[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!

AutoSharing Option
ფაქტია, დღეს ქართულ ფეხბურთში იმდენი პრობლემაა, ერთბაშად ჩამოთვლაც კი გაუჭირდება კაცს. ზედაპირზე ნათლად მოჩანს ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე ევროტურნირებმა, რაც ქართული კლუბებისთვის უკვე დასრულებულია მაშინ, როცა ხეირიანად არც კი დაწყებულა.

დღეს ანალიზი აუცილებელია, ანალიზი - სწორი და პირუთვნელი. რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ თუნდაც მცირედით უკეთესობა ვიგრძნოთ და წლევანდელი კოშმარი გაისად აღარ განმეორდეს?

"ლელო" ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თენგიზ სულაქველიძეს დაუკავშირდა და ამ თემაზე ინტერვიუ სთხოვა...

- ბატონო თენგიზ, პირდაპირ გკითხავთ - რა გვჭირს?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ალბათ, რამდენიმე მიზეზია ერთად. არ არის ერთი რაიმე მიზეზი. მეტი მონდომება და მეტი შრომაა საჭირო, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა...

- ფაქტია ისიც, რომ ევროთასების სტარტამდე არც ერთი ქართული კლუბი არ გაძლიერებულა, ალბათ, უფრო - პირიქით. ევროთასებზე რომ გადიხარ, შემადგენლობის ოდნავ გაძლიერება ხომ მაინც უნდა სცადო?!
- რა თქმა უნდა. თავისი წილი პასუხისმგებლობა კლუბების ხელმძღვანელებსაც ეკისრებათ. მათ პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს შემადგენლობის გაძლიერებისთვის. მესმის, რომ ფინანსურად არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ სახელმწიფო გეხმარება, შენც მოიძიე თანხები და სამი-ოთხი ისეთი ფეხბურთელი მაინც დაიმატე, რომელიც უკეთესს გახდის შენი გუნდის თამაშს.

დღეს ლეგიონერების გარეშე არაფერი გამოდის. ავიღოთ "ყარაბაღი". რამდენი ლეგიონერი ჰყავდა აზერბაიჯანულ კლუბს? სწორედ მათ განაპირობეს მნიშვნელოვანწილად თამაშის შედეგი. ჩვენ კი თითქმის არ გვყავდა ლეგიონერი.

ძალიან ცუდ ტენდენციას ვხედავ. ელოდებიან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ფულს და თვითონ საერთოდ არ უნდათ ხელის განძრევა. ასე არაფერი გამოვა! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

და კიდევ, რომ ამბობენ, ფეხბურთელი არ თამაშობსო, ეს გამორიცხულია! არ არსებობს, მოთამაშე მინდორზე გავიდეს და არ ითამაშოს, არ თამაშობს კი არა, ვერ თამაშობს. ეს არის და ეს. მეტი არ შეუძლია.

- არის აზრი, რომ ევროთასებზე ქართული კლუბების კატასტროფული ასპარეზობა გარკვეულწილად ჩემპიონატის სისტემის ცვლილების ბრალია...
- ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. ჯერ ერთი, ჩემპიონატში ჩანს დადებითი ძვრები. ალბათ, ცოტა მეტი დრო უნდა იმას, რომ ეს შედეგებზე აისახოს. მერე - ფეხბურთელი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს სათამაშოდ. ამდენ მატჩს ვატარებდით წლის ნებისმიერ დროს, აქეთ "დინამო", იქით საბჭოთა კავშირის ნაკრები... სად იყო ასე ყველაფერი ჩვენს გემოზე?! საბოლოდ, ეს ახალი სისტემა ხომ ზუსტად იმას ემსახურება, რომ ევროთასებისთვის ტონუსში იყოს თითოეული გუნდის თითოეული ფეხბურთელი?!

- ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ ქართული საფეხბურთო რესურსი საკმარისი არ არის ევროპაში. ალბათ, მეტად უნდა გავუხსნათ გზა ლეგიონერებს...
- ზოგადად, კიდევ უფრო უნდა ამაღლდეს ჩვენი ჩემპიონატის დონე. არ მინდა, ვინმემ წარსულისადმი ნოსტალგია დამაბრალოს, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ ფაქტს - როცა საბჭოთა კავშირის ძლიერ ჩემპიონატში თამაშობდა "დინამო", ყველას გვახსოვს, რა შედეგებიც ჰქონდა მას. რა თქმა უნდა, ძლიერი ლეგიონერი მხოლოდ შეუწყობს ხელს ჩემპიონატის დონის ამაღლებას.

- რა თქმა უნდა, ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. წლებია, ამ სფეროში საქმიანობთ. როგორია თქვენი მოსაზრება? ამბობენ, ძალიან კარგი იქნება, ბავშვთა ფეხბურთი მთლიანად უფასო რომ იყოსო...
- ალბათ, შეღავათებზე ფიქრი ღირს. ჩვენ ჩვეულებრივად ვიხდით ყველა იმ გადასახადს, რომელიც არსებობს. რომ იყოს გარკვეული შეღავათები, ეს მეტ საშუალებას მოგვცემდა, გაგვეთავისუფლებინა ნიჭიერი ბავშვები გადასახადისგან. დღეს ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებთ საკუთარი ზარალის ხარჯზე...

ფაქტია, რასაც ბოლო წლებში სახელმწიფო აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის, აქამდე არასოდეს გაკეთებულა. აუცილებლად უნდა მიიმართოს დაფინანსების გარკვეული ნაწილი ბავშვთა ფეხბურთისკენ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რომ თუნდაც თბილისში იყოს 2-3 უფასო სკოლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რაც უფასო აკადემიების ამოქმედებას გულისხმობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფეხბურთი გავხადოთ უფრო მასობრივი.

- ფაქტია, დღეს საქართველოში ცოტა ბავშვი თამაშობს ფეხბურთს...
- გეთანხმებით, აღარ არის დღეს ისე, როგორც ადრე იყო. ჯერ ერთი, სხვა ცხოვრება მოვიდა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბავშვი ბურთს მოსწყვიტა. მეორეც - ადრე ძირითადი იყო ფეხბურთი, ყველას ფეხბურთზე შეჰყავდა ბავშვი. დღეს არანაკლებ პოპულარული გახდა სპორტის სხვა სახეობები. შედეგიც ბევრ რამეს განაპირობებს...

არის კიდევ ერთი მომენტი - რეგიონებში ბავშვებს არანაირი პირობები არ აქვთ. როგორ შეიძლება, ქუთაისში ბავშვებს ერთი ნორმალური სტადიონი არ ჰქონდეთ?! ამიტომაა, ჯერ კიდევ სულ პატარა ასაკში რომ თბილისში ჩამოდის ყველა. წვალობენ, ჯახირობენ, ნათესავებთან ცხოვრობენ... 10 წლის ბავშვი არ არის მზად ახალი გარემოსთვის. თუ წამოსვლაა, უნდა წამოვიდეს მაშინ, როცა მომწიფებული იქნება. ჩვენი თაობაც რომ ავიღოთ, 18-20 წლის ასაკში წამოვედით "დინამოში".

რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელი მდგომარეობაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი. მთავარია, ყველა დავდგეთ ერთად და ვაკეთოთ ერთი საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
კარგით რა. უფასოდ რომ ავარჯიშონ რა, უკეთესად ასწავლიან? ფულს იღებენ და ვერ ასწავლიან და უფასოდ რა მოუვათ, ცოდნა მოემატებათ თუ "გაგება"? უბრალოდ უვიცობაში რომ იღებენ ფულს, ნამდვილად დასანანია, ამიტომაც არ მივიყვანე ჩემი შვილები ფეხბურთზე, არამედ სწავლას მივაწექი, 90-ან წლებში. ჰოდა კი ვარ მშვიდად. არც მაგათ ტრამვაზე ვწუხვა, არც სამსახურზე, არც საჭმელზე და არც ჩასაცმელზე.
haha
14:38 17-07-2017
0
აი მიხვდა კაცი სიმართლეს. სიჭინავა რო იყო ბიზნესმენი და არა ფეხბურთელი, იმიტომ ახატია ერთი ვარსკვლავი ჩვენი ნაკრების ფორმას
lado
12:57 17-07-2017
0

სიახლეები პოპულარული