ზაზა ზამთარაძე: უნდა შევეგუოთ იმას, რომ აზერბაიჯანმა გაგვისწრო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონის, "ზესტაფონის" მარცხი ჩამპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს "ნეფთჩისთან" ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ყბად იღო.

მართლაც, მარგველთა 0:3, ალბათ, ყველასთვის მოულოდნელი შედეგი იყო.

ზაზა ზამთარაძეს, გიორგი კიკნაძესთან ერთად, უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია: "ოლიმპი", "ლოკომოტივი", "ტორპედო"...

ზამთარაძე ამ დროისთვის მწვრთნელად არ მუშაობს, თუმცა ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებისგან განზე არ დგას და არსებული მოცემულობა კარგად იცის.

ზამთარაძეს "ნეფთჩი"-"ზესტაფონის" მატჩის გარდა, ზოგად საკითხებზეც ვესაუბრეთ.

- კანონზომიერად მიგაჩნიათ "ზესტაფონის" წაგება "ნეფთჩისთან" ასეთი ანგარიშით?
- ძალიან კი გვინდა, რომ საქართველოს ჩემპიონი
აზერბაიჯანის ჩემპიონს ამარცხებდეს, მაგრამ ისიც ხომ უნდა ვიკითხოთ, რა საფუძველი აქვს ჩვენს სურვილს. რა კრიტერიუმით უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ჩემპიონი "ნეფთჩის" მოუგებს?

- ფეხბურთში გენეტიკაც რაღაცას ნიშნავს. ალბათ, აზერბაიჯანელს ისე არ შეუძლია ფეხბურთის თამაში, როგორც ქართველს...
- 20-30 წლის წინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ასე მსჯელობა, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა. მხოლოდ გენი არაფერს ნიშნავს. როცა საფეხბურთო გენეტიკაზე ვსაუბრობთ, ზედმეტობაში არ უნდა წავიდეთ.

დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ აზერბაიჯანი ფეხბურთში ჩვენზე წინ დგას. შესაძლოა, იქ მთლად სწორად არ იხარჯება ფული ფეხბურთში, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ გაგვისწრეს.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რომელიმე ქართულ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ევროპალიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდეს?
- თუ ვინმე ამბობს, რომ ამის შანსი არის, მე მისი არ მჯერა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მიზანმიმართული, სწორი მუშაობა.

ვნახეთ, რა გუნდიც არის ყაზახური "აქტობე" - საკმაოდ ძლიერი, განსწავლული, ორგანიზებული, გამოცდილი, საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ყოველივე ეს კი უცბად არ მოდის. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს ქართული კლუბები არ არიან მზად ევროსარბიელზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის.

არ გამოვრიცხავ, რომ ერთხელ, შემთხვევით, რომელიმე ჩვენი გუნდი მოხვდეს ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ფეხბურთი შემთხვევითობა არ არის, შემთხვევითობის იმედზე არ უნდა ვიყოთ.

- გიმუშავიათ რამდენიმე ქართულ კლუბში და კარგად უნდა იცნობდეთ ვითარებას - მაინც რაშია საქმე, რა არის მთავარი პრობლემა? ფაქტია, "ზესტაფონი" წლობით ნაშენები გუნდია და ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე გამართულ ფეხბურთსაც თამაშობდა, თუმცა ბაქოში სულ სხვა გუნდად წარმოაჩინა თავი...
- გარედან უფრო ლამაზად ჩანს სიტუაცია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ეს "ზესტაფონი", ფაქტობრივად, ოთხი წლის გუნდი კი არის, მაგრამ გუნდისთვის გადახალისებაც აუცილებელია. ზოგიერთმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი ამოწურა ამ გუნდში და ცვლილებები იყო საჭირო.

არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის წინ გუნდიდან გიორგი ონიანის გაშვება. ეს მცველი სადაც უნდა მივიდეს, ყველგან საკვანძო ფეხბურთელი იქნება.

გაუგებარია, როგორ შეელია "ზესტაფონი" შოთა გრიგალაშვილსაც. როცა ასეთი ფეხბურთელები მიდიან გუნდიდან და თან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გინდა შესვლა, მაშინ მაღალი კლასის ლეგიონერების მოწვევის აუცილებლობა იქმნება.

- ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. დაახლოებით რა ბიუჯეტია საჭირო, ქართული გუნდი ევროპალიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდეს?
- ამისთვის კოლოსალური თანხები აუცილებელი არ არის. რუსები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ფეხბურთში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსულ კლუბებს უჭირთ ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.

ამას წინათ "სოვეტსკი სპორტში" დონეცკის "შახტარის" პრეზიდენტის, რინატ ახმეტოვის ინტერვიუ წავიკითხე. ისიც დიდ ფულს ხარჯავს ფეხბურთში და ამავე დროს, რეალურად მსჯელობს, გაცნობიერებული აქვს, რომ მისი გუნდი, რაც უნდა მას დიდი ფული დაახარჯოს, "რეალის" და "ბარსელონას" დონემდე უცბად ვერ მივა.

ანუ, ფულის გარდა, სწორი მუშაობაცაა საჭირო - კლუბის აკადემიის გამართულად ამუშავება, ნიჭიერი ბავშვების აღზრდა და ამავე დროს, გუნდში უკვე ჩამოყალიბებული, მაღალი დონის ფეხბურთელების მოწვევა, რომლებისგანაც დამწყებმა ფეხბურთელებმა მაგალითი უნდა აიღონ.

როცა გუნდი მოედანზეა, ახალგაზრდა ფეხბურთელს მწვრთნელი ისე ნაყოფიერად ვერ დამოძღვრავს, როგორც მისი გამოცდილი და კლასიანი თანაგუნდელი. მერწმუნეთ, ამ ყველაფრის გარეშე წინსვლაზე ლაპარაკი უადგილოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აბრაგანი აზერბაიჯანულად - ვინ არის პირველი ამიერკავკასიაში?
აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში
ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ
დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო
თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია
ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩიც გვაქვს
"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბატონო დავით,
გენეტიკა რა არის?
ramo
14:00 20-07-2012
0
სიმართლე თუ გინდათ ის არის, რომ ქართველმა ადამიანმა დეგრადაცია განიცადა. ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება. ყველა სფეროში ასეა. ფული მართავს ყველაფერს. არავითარი პატრიოტიზმი, არავითარი ერთგულება, ყველაფერი გასაყიდია საქართველოში, სინდისიც კი. ბავშვებიდანვე უნერგავენ ამას, უნდა ითამაშოს კარგად რომ კარგად გაიყიდოს..... ეს არის თავი და თავი... სხვა ახსნა-განმარტებები მეორადია...
0

სიახლეები პოპულარული