რევაზ ძოძუაშვილი: ჩემი აზრით, ბევრი რამ არის კლუბების მესვეურთა ბრალიც...

AutoSharing Option
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ნათქვამია, მაგრამ მაინც მიღებული პრაქტიკაა, რომ თუნდაც ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გარკვეული შეფასება გავაკეთოთ. ეს მისია რევაზ ძოძუაშვილს დავაკისრეთ.

სახელგანთქმული ვეტერანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის საუბარი ყოველთვის საინტერესოა. ვფიქრობთ, ასე იქნება ამჯერადაც...

- ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
- ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]
- დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

- რა თქმა უნდა, შედეგი არ არის სახარბიელო და ამას ყველა ვხედავთ. ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო და, ღმერთმა ქნას,
საპასუხო მატჩებში შეძლონ ქართულმა კლუბებმა მდგომარეობის გამოსწორება. თქვენი არ იყოს, მეც ვფიქრობ, რომ განვლილი მატჩები კარგი მასალაა ანალიზისთვის...

ბრაზილიელები ამბობენ, თამაში რომ მორჩება, მერე ყველაფერი კარგად ჩანს, მთავარია, მანამდე დაინახო, რაც დასანახიაო...

ბევრი რამ, ჩემი აზრით, კლუბების ხელმძღვანელობის ბრალია. როცა იცი ამდენი ხნით ადრე, რომ ევროთასებზე ასპარეზობა გიწევს, საფუძვლიანად ხომ უნდა მოემზადო?! აქ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ შემადგენლობის გაძლიერებას. გარდა ამისა, არის უამრავი საერთაშორისო ტურნირი და ჩვენი გუნდები რომ თამაშობდნენ იქ, კარგი იქნებოდა. მხოლოდ ზამთრის შეკრებაზე ჩატარებული რამდენიმე ამხანაგური მატჩი საქმეს ვერ შველის...

მოდით, შევთანხმდეთ: საქართველოს ჩემპიონატში რომ გამორჩეული ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპაშიც ასე იქნები. ევროთასებზე სულ სხვა მოთხოვნებია, სხვა სისწრაფეებია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს და შესაბამისად მოვემზადოთ. ჩვენ ერთხელაც ვნახეთ, რომ ის მომზადება, რაც დღეს აქვთ ჩვენს გუნდებს, არ არის საკმარისი ევროთასებზე წარმატებით სათამაშოდ...

ახლა მე გადავალ რუსეთში დასრულებულ კონფედერაციათა თასზე, მაგრამ არ გადავალ ისე, რომ თემას მოვწყდე. ჩვენ ვნახეთ, ერთი მხრივ, ტექნიკური, პირველ ნომრად მოთამაშე სამხრეთამერიკელები და, მეორე მხრივ, რაციონალური გერმანია. ჩემი სიტყვების დასტურად გამოდგება ფინალი, რომელიც გერმანელებმა მოიგეს.

- ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]

გერმანელებმა თითქოს "მეორე ნომრად" ითამაშეს. მათი ტაქტიკა ეფუძნებოდა უკანა ხაზში ძალიან დამაჯერებელ გარჯას და წინ თავისუფალი ზონების მაქსიმალურად ათვისებას. ასე თამაშობდა წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრები. ჩვენ კარგად ვიდექით უკან, მაგრამ შემტევების სისწრაფე და კლასი არ გვყოფნიდა. ეს იყო მთავარი განსხვავება...

ახლა საქმე ასეა: მოიგებ ერთ დიდ ტურნირს? ეგრევე უნდა შეცვალო ტაქტიკური სქემა. მაგალითად, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ძალიან შემტევი ტაქტიკით, აგრესიული თამაშით, მეტოქის "მოხრჩობით" მოიგო, ახლა კი გერმანიამ კონფედერაციათა თასზე სულ სხვა ტაქტიკით იმარჯვა. ამ ტაქტიკას სწრაფად დაივიწყებენ გერმანელები.

ადრე ასე იყო: მსოფლიოს ჩემპიონატს რომ მოიგებდა გუნდი, მერე ყველა იმ ტაქტიკით თამაშობდა ოთხი წლის განმავლობაში. ახლა მეტია იდეები...

მოდით, სხვა მხრივაც შევხედოთ კონფედერაციათა თასს. ალბათ, დამეთანხმებით, გერმანიის ნაკრები, რომელმაც მოიგო კონფედერაციათა თასი, იყო მეორე ნაკრები. ის ძირითადად დაკომპლექტებული გახლდათ გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელებით...

თქვენი გაზეთი ყოველთვის ინტერესდება ჩემი აზრით და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ! შეგვიძლია ერთად გადმოვიღოთ ჩემი და თქვენი საყვარელი გაზეთის ძველი ნომრები და ვნახოთ, რამდენი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მეორე ნაკრები. ბევრ რამესთან ერთად ეს იმაშიც გამოგვადგება, რომ ევროთასებზე გასული ქართული გუნდების ფეხბურთელებს აღარ ექნებათ საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის დეფიციტი. ერთბაშად რამდენიმე საქმე კეთდება ამით. იქნებ ახლა მაინც დამიჯერონ...

საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების თამაშს ვუყურე გუშინ. როგორ გინდა თქვა, რომ არ გვაქვს მომავალი? უბრალოდ, მე ვისურვებდი, რომ ცოტა მაღალ დონეზე იყოს სათამაშო დისციპლინა. არ არის საჭირო ყვირილი... მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი.

ევროთასებზე ქართული გუნდებიდან ვნახე "ჩიხურას" თამაში. ჩემი აზრით, მთავარი, რაც დაგვაკლდა, იყო სისწრაფე. ალბათ, უპრიანი იქნებოდა, მოწინააღმდეგის თამაში უკეთესად გაგვეანალიზებინა. მაგალითად, თამაშმა აჩვენა, რომ იმათი მარცხენა ფლანგი ძალიან მოისუსტებდა და, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ჩვენი თამაში უფრო მეტად აწყობილიყო მოწინააღმდეგის ამ სუსტი წერტილის გამოყენებაზე. სამწუხაროდ, დასანანი გოლი გავუშვით თამაშის დასაწყისში, არადა, შეიძლებოდა ამ გოლისთვის თავის არიდებაც.

პირველიდან ბოლო წუთამდე მობილიზებული უნდა იყო დღეს. ესაა თანამედროვე ფეხბურთი. კონკრეტულად "ალტახს" რაც შეეხება, ამ გუნდის შეტევა უფრო ძლიერია, ვიდრე დაცვა და ძალიან კარგად შეიძლება ამის გამოყენება საპასუხო შეხვედრაში. მჯერა, საჩხერელთა სამწვრთნელო შტაბი გააანალიზებს პირველ შეხვედრას და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს.

მიმაჩნია, რომ "ჩიხურას" აქვს შანსი, გავიდეს შემდეგ ეტაპზე. მთავარია, სწორად წარვმართოთ საპასუხო მატჩი, თორემ ინდივიდუალურად ჩვენი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეზე უკეთესები თუ არა, უარესები არ არიან.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს". ყველამ იცის, რა პრობლემებიც აქვს ამ გუნდს ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. არადა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი პრობლემები იყოს ბათუმში, მთელ ზღვისპირეთში, ქობულეთში, ფოთში... იქაური ფეხბურთი სხვა გაქანებისაა, არავის ჰგავს. აი, ყველა რესტორანს რომ აქვს საფირმო კერძი, დაახლოებით ისეა...

"ტორპედო" ჩემთვის მშობლიური გუნდია. ეს წაგება "ტრენჩინთან" არ არის მხოლოდ დღევანდელობის ბრალი. მისი საფუძვლები წარსულში უნდა ვეძებოთ. მე რომ მივედი თავის დროზე გუნდში, თქვენც გემახსოვრებათ ეს პერიოდი, მითხრეს - მთავარია, გუნდი არ გავარდესო. რას ნიშნავს, "გუნდი არ გავარდეს"? ამას რომ ფეხბურთელს ეტყვი, ის როგორ ითამაშებს მაღალ დონეზე?!

მეორე მომენტია შემადგენლობის მუდმივი ცვლა. ყოველ ოთხ თვეში მიდიან ძველები და მოდიან ახლები. ხელმძღვანელობა ამბობდა აქამდე, მერე რა, ასე თუ ისე, ხომ გვაქვს შედეგიო? საქართველოში კი, მაგრამ ევროპაში რაღაცას რომ მიაღწიოს გუნდმა, შეთამაშება და გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

არანაირი ახალი რეცეპტი არ უნდა ქუთაისის ფეხბურთს. უნდა საქმისადმი პროფესიული მიდგომა და, უნდა დამერწმუნოთ - იქ კვლავ გაიზრდებიან შესანიშნავი ფეხბურთელები. ვინ მოთვლის, რამდენი ოსტატი გაზრდილა რიონის ნაპირებზე. მეც იქ ვისწავლე ფეხბურთის ანბანი...

საერთოდ, ჩვენი ფეხბურთის პროგრესი და უკეთესობა იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ ერთად დავდგებით ყველა, თუ გავერთიანდებით. არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტი იქნება, მწვრთნელი თუ ექსპერტი. ჩვენ ახლა მხოლოდ დიდი ერთიანობა თუ გვიშველის. მხოლოდ ერთად დგომას შეუძლია, ჩიხიდან გამოიყვანოს ქართული ფეხბურთი. სხვანაირად, ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ უნდა მოხდეს. ყოველდღე უნდა ვიმსჯელოთ, რა ჯობია, როგორ ჯობია, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მდგომარეობა, - გვითხრა ძოძუაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მარტალიხარ ,ბატონო რევაზ.პეხბურტის იფრასტურკტურა ბატუმსჰი არ არსებობს....
otar
17:41 04-07-2017
0
მწვრთნელებს კლუბები სად არ დაეძებენ და ამ დონის სპეცილისტი, რომელსაც რამდენიც გინდა წარმეტებები ქონია დაუსაქმებელია. ირაციონალიზმი აი რა გვღუპავს არა მარტო სპორტში ყველა სფეროში ასეა. იდღეგრძელე და იმრავალჟამიერე ბატონო რევაზ.მე თქვენი და ყველა ქართველის ქუთაისი ტორპედოსი მჯერა, ეს ის ქუთასია კიევის დინომოს რომ არ ნებდებოდა და "ტრენჩინა" მათთან რა მოსატანია. წინ ქუთაისელებო, 2 ბურთი თითო ტაიმში და შემდეგ ეტაპზე ტორპედო იქნება, მე სწორედ ამას გისურვებთ საამაყო ქუთაისელებო.
gizog
20:34 04-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული