდ, მარტივი გზა არსებობს - გერმანული პასპორტი უნდა ჩააბაროს და ქართული აიღოს. თუ ასე არ მოიქცევა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?
ალექსანდრე იაშვილი:
- როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ყველა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება გულით უნდა მიიღოს, საკუთარი ქვეყნის ნაკრებს პირობები და ულტიმატუმები არავინ უნდა წაუყენოს. ჯანო ანანიძეს ასე საკითხი არასოდეს დაუსვამს. ისიც რუსეთში თამაშობს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში გულით უნდოდა.
ლევან კობიაშვილი:
- ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ყოველთვის ვერიდებოდი და ახლა პირველად ვიტყვი. ვცდილობდით, პრობლემა შიგნით მოგვეგვარებინა...
მაგალითად, ვინმე იცის, იაშვილი უკრაინაში არაბიძესთან რომ ჩავიდა და ყველაფერი მოაგვარა? არ გვსურდა, საქმე გაგვეფუჭებინა და ჯიქიასთვის გვევნო. არ დავმალავ, ამ მოლაპარაკებების დეტალებს რომ არ ვახმაურებდით, იმაზეც ვფიქრობდით, ვინმეს დაუფიქრებელი ან ცუდი კომენტარით გიორგისთვის გული არ ეტკინა და დისკომფორტი არ შეჰქმნოდა.
ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ. არის სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც პასპორტის აღებაში დავეხმარეთ. მათ გვარებს მალე შეიტყობთ...
- ფარცვანიას საქართველოს პასპორტის აღება სურს და მას ნაკრებში ვიხილავთ?
- მისი ასეთი დამოკიდებულება გვახარებს, მაგრამ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოიწვევს თუ არა ნაკრებში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჯიგარი ხარ, კობი და მუმუც ჯიგარია!