10:15 30-06-2017
ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]
AutoSharing Option
მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოლო ორ ათწლეულში ქართული ფეხბურთი გავერანდა და, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელებიც ვერ წყვეტდნენ ვარსკვლავებს, მოგების ილუზია გაგვიჩნდა, საამისოდ კი არც შეუპოვრობა გვეყო, არც სითამამე და, რაც მთავარია, არც - კლასი.
...სტუმრებმა ანგარიში მე-3 წუთზე, კამერუნელი ლუის კლემენტ ნგვატ-მაოპის გოლით გახსნეს, რომელსაც ფლანგიდან კრისტიან გებაუერმა ზუსტად ვერ უპასა, სამაგიეროდ, მასპინძელმა მცველმა ისე შეუცვალა ბურთს მიმართულება, რომ პირდაპირ აფრიკელს მიუგორდა და ამანაც ისე დაარტყა, ხელი არავის შეუშლია.
საჩხერელებს გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლოთ. გუნდს ვერც მონდომებას დავუკარგავთ, მაინც აკლდათ რაღაც... ალბათ, საკუთარი თავის რწმენაც, სისწრაფეც, მობილურობაც...
მეორე ტაიმში ამის გამოსწორება მიხეილ სარდალიშვილმა სცადა, რომელმაც რამდენჯერმე თამაში საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ... 66-ე წუთზე დინო ჰამზიჩმა გვიშველა, თორემ სტუმარი მეორესაც გაიტანდა.
რა თქმა უნდა, "ალტახი" ძლიერი გუნდი არ არის, მაგრამ უბედურებაც ის არის, ასეთ სუსტ მეტოქესაც რომ ვერ ვუგებთ.
ახლა კიდევ უფრო გასაოცრად ჩანს თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და გორის "დილას" რამდენიმე წლის წინანდელი შედეგები. ადრე ეს გუნდები ევროპალიგის პლეი ოფში გავიდნენ, ახლა კი...
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე, "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი:
"ვინც ფიქრობს, რომ დღეს მეტი შეგვეძლო, ვეთანხმები. ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც მოგებას მოიტანდა...
არ ვრისკავდით შეტევაში? ამჯერად, ვერ დაგეთანხმებით. დაცვიდან არ გვითამაშია, მაგრამ მეტი გვერდითი პასის გაკეთება გვიხდებოდა. ხომ იცით ქართული სენი? წინ პასი გვიჭირს. ეს მხოლოდ "ჩიხურას" კი არა, ზოგადად, ქართული ფეხბურთის პრობლემაა...
გია გეგუჩაძე ნაკრების მწვრთნელია და ახლახან განაცხადა, რომ ფეხბურთელი განათლებული უნდა იყოს, სხვაგვარად არაფერი გამოვაო. ყველა მოთამაშეს უნდა ჰქონდეს ფეხბურთის საბაზისო ცოდნა. ასე იყო ბელგიაში, სადაც საბაზისო ტექნიკის შესწავლა ნულიდან დაიწყეს. დღესაც, საქართველოში ამაზე ბევრი მწვრთნელი ფიქრობს, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხება...
შანსები? ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, რადგან მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს...
ეროვნული ჩემპიონატის ახალმა ფორმატმა "ჩიხურასთვის" არ იმუშავა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი წარუმატებლობა ამის ბრალია, ეს ჩვენი ბრალია, რაღაცები გამოგვეპარა და მომავალში ამას გავითვალისწინებთ, მაგრამ ფეხბურთელები ყოველ მესამე თუ მეოთხე დღეს სათამაშოდ მზად არ არიან, რადგან ძალების სრულად აღდგენის შესაძლებლობა არ აქვთ..."
დაისვა კითხვა თბილისის "დინამოს" მიერ ვითომდა გიორგი ივანიშვილის გადაბირების თაობაზე:
"ეს განცხადება არა მხოლოდ თბილისის "დინამოს", არამედ კიდევ სამი გუნდს - "საბურთალოს", "ტორპედოსა" და "შუქურას" ეხებოდა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ელაპარაკებოდნენ. ივანიშვილის ტრანსფერზე რომ მუშაობდნენ, რომან ფიფიამ არ იცოდა, თუმცა პრეზიდენტების დონეზე შემდგომ ყველაფერი გაირკვა".
"ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობაზეც ილაპარაკა:
"კარგია, რომ კლუბებს აფინანსებენ და თანხა მოდის, მაგრამ ეს მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება. ჩვენ ესეც არ გვყოფნის, სხვა დაფინანსება კი არ გვაქვს. ქულებისთვის განკუთვნილი საბონუსე თანხაც არ მიგვიღია.
ქართული ანდაზაა - ფეხი იმხელაზე უნდა გაშალო, რამხელაზეც საბანი გაგწვდებაო. თუ ფეხბურთი არის და ამისთვის კეთდება, მაშინ განვითარებაზეც ვილაპარაკოთ".
მარსელ შმიდტი, "ალტახის" მთავარი მწვრთნელი:
"მეტოქეზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობდით, თუმცა, როგორც გამოჩნდა, "ჩიხურა" ძალიან მოტივირებული გუნდია და ბურთის კარგად ფლობაც ეხერხება. ძალიან კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, განსაკუთრებით, "18" და "10" ნომრები.
ხვალ დავსხდებით და მატჩს კარგად გავაანალიზებთ. საპასუხო თამაშისთვის მოსამზადებლად ერთი კვირაა და, შესაძლოა, შინ სხვა ფეხბურთი ვითამაშოთ".
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
29.06. თბილისი. "დინამო არენა"
ჩიხურა-ალტახი 0:1
გოლი: 0:1 ნგვატ-მაოპი (4. გებაუერის პასით)
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - ჭელიძე (67. ფონიავა), განუგრავა - გორგიაშვილი (83. გაბედავა), გელაშვილი (71. დეკანოიძე), სარდალიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, მირცხულავა, დობროლოვსკი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ალტახი (4-2-3-1): კობრასი - საკიჩი, ზეჩი, ნეცერი, გალვაო - პეზინგერი, სალომონი - გებაუერი (65. ნგამალეუ), ნუტცი (84. დობრასი), ნგვატ-მაოპი - აიგნერი (74. გრბიჩი).
სათადარიგოები: დმიტროვიჩი, შრეინერი, ნუსბაუმერი, იანეჩეკი
მწვრთნელი: მარსელ შმიდტი
გაფრთხილებები: კაშია (39), ჩიკვაიძე (47), კაკუბავა (78), გალვაო (86)
არბიტრი: ე. პაპირი (ისრაელი).
სხვა მატჩები
- ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები: ნუგეში ცხადაძისა და სვანაძისგან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სანამ ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში არ გადავა, ფეხბურთის თამაშს აზრი აქვს, ჯობია ორი გუნდი იყოს ჩემპიონატში და კერძო, ვიდრე 16 და ჯოგი
0
0
ამ სიტუაციას ვერაფერი უშველის. კვირაში 1 დღე ივარჯიშო და შენი უნიჭობის იმედად იყო, აი ესაა დღევანდელი ქართული ფეხბურთი. ლეგიონერები გვინდა.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული