მიხაილ გორელიშვილი: ქართული არ ვიცი, მაგრამ სისხლი მაინც თავისას შვრება

AutoSharing Option
"დილას" ახალწვეულებიდან ყველაზე ნაკლებად ქართველი გულშემატკივარი მიხაილ გორელიშვილს იცნობს.

ყაზანის "რუბინის" დუბლების 19 წლის შემტევი ნახევარმცველი რუსეთის მოქალაქეა. დასრულებულ სეზონში დუბლების პრემიერლიგის 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

გორელიშვილი რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დმიტრი ალენიჩევმა 2011 წლის დასაწყისში შენიშნა და მას შემდეგ საერთაშორისო ტურნირებსა და შესარჩევი ციკლის შეხვედრებშიც ათამაშებდა.

ახლა კი "დილას" ახალწვეულთან ინტერვიუ გვინდა შემოგთავაზოთ.

- რუსეთში როგორ აღმოჩნდი?
- მამა თბილისიდან სასწავლებლად ნიჟნი ნოვგოროდში წავიდა, სადაც შექმნა ოჯახი და საცხოვრებლად დარჩა. ამ ქალაქის
საფეხბურთო აკადემიაში 4 წელი ვვარჯიშობდი. მერე ტოლიატში კანაპლიოვის ცნობილ საფეხბურთო აკადემიაში ვიზრდებოდი. ხშირად დავდიოდით ტურნირებზე. ერთ-ერთში "აიაქსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" მოვუგეთ, ფინალში კი "არსენალთან" წავაგეთ. მერე ორი წელი "ჩერტანოვოში" გადავედი. ამის შემდეგ აღმოვჩნდი ყაზანის "რუბინში".

- რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის საქართველოში ჩამოსვლა მოულოდნელი იყო...
- რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში ხშირად მიწვევდნენ, "რუბინში" დუბლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ვიცე-კაპიტანი ვიყავი, მაგრამ ძირითად გუნდში არ მათამაშებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა.

- ასეთი რა შემოგთავაზეს?
- პირობებიც ნორმალურია და რაც მთავარია, შემადგენლობა; "დილაში" ის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც მე ვგულშემატკივრობდი - სალუქვაძე, კვირკველია, შაშიაშვილი, ვაწაძე, არზიანი. ხოჯავა კი რუსეთის პრემიერლიგაში ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

ძალიან გამიკვირდა, ისინი საქართველოში რომ იყვნენ და მივხვდი, რიგითი გუნდი არ მიწვევდა. ისინი კაცები არიან. სწორედ ასეთების გვერდით თამაში მაკლდა, ფეხბურთელი კი გამოცდილი მოთამაშეების გვერდით იზრდება. თანაც, გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია.

- თუმცა, დამეთანხმები, გარედან შენი ნაბიჯი ბევრისთვის გაუგებარი დარჩებოდა...
- რა თქმა უნდა, მეგობრები გაოცებულები და იმედგაცრუებულები დარჩნენ, რუსეთის პრემიერ და პირველი ლიგის კლუბებში გიწვევენ და საქართველოში რა დაგრჩენიაო? მაგალითად, არაერთხელ შემომთავაზეს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" თამაში, ბოლოს კი - პირველი ლიგის "სიბირში".

მაგრამ რუსულ კლუბებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყურადღებას არ აქცევენ და გამოცდილებს უფრო ენდობიან. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენას კი აზრი არ ჰქონდა. თანაც, ამ დროს შემომთავაზეს გორის "დილაში" გადასვლა. ეს ისეთი კარგი წინადადება იყო, რომელზეც უარის თქმა არ შემეძლო.

იმედია, გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მეგობრები უკეთ გაიგებენ, ეს ნაბიჯი რატომ გადავდგი.

- გორში იჯარით გამოგიშვეს?
- არა, "დილამ" ჩემი ტრანსფერი გამოისყიდა.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიოდი?
- ბავშვობაში - ხშირად. ბაბუა ახლაც თბილისში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში გამომგზავრებას ვერ ვახერხებდი, რადგან გრაფიკი საშუალებას არ მაძლევდა. არადა, აქაურობა მენატრებოდა. გული იმაზე მწყდება, ქართული კარგად რომ არ ვიცი - დედა რუსი მყავს, რუსეთში კი ქართული სკოლები თითქმის არაა. ამიტომ პატარა რუსულ-ქართული ლექსიკონი სულ თან მაქვს.

- "რუბინში" რა პოზიციაზე თამაშობდი?
- თავიდან საყრდენად, რაც ძალიან არ მომწონდა. მერე პლეიმეიკერად დამაყენეს და მოსკოვის "დინამოს", ცსკა-სა და "სპარტაკს" გავუტანე. ესაა ჩემი პოზიცია, სადაც ვგრძნობ, რომ ქართული სისხლი მიდუღს.

შეიძლება დაუჯერებელია, ქართული არ ვიცი, მაგრამ სისხლი მართლაც თავისას შვრება. იცით, აქაურობა როგორ მიზიდავდა? რომ არა წარმომავლობა, აქ არასოდეს ჩამოვიდოდი.

საქართველოში ისეთი სტადიონები, მოედნები და პირობები არაა, როგორც რუსეთში, მაგრამ ფეხბურთელებს გენებით გადაეცემათ ის ტექნიკა, რომლის გამოც მამაჩემს ჩივაძისა და ყიფიანის თაობის "დინამო" უზომოდ უყვარდა.

- რუსეთში ბევრი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს?
- ჩემი გუნდელი მერაბ ურიდია კარგი თავდამსხმელი და უახლოესი მეგობარია. მოსკოვის ცსკა-ში თამაშობდა დათო ბახტაძე, რომელიც, თუ არ მეშლება, ამჟამად საქართველოშია. საქართველოდან არის "ვოლგას" ფეხბურთელი შოთა ბიბილოვი, რომელიც დასრულებულ სეზონში პრემიერლიგის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელეს. სხვათა შორის, ვიცი, რომ საქართველოშია გაზრდილი "რუბინის" ნახევარმცველი ალან კასაევიც. სხვებზე ვერაფერს გეტყვით.

მიხეილ გორელიშვილის სისხლის ყივილი  (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელით ძლიერდება
მიმოფანტულები: აკაკი გოგია, გუჯა რუხაია და სხვები

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიხარია ასეთი ქართველი რომ ჩამოვიდა საქართველოში. ვენაცვალე შენს ქართველობას. არ ვიცი მიხეილმა იცის თუ არა რომ გორელიშვილები ასპნძელები, კერძოდ სოფელ ხიზაბავრის მკვიდრნი არიან. მესხი კაცი სხვანაირი ქართველი ვერც იქნებოდა. წარმატებასა და გამარჯვებას გისურვებ შენ და შენთან ერთად საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზობებზე. ღმერთი გფარავდეს ნამდვილო ქართველო კაცო.
ციური
21:28 10-06-2012
0
შენ ქართველობას ვენაცვალე ძმა!
TaroSochi
14:28 10-06-2012
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული