წაუგებელი და ამბიციური ლანჩხუთის "გურია"

AutoSharing Option
12 თებერვალს, ლანჩხუთის "გურიამ" მორიგი ტესტ-მატჩი გამართა - ურეკში ჩვენებურები სომხურ "ულისეს" 0:0 დაუზავდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უცხოელებმა ორივე ტაიმი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა გურულთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხეს.

გიგლა იმნაძის შეგირდებმა უკვე 7 ტესტ-მატჩი გამართეს და არც ერთში დამარცხებულან: 4 თამაში მოიგეს (გრიგოლეთში ფოთის "კოლხეთთან" - 2:0, ზუგდიდში "ბაიასთან" - 2:1, ოზურგეთსა და ურეკში "მერცხალთან" - 4:1 და 2:0) და 3 შეხვედრა დაასრულეს ფრედ - "ულისეს" გარდა ლანჩხუთელები ურეკში "მერცხალსა" და ბათუმის "დინამოს" დაუზავდნენ (ორივეჯერ 1:1).

რაც შეეხება
შემადგენლობას, ბოლო დღეებში "გურიამ" ორი მობურთალი დაიმატა - ერეკლე კილაძე და მირზა მერლანი. პირველი გასულ სეზონში ძმასთან, ნიკა კილაძესთან ერთად ფინეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა, ხოლო მერლანმა გორის "დილა" მას შემდეგ დატოვა, რაც ქართლელებმა ხორვატი მეკარე დაიმატეს. კლუბის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ გამოცდილი მეკარე "გურიის" ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ "გურიამ" საუმაღლესლიგო პლეი-ოფში თამაშის უფლება ვადამდე გაინაღდა და კლუბის მიზანს ელიტლიგაში გადასვლა წარმოადგენს. სულ მალე დაიწყება "გურიის" სტადიონის სარეაბილიტაციო პროექტი, რის შესახებაც მორიგი განცხადება გასული კვირის ბოლოს უკვე გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მანამდე აღნიშნული ინიციატივით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი გამოვიდა, რომელსაც თავის მხრივ, გურიის აღორძინების ფონდის ხელმძღვანელობა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ დაავალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული