"ყველა ქართველ პრეზიდენტს ადვილად სამართავი მწვრთნელი სჭირდება"

AutoSharing Option
"ლელოს" რუბრიკის მორიგი სტუმარი ცნობილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, გამოცდილი და საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილია, რომელსაც არაერთ საინტერესო და საჭირბოროტო თემაზე ვესაუბრეთ.

ინტერვიუ კი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალის გახსენებით დავიწყეთ.

- გერმანია-იტალიის მატჩმა ერთი ისეთი სიახლე დაგვანახა, რომელსაც, შესაძლოა, სულ მალე ძალიან ბევრი მიმდევარი გამოუჩნდეს. ვგულისხმობ გერმანიის ნაკრების მეკარის, მანუელ ნოიერის თამაშს. იგი შეხვედრის დასკვნით ნაწილში სისტემატურად ტოვებდა საკუთარ კარს და გუნდის დასახმარებლად ზევით იწევდა.

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ იტალიელთა კარში დანიშნული პენალტი ნაწილობრივ მისი აქტიურობის დამსახურებაც არის.

დაახლოებით
ნახევარი საუკუნის წინ ლეგენდარული ლევ იაშინი საჯარიმოს თამამად ტოვებდა, მეკარის ქუდს იხდიდა და თავდამსხმელებს ბურთზე თავით ასწრებდა.

- რის ხარჯზე მოიგო იტალიამ?
- იტალიის ნაკრებმა ყველა რგოლში მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ის იყო, რომ გერმანულმა დაცვამ ძალიან სუსტად ითამაშა.

გაკვირვებული ვარ, რომ ბეკენბაუერის ქვეყანა ამ რგოლში მოისუსტებს. ასე იყო როგორც ამ ევროპის ჩემპიონატზე, ასევე წინა დიდ ტურნირებზე.

- რა სიახლეები და ტენდენციები დაგანახათ ევრო 2012-მა?
- ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რამდენად წარმატებული გამოდგებოდა "ბარსელონას" სტილის ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატზე.
"ჩელსის" შემდეგ უკვე პორტუგალიის ნაკრებმა დაგვიმტკიცა, რომ ასეთი სტილით მოთამაშე გუნდი დაუმარცხებელი სულაც არ არის.

საინტერესოა, რომ როცა ესპანეთის ნაკრები ფერნანდო ტორესის გარეშე თამაშობს, "ბარსელონას" წააგავს, ხოლო ტორესთან ერთად "რეალთან" აქვს ბევრი საერთო.

ვისენტე დელ ბოსკე უმაღლესი დონის სპეციალისტია და შესანიშნავად იყენებს როგორც ხოსეპ გვარდიოლას, ასევე ჟოზე მოურინიოსა და ესპანეთში მომუშავე სხვა ესპანელი მწვრთნელების გამოცდილებას. დარწმუნებული ვარ, იგი ფინალში თავის გუნდს სულ სხვაგვარად ათამაშებს.

არანაკლები კომპლიმენტები მინდა ვუძღვნა იტალიის ნაკრების თავკაცს ჩეზარე პრანდელის, რომელიც აშკარად მოაზროვნე ადამიანია და გონივრული ტაქტიკა-სტრატეგიითა და ეფექტური ცვლილებებით მატჩის სადავეები გამუდმებით ხელში უჭირავს.

ბუნებრივია, არ კნინდება ცალკეული ფეხბურთელების მნიშვნელობა. თუნდაც მარიო ბალოტელი ვახსენოთ, რომლის ინდივიდუალურმა ოსტატობამაც გერმანიასთან მატჩში ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა.

- "ჩელსი" ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, "ბარსელონას" დამსახურებულად მოუგო?
- რა თქმა უნდა. როცა მეტოქეს ყველა საჰაერო ორთაბრძოლას მოუგებ და დაახლოებით ოცი კუთხურიდან ვერაფერს გამოადნობინებ, ამ ყველაფერთან ერთად კი ათი კაცის შემადგენლობით "კამპ ნოუზე" ორ გოლს გაუტან, ნამდვილად ხარ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების ღირსი.

საბოლოო ჯამში, რომან აბრამოვიჩის მიერ განხორციელებულმა სოლიდურმა ინვესტიციამ გაამართლა.

- რით ახსნით იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად ვხვდებით ორთავდამსხმელიან ტაქტიკას, ზოგი გუნდი კი უკვე ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობს?
- ხშირად ტაქტიკა და სტრატეგია იქიდან გამომდინარეობს, თუ რა არჩევანი აქვს მწვრთნელს. არა მგონია, რომელიმე სპეციალისტმა, თუ მას გუნდში ორი მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავს, რომელიმე მათგანი სათადარიგოთა სკამზე დასვას.

- ევროპის ჩემპიონატის ჩატარების სისტემა ხშირად იცვლებოდა. თავად როგორი სისტემის მომხრე ხართ?
- როცა ძლიერი ხარ, ჩემპიონატის რეგლამენტს შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, გუნდების რაოდენობის გაზრდის მომხრეები უფრო ხშირად სუსტები არიან ხოლმე.

- ფეხბურთში უნივერსალიზმი ყოველთვის ფასობდა...
- დღეს შეინიშნება ტენდენცია, რომ მემარჯვენე ფლანგელს მარცხენა ფრთაზე აყენებენ და პირიქით. ეს იმისთვის კეთდება, რომ ფეხბურთელმა მოედნის ცენტრისკენ უფრო იოლად შეიწიოს და კარში მოხერხებულად დაარტყას. ამას აკეთებენ რონალდო, რობენი...

უნივერსალიზმი ყოველთვის საჭირო იყო, მაგრამ ადრე ეს მაინც იზღუდებოდა. მაგალითად, რომელიმე მწვრთნელს მიხეილ მესხისთვის რომ დაევალებინა, ცოტა ხნით ფლანგი შეიცვალეო, მას მაშინვე მოხნიდნენ.

- ანდრო ჟორდანიასა და იოჰან კრუიფის აზრით, უნივერსალიზმი საჭირო არ არის...
- კრუიფი თვითონ იყო საოცრად უნივერსალური ფეხბურთელი და მიკვირს, რატომ თქვა ასეთი რამ?

- ითამაშეთ ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, სადაც საბჭოთა კავშირის ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა...
- გერმანიას უძლიერესი გუნდი ჰყავდა და 3:0 დაგვამარცხა. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონი ვერ გავხდი, თუმცა ამ შეხვედრასთან ერთი სასიამოვნო ამბავი მაინც მაკავშირებს: თამაშამდე ჩემთან კომპანია "ადიდასის" წარმომადგენელი მოვიდა და სანაძლეო შემომთავაზა - თუ გერმანელ კრემერსს გავანეიტრალებდი, "ადიდასის" სპორტული ნაწარმით სავსე ერთ ჩანთას მომცემდა, თუ არადა მას ქართული ღვინითა და კონიაკით უნდა გავმასპინძლებოდი.

ფინალი წავაგეთ, მაგრამ კრემერსთან პერსონალურ დუელში არ დავჩაგრულვარ და მატჩის შემდეგ ერთი კი არა, ორი სავსე ჩანთა მივიღე.

- თუ მდგარხართ ცდუნების წინაშე, რომ რომელიმე უცხოურ კლუბში გაგეგრძელებინათ კარიერა?
- შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ფეხბურთელები იმხელა ტერორში ვიყავით მოქცეულნი, ამას ვერც ერთი ჩვენგანი გაბედავდა.

ედუარდ სტრელცოვი ხომ გაუპატიურების გამოგონილი ბრალდებით სწორედ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ერთ-ერთ ინგლისურ კლუბთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

- ცნობილი ფაქტია, რომ ფეხბურთელებს ნაადრევად დაოჯახებას უკრძალავდით.
- ამას მხოლოდ იმ ფეხბურთელების შემთხვევაში ვეწინააღმდეგებოდი, რომლებიც კარიერის დასაწყისში იყვნენ. წარმოუდგენელია, მოთამაშემ, რომელსაც ხელფასი 600 ლარი აქვს, ოჯახი სრულყოფილად არჩინოს, ყოფითი პრობლემები კი მას ფეხბურთზე კონცენტრირებაში უშლის ხელს.

- ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ეს ხომ ვეტერანი ფეხბურთელის დაფასების მაგალითია?
- ასეა, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია. როგორ უნდა ებრძოლოს ჩივაძე მაგალითად, უკრაინელებს, რომლებიც ყველა ცნობილი ვეტერანის გამოცდილებას იყენებენ?!

- უკვე რამდენიმე წელია, აქტიურ სამწვრთნელო მუშაობას ჩამოცილებული ხართ, არადა სამ სხვადასხვა გუნდს საქართველოს ჩემპიონობა, სამს კი თასი მოაპოვებინეთ. რეალური წინადადება არავისგან მიგიღიათ?
- გამორიცხულია, მაგალითად მე და ილია კოკაიამ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ, რადგან ფეხბურთზე აბსოლუტურად სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. იგივეს ვიტყოდი არაერთი სხვა ქართული კლუბის ხელმძღვანელზეც.

თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, რომ 90-იანი წლების "ოქროს თაობის" აღზრდაში საკმაოდ დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ლევან კობიაშვილი, რომელიც თავის დროზე თბილისის "დინამოდან" გაუშვეს, ფეხბურთში მე დავაბრუნე.

არაერთხელ მომხდარა, რომ კლუბი ევროტურნირებზე გავიყვანე და მის დაწყებამდე მომხსნეს. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ კლუბის ხელმძღვანელები ევროთასებზე სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავდნენ და ტოტალიზატორში ფსონს საკუთარ წაგებაზე დებდნენ.

იცოდნენ, რომ მე ასეთ სიბინძურეს ხელს არ მოვაწერდი და ამიტომაც მიცილებდნენ. ფაქტობრივად, ყველა ქართველ პრეზიდენტს ადვილად სამართავი მწვრთნელი სჭირდება, მე კი ასეთ რამეს ვერ გამიბედავენ.

საერთოდაც, ქართული ფეხბურთი ყელამდე პრობლემებშია ჩაფლული. როცა საქართველოს ჩემპიონის ბედი კაბინეტში წყდება, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი!

ცალკე გამოსაყოფია "დინამოს" ამბავი. როცა ასეთი ისტორიის კლუბი ხარ და ევროთასების საგზური სანატრელი გაქვს, შენმა ხელმძღვანელმა ამაზე მკაცრად უნდა აგოს პასუხი!

ან ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გავიხსენოთ. თითქოს ყველაფერი მხოლოდ იმ ხუთი ფეხბურთელის ბრალი ყოფილიყოს. არადა, როცა ფეხბურთელი შეგნებულად აგდებს ბურთს კუთხურზე ან აუტზე, უდროო დროს იხდის მაისურს ყვითელი ბარათის მისაღებად, ამას მწვრთნელიც ამჩნევს და პრეზიდენტიც და რადგან ამას ურეაქციოდ ტოვებენ, ესე იგი ამ სიბინძურეში თავადაც არიან გარეულნი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი სტუმრად "ლელოსთან": ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას

გურამ კაშია სტუმრად "ლელოსთან": ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე არ ხდება...

არჩილ არველაძე სტუმრად "ლელოსთან": ჩვენს ჩემპიონატში გუნდი არაა, ჩაწყობილი თამაში რომ არ უთამაშია

ვასილ მაისურაძე სტუმრად "ლელოსთან" - წარმატების ფორმულა

ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოსთან": თუ ნაკრებს დავჭირდები...

კახა კალაძე სტუმრად "ლელოსთან": ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიძინასნაირი კაცის მოსვლა მარტო იმიტომაც მოგინდება ადამიანს, რომ ბოლოს და ბოლოს დაფასდეს რეზო ძოძუაშვილისნაირი ადამიანი და სპეციალისტი.
zuxusha
08:29 09-07-2012
0
აი ეს უნდა იყოს ტორპედოს მწვთელი
gegi
10:33 26-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული