სამწუხაროდ, ყველა ქართული გუნდი ასპარეზობას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა და დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ანტირეკორდიც დამყარდა - 8 მატჩში მხოლოდ ერთი მატჩი დავასრულეთ ფრედ, დანარჩენ შვიდ შეხვედრაში კი დავმარცხდით!
ძალიან, ძალიან დამრთგუნველი იყო წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდების ასპარეზობა. თანაც, საქმე მხოლოდ წაგებულ მატჩებში არ არის - დამთრგუნველზე მეტი იყო ის სიტუაციებიც, როცა ჩვენი ფეხბურთელები 2-3 მეტრში მყოფ პარტნიორს ზუსტ პასს ვერ აწვდიდნენ (სამაგიეროდ, რამდენიმე საგოლე პასი "ჩაახუტეს"... მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს) და როცა, ამ რვა მატჩში, ფაქტობრივად, არც ერთი გააზრებული კომბინაცია არ გვინახავს ჩვენი ფეხბურთელების შესრულებით...
სტანდარტული წაგებები
პირველად არ ხდება, როცა ქართული გუნდებისათვის ევროტურნირები პირველი ეტაპის მერე მთავრდებოდა; მაგრამ წინა შემთხვევებთან შედარებაც არ შეიძლება და კიდევ კარგი "ჩიხურამ" მოახერხა სტუმრად ავსტრიულ "ალტახთან" ქულის აღება, თორემ სულაც ნულზე, თანაც ძალიან დიდ ნულზე ვრჩებოდით. სხვათა შორის, ერთადერთი "ჩიხურა" იყო, რომლის გამოსვლასაც წლევანდელ ევროტურნირებზე მთლად სამარცხვინოს ვერ დავარქმევდით.
ეგ კი არა, დღესაც გვგონია, რომ ორრაუნდიან დაპირისპირებაში "ალტახის" ძლევა სავსებით შესაძლებელი იყო; სამწუხაროდ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი ამ ევროტურნირებს ნამდვილად ვერ შეხვდა ოპტიმალურ ფორმაში.
აღარაფერს ვამბობთ დანარჩენ სამ ქართულ გუნდზე, ერთი-მეორეზე უსუსტესად რომ გამოიყურებოდნენ თავიანთი მეტოქეების ფონზე. თანაც, წაგებებსაც ხომ გააჩნია: ჩვენი გუნდების კარში გატანილი ამ 21 გოლიდან, თითქმის ყოველი მეორე, ან "სტანდარტულიდან" გადიოდა, ან კიდევ ჩვენი ფეხბურთელების პოზიციურსა და მართლაც ბავშვურ შეცდომებს მოჰყვებოდა-ხოლმე!
აბსურდული თავის მართლება
...მაგრამ, ეს კიდევ არაფერი: ამ სამარცხვინო შედეგზე მეტად ის უფრო გვზაფრავდა, როცა ჩვენი გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელთა კომენტარებს ვისმენდით. რას ან ვის არ აბრალებდნენ თავიანთ სუსტ ასპარეზობას - ზოგი ეროვნული ლიგის ახლებურ ფორმატს ("გაზაფხული-შემოდგომა"), ზოგი - მომქანცველ მგზავრობას ევროპის ცენტრალურ ნაწილში ("შორეული" სლოვაკეთისკენ 16 თუ 17-საათიანი ფრენა რატომ უნდა სჭირდებოდეს თავმოყვარე გუნდს? ), ზოგი - სატრანსფერო პოლიტიკას და ასე შემდეგ...არადა, "სხვაგან ხელის გაშვერას", ერჩივნათ, რომ მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შეხვედროდნენ წლევანდელ ევროტურნირებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოთხივე ქართული გუნდის მეტოქეებს უკანასკნელი ოფიციალური მატჩი თვე-თვენახევრის წინ ჰქონდათ ჩატარებული (თანაც, ორ გუნდში, "ალტახსა" და "იაგელონიაში" ახალი მწვრთნელები მივიდნენ), მაშინ, როცა ჩვენი ოთხეული, წესითა და რიგით, ფორმის პიკზე უნდა ყოფილიყო.
სინამდვილეში კი ისე მოხდა, რომ "ყარაბაღმა", "ალტახმა", "ტრენჩინმა" და "იაგელონიამ" ჩვენს გუნდებთან "დაპირისპირებები" ... მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელ ნაწილად გამოიყენეს...
ამ დროს კი ივლისში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია იმის თქმა, რომ საქართველოს ჩემპიონატის ახალ ფორმატს, თურმე, ბევრად უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი სჭირდება, ისიც, რომ ევროტურნირების დაწყების წინ სასურველი ფეხბურთელების დამატება ვერ მოხერხდა...
მგზავრობის თემას დავუბრუნდეთ - კი, ბატონო, ფარერის კუნძულებამდე ან ისლანდიამდე, მართლაც ხანგრძლივი და მომქანცველი მგზავრობაა (თანაც, გადაჯდომებით) საჭირო, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებთ, რომ სლოვაკეთამდე ბევრად უფრო "მოკლე გზით" არ შეიძლებოდა ჩასვლა!
ბოლოს და ბოლოს, ჩარტერი ხომ არსებობს, რომელიც, მართალია, უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ უეფა ევროტურნირებზე მოასპარეზე ყველა გუნდს ურიცხავს გარკვეულ თანხას და ხომ შეიძლებოდა ამაზეც "დაფიქრებულიყვნენ" ჩვენი გუნდების ხელმძღვანელები?!
ფიასკო პირველი
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად 2000 წელს მოხდა, როცა ოთხივე ქართული გუნდის ასპარეზობას პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა. თუმცა, წლევანდელთან შედარებით, მეტოქეების შედარებაც არ შეიძლება და აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ 17 წლის წინათ ჩვენმა გუნდებმა 8 მატჩში 6 ქულა დააგროვეს."ინტერტოტოს თასზე" თბილისის "დინამომ" ორი მატჩი ფრედ (2:2, 1:1) ითამაშა ბელგიური "სტანდარდის", ფაქტობრივად, სარეზერვო გუნდთან; უეფას თასზე "ვიტ ჯორჯიამ" ისრაელის "ბეითართან" ერთი მატჩი ფრედ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე ქუთაისის "ტორპედომ" საპასუხო მატჩში სულაც 2:0 დაამარცხა სერბული ფეხბურთის გრანდი "ცრვენა ზვეზდა"!
ერთადერთი, მხოლოდ "ლოკომოტივი" იყო, ორივე მატჩი რომ წააგო სლოვაკურ "სლოვანთან"...
ფიასკო მეორე
ასევე მალე დასრულდა ევროტურნირები ჩვენი გუნდებისათვის 2003 წელსაც, როცა უეფას თასზე მოასპარეზე "ტორპედომ" და "სიონმა" ორივე მატჩი ისე წააგეს, მეტოქეთა კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს; სამაგიეროდ, ღირსეულად იბრძოლა "ვიტ ჯორჯიამ", როცა "ინტერტოტოს თასზე" მცირედი დააკლდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად (0:1, 2:1).აი, ჩემპიონთა ლიგაზე კი ისეთი რამ მოხდა, დღემდე დიდ გამოცანად რჩება: ერთი მეორეზე გამორჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა თბილისის "დინამომ" საშინაო მატჩში 3:0 დაამარცხა ალბანური "ტირანა", მაგრამ საპასუხო მატჩიც ასეთივე ანგარიშით წააგო და მერე, პენალტების სერიაშიც დამარცხდა.
ფიასკო მესამე
მესამე შემთხვევა კი 2015 წელს მოხდა, როცა ასევე პირველ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას ჩვენი ოთხივე გუნდი; ოღონდ, წლევანდელისაგან განსხვავებით, შარშანწინ ბევრად უფრო ღირსეულად გამოვედით: არც გორის "დილა" შერცხვენილა ნამეტნავად სერბულ "პარტიზანთან" (0:1, 0:2) ჩემპიონთა ლიგაზე და არც ბათუმის "დინამო" ევროპალიგაზე კვიპროსულ "ომონიასთან" (1:0, 0:2); არც ევროტურნირების დებიუტანტ "ცხინვალზე" დაგვცდენია აუგი რუმინულ "ბოტოშანთან" მარცხზე (1:1, 1:3)...აი, თბილისის "დინამომ" რომ ვერ დასძლია აზერბაიჯანული "გაბალას" ბარიერი (2:1, 0:2), ეს კი ბევრმა დიდ მოულოდნელობად აღიქვა. თუმცა, ეს რომ შემთხვევითობა არ იყო, "გაბალამ" იმ სეზონშიც დაამტკიცა და მომდევნო წელიწადსაც, როცა ზედიზედ ორჯერ გააღწია ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.
ჩვენ კი, ჯგუფური ეტაპი და პლეი ოფი კი არა, უკვე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა გაგვიხდა სანატრელი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"