ტრანსფერი: "საბურთალომ" ვაგნერ გონსალვესი ბელგიაში იჯარით გაუშვა

AutoSharing Option
ვაგნერ გონსალვესი კარიერას ბელგიის პირველი ლიგის ბინადარ "სერკლ ბრიუგეში" გააგრძელებს. ეს ამბავი ჯერ "ტრანსფერმარკტმა" გაავრცელა, ხოლო შემდეგ ბელგიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

"ვაგნერ გონსალვეს ნოგეირამ ჩვენს კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელ ფეხბურთელს შეუძლია თამაში როგორც ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე, ასევე - მარცხენაზე. მას ახლახან დაუსრულდა კონტრაქტი ქართულ კლუბ "საბურთალოსთან", - ვკითხულობთ "სერკლ ბრიუგეს" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"საბურთალოში" კი დაგვიზუსტეს, რომ ვაგნერმა ბელგიურ კლუბთან ერთწლიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა.

"მისით რამდენიმე ბელგიური და ფრანგული კლუბი იყო დაინტერესებული. ვაგნერს ჩვენთან 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა
გაფორმებული, საიდანაც კიდევ 2 წელიწადი იყო დარჩენილი.

მაგრამ მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული, ფეხბურთელი ბელგიაშია და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე შემდგომი გამოსყიდვის უფლებით", - ამბობს "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია.

ფრანგული პასპორტის მქონე 21 წლის ბრაზილიელი შემტევი "საბურთალომ" შარშან, აგვისტოში, ლიგას 1-ის ბინადარ "ბასტიადან" დაიმატა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მონაცემით, ბრაზილიელი საუკეთესო მეპასეებში მე-2 ადგილზე იმყოფება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საბურთალოს თამაშებს ამ ბიჭის გამო ვუყურებდი.. ძლივს ვიღაც გამოჩნდა რაღაც ფეხბურთისმაგვარი რომ სცოდნოდა და ეგრე გააქანეს მეორადი ჩემპიონატის მეორად გუნდში. ანუ რა გამოდის, ჩვენ ვინ ვართ?
ehhh
13:12 28-06-2017
1
საბურთალო ლიგა 1-დან გავარდება
ოეეეეეე
11:40 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული