უეფას მოთხოვნები: რა აქვს შესასრულებელი საქართველოს?

AutoSharing Option
ჯერ იყო სურვილი, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევრო 2020-ისთვის ერთობლივად ემასპინძლათ. მაშინ უოლტ დისნეის სიტყვები გავიხსენეთ - მთავარია, მთვარეზე მოხვედრას ეცადო და თუ ამას ვერ შეძლებ, ვარსკვლავებს შორის მაინც იტრიალებო.

მართალია, მთვარეზე ვერ "მოვხვდით", მაგრამ უეფამ "ვარსკვლავებში" მოგვახვედრა და საქართველოს 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობა ანდო.

ამას შემდეგ დაემატა მიშელ პლატინის რევოლუციური იდეა, რომ ევროპის ჩემპიონატის 60 წლისთავთან დაკავშირებით, ევრო 2020-ს არა ერთმა ან ორმა ქვეყანამ, არამედ ევროპის 12-მა ქალაქმა უმასპინძლოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ღიად მიანიშნეს, რომ ერთ-ერთი ქალაქის საქართველოში
შერჩევას იმედოვნებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინფორმაციისა, რომლის თქმის უფლებასაც საკუთარ თავს საჯაროდ აძლევენ.

ფედერაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევრო 2020 პლატინის ამ იდეით თუ ჩატარდა, 90 პროცენტით ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისიც იქნებაო.

ღმერთმა ქნას, რომ ის 10 პროცენტიც დაგვემატოს და მოხდეს სასწაული, როგორც სუპერთასის შემთხვევაში. მერე საჭირო აღარ იქნება 5 მაღალი კლასის, მინიმუმ, 50-ათასიანი სტადიონი, მოთხოვნები შემცირდება და ქვეყანას გაცილებით ნაკლები ხარჯი დააწვება. თუმცა საჭირო პირობები აუცილებლად უნდა შეიქმნას.

დღევანდელი ინფრასტრუქტურით ევროპის ჩემპიონატისა (ახალი ფორმატით) და უკვე ბოძებულ სუპერთასის მატჩსაც ვერ ვუმასპინძლებთ, 2015 წლამდე უეფას მოთხოვნები თუ არ შევასრულეთ.

რა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილოს საქართველომ, ამაზე წარმოდგენას შეგვიქმნის ევრო 2012-ის მასპინძელ უკრაინულ ქალაქებზე მოძიებული ინფორმაციები.

კიევმა ჯგუფური ეტაპის შეხვედრებსა და ესპანეთი-იტალიის ფინალს უმასპინძლა. ევრო 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ფინალის დღეს კიევში, 164 სხვადასხვა ტიპის სასტუმროში 10 ათასი ნომერი იყო დაკავებული: 119 სასტუმროში 8773 ნომერი, დანარჩენ 45-ში - 1664. მათგან ოთხ ხუთვარსკვლავიანში 870 ნომერი იყო, 18-ოთხვარსკვლავიანში - 1807, 21 სამვარსკვლავიანში - 3242, 21 ორვარსკვლავიანში - 1010, ექვს ერთვარსკვლავიანში - 175, 49 კატეგორიამიუნიჭებელში კი - 2147 ნომერი.

საინფორმაციო ცენტრ "უკრაინა-2012"-ის ცნობით, დონეცკს 300 ათასი ტურისტი ესტუმრა. მათგან 57 ათასი თვითმფრინავით ჩაფრინდა, 70 ათასი - რკინიგზით, დანარჩენები - საკუთარი ავტომობილით.

საერთაშორისო აეროპორტ "დონეცკს" დატვირთვის პიკი ესპანეთი-პორტუგალიის ნახევარფინალზე ჰქონდა: 232 რეისი 8 ათას მგზავრს მოემსახურა, სულ კი ტურნირის პერიოდში - 1337 რეისის 57 ათას მგზავრს.

დონეცკის საქალაქო ტრანსპორტმა უზარმაზარ დატვითვას გაუძლო, რადგან განახლებულ-გაზრდილი ავტოფარეხი წინასწარ იყო შემზადებული. ამას გარდა, ძალიან მოხერხებული გამოდგა "ფან-ზონა - სტადიონის" რეისი, რომელზეც 32 ავტობუსი გამოიყო.

სულ დონეცკში 78 ავტობუსი, 140 ტრამვაი და 175 ტროლეიბუსი მუშაობდა. მათგან ტრანსპორტის 80 საშუალება ღამის 3 საათამდე დაასაქმეს.

სტადიონის გარშემო 15 პარკირების ზონა სტუმართა 2 ათასამდე მანქანითა და ავტობუსით იყო "ოკუპირებული". მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, სტადიონის გარშემო საცობები თითქმის არ შექმნილა და ტრანსპორტი გამართულად მუშაობდა.

სტუმრები დონეცკის 13 118 ობიექტში დაბინავდნენ: 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების 1904 ნომერში, საერთო საცხოვრებლებსა და სანატორიუმების - 7304, კემპინგ-პარკების - 3900 ნომერში. ესპანეთი-პორტუგალიის ნახევარფინალზე სასტუმროების 98 პროცენტი დაიტვირთა.

11-27 ივლისს სულ დონეცკში 63 785 ნომერი იქირავეს. მათგან სატუმროებში 24 774 ადგილი მხოლოდ ღამით დაიკავეს, 23 654 - საერთო საცხოვრებლებსა და სანატორიუმებში, 15 357 - კემპინგ-პარკებში.

ნახევარფინალის დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების 13 ბრიგადა მუშაობდა: 9 სტადიონზე, 3 ფან-ზონებში, 1 - კემპინგ-პარკებში. კიდევ რამდენიმე სამედიცინო პუნქტი მოქმედებდა.

1300 მოხალისე სხვადასხვა სფეროში მუშაობდა: 350 მათგანი 30 საინფორმაციო პუნქტს ემსახურებოდა, რომლის დახმარებითაც 15 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.

8-27 ივლისამდე ევრო 2012-ზე დონეცკის ფან-ზონამ ნახევარ მილიონ ადამიანს უმასპინძლა, მაგრამ რეკორდი კიევმა მოხსნა და 1,5 მილიონი ფანი მიიღო - ფინალის დღეს კიევში 350 ათასი ტურისტი ჩავიდა. ბევრმა კარვები ქუჩაში გაშალა.

კიევს და დონეცკს დიდი მოთხოვნები იმიტომაც ჰქონდა, რომ პირველმა ფინალურ მატჩს უმასპინძლა, მეორემ - ნახევარფინალს და პლუს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს.

შესაძლოა, ასეთი მკაცრი მოთხოვნები სუპერთასის მასპინძლობაზე არც წამოგვიყენონ, მაგრამ ორიენტირად მაღალი თამასა უფრო გამოდგება, ვიდრე მინიმალური ზღვარი.

მაგალითად, "მიხეილ მესხი" 28 ათას მაყურებელს იტევს, ბილეთების 65 პროცენტი კი უეფას ეკუთვნის, ანუ 1 8200 ბილეთი. ამდენ ტურისტს სუპერთასზე უნდა გავუმკლავდეთ, მაგრამ თუ თბილისი ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის 2-3 შეხვედრას უმასპინძლებს, მაშინ საქართველოს დედაქალაქის დატვირთვა სამჯერ მაინც გაიზრდება.

...ევრო 2020-ის მასპინძელი 12 ქალაქიდან უეფამ საქართველოში ერთიც თუ არ შეარჩია, 2015 წლისთვის მაინც ვალდებულები ვიქნებით, დღევანდელზე უკეთესი სტადიონი, ბაზები, სასტუმროები და ინფრასტრუქტურა გვქონდეს - საამისოდ საქართველომ უეფაში სამთავრობო, ფინანსური და ყველა მოთხოვნის შესრულების გარანტიები წარადგინა.

გასაკეთებელი ბევრი კი არა, უზარმაზარია: სტადიონზე უნდა იყოს მინიმუმ 24 სატელევიზიო კამერის განსათავსებელი ადგილი, რომლითაც გარანტირებული იქნება მაღალი დონის ტელერეპორტაჟი.

საქართველოს 2 გუნდის მასპინძლობა მოუწევს და თითოეულს უნდა ჰქონდეს სავარჯიშო მოედნის არჩევის საშუალება. თანაც, ყველა ელიტ-კატეგორიის უნდა იყოს. ამ კუთხით შედარებით ნაკლები პრობლემაა: თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი "ბასა" ელიტ-კატეგორიის მოთხოვნებს მალე დააკმაყოფილებენ.

მარტო კარგი სტადიონი და ბაზები არ კმარა. ასეთი დონის მატჩის მასპინძლობა აეროპორტიდან და ქვეყნის ინფრასტრუქტურიდან იწყება.

სადღეისოდ თბილისში მაღალი კატეგორიის რამდენიმე სასტუმროა, პლუს მშენებარე და პროექტში მყოფი კიდევ რამდენიმე. ამას გარდა, საჭიროა ბევრი მცირე სასტუმრო და ჰოტელი.

საქართველოში განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა აეროპორტის გამტარუნარიანობა არის. დღეში მინიმუმ 100 ჩარტერული რეისის შესრულება დღეისათვის პრობლემური ჩანს, თუმცა, არა შეუძლებელი.

აუცილებელია აეროპორტების, მაგისტრალებისა და ტრანსპორტის (საზღვაო პორტებისა და სარკინიგზო სადგურების) მუშაობისა და ხარისხის გაუმჯობესება.

უეფა მასპინძელი ქვეყნისგან მოითხოვს, რომ ტურნირის დროს არ დაბეგროს უეფას ეგიდით გაყიდული პროდუქცია (სპორტული ატრიბუტიკა, გამაგრილებელი სასმელები), აგრეთვე, სარეკლამო ბანერები, შემოსავლები ბილეთებიდან...

ცხადია, ეს ყველაფერი ხარჯია, მაგრამ დიდ მოგებასაც უკავშირდება: მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს - ფინალის დღეს კიევში 500 ათასი ლიტრი ლუდი შეისვა და 100 ათასი ჰოთდოგი შეიჭამა.

ასე რომ, ჩვენი ბიზნესმენების საყურადღებოდ - 2015 წლის 12 აგვისტოს თბილისში მცირე სასტუმროების მოწყობით, ლუდისა და სოსის-ძეხვეულის გასაღებით მთელი წლის შემოსავლის ანაზღაურება შეიძლება და თადარიგის დაჭერა ნამდვილად ღირს.

ასევე იხილეთ:
უეფა 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობას ჯერ ბაქოს "ეხვეწებოდა"?!
ზვიად სიჭინავა: უეფას სუპერთასი თბილისში - ეს მხოლოდ დასაწყისია!
UEFA Super Cup 2015 - მიშელ პლატინი საქართველოზე კლიპმა მოხიბლა
კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის
ევროპის სუპერთასი და ვარსკვლავთცვენა თბილისში
Georgia-Azerbaijan EURO 2020 - რა მოთხოვნებს გვიყენებს უეფა
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ყოველთცის ძალიან პროფესიული სტატიაა მერაბ, ყოჩაღ! დაახლოებით ზუსტად გამოხატავს იმ სიკეთის შეფასებას, რაც მატერიალურად შეიძლება მივიღოთ1 რაც შეეხება მორალურ კმაყოფილებას სუპერთასის ფინალით- ამის შეფასება სიტყვებით შეუძლებელია!!!
MAMUKA
15:52 06-07-2012
0
ალბათ არ არსებოსბ 2 აზრი იამზე რო სუპერ თასი ქვეყანას უდიდეს მოგებას მოუტანს ერთი კვიირს განმავლობაში,არ მაქვს ლაპარაკი ევორპის ჩმეპიონატის თუნდაც ერტი თამაშის ჩატარებაზე
levani
18:03 06-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული