კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის, ბაქოს "ინტერის", მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს საქართველო-აზერბაიჯან-ყაზახეთის ერთობლივ ჩემპიონატზე ინტერვიუ ვთხოვეთ:

- ერთი შეხედვით, ცუდი მოსაზრება არ არის, მიმაჩნია, რომ გარკვეულად სამივე ქვეყნის ფეხბურთის განვითარებასაც წაადგება, მაგრამ რამდენიმე პრობლემა არსებობს.

პირველი - მეშინია, რომ ერთი ქვეყნის გუნდების შეხვედრებში ფეარ პლეის პრინციპები დაცული არ იქნება. მეორე - სჭირდება უეფას მსგავსი ტურნირი? მესამე - როგორ გადანაწილდება უეფას ტურნირებზე მონაწილეობის კვოტები? ეს უკანასკნელი პრობლემური გახდება და დაფიქრებას მოითხოვს.

- ფიქრობთ, რომ საბჭოთა II ლიგის გარიგება-ჩაწყობები განმეორდება?
- ასე პირდაპირ
ვერ ვიტყვი, მაგრამ არც გამოვრიცხავ. საერთოდაც, ბევრი რამ დაულაგებელია.

- საერთოდ, აზერბაიჯანელების პოზიცია დღემდე უცნობია.
- სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, აზერბაიჯანელები რას ფიქრობენ, რადგან აჟიოტაჟი საქართველოშია, აქ საჯარო განხილვაზე არაფერი მსმენია, წერილები არც გაზეთებსა თუ ინტერენეტში წამიკითხავს.

- მწვრთნელებისა და ფეხბურთელების პოზიცია მაინც გეცოდინებათ.
- ხომ გეუბნებით, აზერბაიჯანში ეს საკითხი ჯერ აქტუალური არ არის. მეორე მხრივ, არა მგონია, სიჭინავას აზერბაიჯანელებთან შეუთანხმებლად ელაპარაკა. თუმცა, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში მთავარი უეფას პოზიცია იქნება.

- თქვენი აზრით, უეფა მის ჩატარებას დაგვიშლის?
- რუსეთმა და უკრაინამ გაერთიანებული ჩემპიონატის ბიუჯეტისთვის უკვე მილიარდი დოლარი გამონახეს, მაგრამ უეფა და ფიფა ასეთ მასშტაბურ ტურნირსაც ეწინააღმდეგებიან. სხვათა შორის, რეგიონული ტურნირის იდეა არც მათი მოგონილია, არც ბალტიისპირელების და არც სკანდინავიელებისა. 10 წლის წინათ ამაზე პირველად ჰოლანდიელები და ბელგიელები დაფიქრდნენ და ჩრდილოატლანტიკური ლიგის დაფუძნება სურდათ. მაგრამ ფიფა და უეფა წინააღმდეგი წავიდნენ - პროექტი ან ჩაიშალა, ან დააკონსერვეს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, უეფამ უარი გვითხრას, კონსერვატიული ორგანიზაციაა და ასეთ სიახლეებს ფრთხილად ეკიდება.

მეორეც ფაქტორიც გავითვალისწინოთ: ჰოლანდიელების და ბელგიელების მენტალიტეტი ჩვენი, აზერბაიჯანელებისა და ყაზახებისგან განსხვავებულია და მათსავით სპორტული პრინციპების დაცვას და ორგანიზებას მოვახერხებთ?

- რუსები თავისას მაინც არ იშლიან და გაერთიანებულ ლიგაში უკრაინელთა გარდა, მხოლოდ ბელარუსის ბატეს და მოლდოვის "შერიფს" იწვევდნენ. ახლახან შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" ხილვაც სურთ - აზერბაიჯანელებს თუ იწვევენ?
- გაერთიანების შემთხვევაში, რუსები უმაღლესი და პირველი ლიგების ჩამოყალიბებას აპირებენ - უმაღლესში მხოლოდ უკრაინულ-რუსული კლუბები წარმოუდგენიათ, ალბათ, პლუს ბატე, "შერიფი" და ალბათ, "დინამოც". სხვებზე არაფერი მსმენია.

როგორც ვიცი, აზერბაიჯანულ კლუბებს პირველ ლიგაში განიხილავენ და ამიტომაც არა მგონია, ეს აზერბაიჯანელებისთვის მისაღები იყოს.

თბილისის "დინამო" სხვა შემთხვევაა. რუსი გულშემატკივრის ნაწილს ამ გუნდის ლამაზი და აზრიანი ფეხბურთი დღემდე ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის შემდეგ, ძველი პოზიციები ვერ შეინარჩუნა, ის მაინც ბრენდი და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ორგზის ჩემპიონი, ორგზის თასის და მრავალი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. არ გამიკვირდება, რუსებს მისი ნოსტალგია რომ ჰქონდეთ. ეს ყველა ქართველს ეამაყება.

- კარგით, თემას დავუბრუნდეთ: თქვენი აზრით, ქართულ-აზერულ-ყაზახური ჩემპიონატი მაყურებელს დააინტერესებს?
- შესაძლოა, მაგრამ დღევანდელზე მხოლოდ ოდნავ მეტად. გასაგებია, რომ საერთაშორისო მატჩები ხალხს დააინტერესებს და მაგალითად, "დინამო"-"ნეფთჩის" მაყურებელი ეყოლება. მაგრამ მეეჭვება, "დინამოსა" და ვთქვათ, "ჩიხურას" ან სხვა ქართული გუნდების მატჩებზე სტადიონები შეივსოს.

- რა განსხვავებაა აზერბაიჯანული და ქართული კლუბების ბიუჯეტებში?
- ძალიან დიდი განსხვავებაა. საპრიზო ფონდი 50 მილიონი იქნებაო, მაგრამ ეს სამი აზერბაიჯანული კლუბის ბიუჯეტი თუ იქნება. აქ ზოგიერთს წლიურად 20-25 მილიონ დოლარსაც ახარჯავენ. არ ვიცი, ამდენი ფული ერთად აღებული ყველა ქართულ კლუბს ექნება? ამით აზერბაიჯანელები აშკარად გვისწრებენ, მაგრამ რომ იცოდეთ, ყაზახებს მათზე მდიდარი კლუბები ჰყავთ.

- სწორედ ესა დასაფიქრებელი, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ქართული ფეხბურთის ისედაც წახდენილი სახელი კიდევ უფრო არ გაითელოს. ბიუჯეტებში ამხელა სხვაობა კლასზე აუცილებლად აისახება.
- ცხადია, ეს საფუძვლიანი შიშია. მე ერთ მაგალითს სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვითაც გეტყვით. ჩემი გუნდის მოთამაშეები შეხვედრაში მინიმუმ 10-12 კილომეტრს დარბიან. წამყვან აზერბაიჯანულ კლუბებშიც დაახლოებით იგივე მაჩვენებლებია. ცხადია, ჯერ ევროპულებს ჩამორჩებიან, მაგრამ ნელ-ნელა სხვაობას ამცირებენ და ფაქტია, რომ აზერბაიჯანული ფეხბურთის დონე იზრდება.

"ინტერში" ერთი ნახევარმცველი მყავს, რომელმაც სულაც 15 კილომეტრი დაფარა. დღეს ამხელა სამუშაოს ბევრი ქართველი მოთამაშე ასრულებს? საქართველოს ჩემპიონატის პირველი ექვსეულის შეხვედრებს რომ ვუყურებ, ტემპი აშკარად დაბალია და ფეხბურთელები ცოტას მოძრაობენ.

მაგრამ მეორე მხრივ, საერთაშორისო დაპირისპირებაში გუნდები ბევრს ინდომებენ და თავდამსხმელი რომ 12 კილომეტრს ირბენს, ცხადია, მცველი 2 კილომეტრზე ვერ გაჩერდება, თორემ აშკარად დაიჩაგრება. თანაც, ერთმანეთთან თამაშები მოთხოვნებს ჩვენს კლუბებშიც გაზრდის. მაგრამ საამისოდ, დრო დაგვჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა ჩვენები რამდენს დარბიან
lasha
14:14 21-04-2013
0
ამ ჩვენს დომენტის კი ულაპარაკია აზერბაიჯანელებთან,მაგრამ მარნეულელ აზერბაიჯანელებთან.ესენი კი,თანახმანი არიან.ესენი საერთოდ ყველაფერზე და ყოველთვის თანახმანი არიან.აი იქაურმა აზერბაიჯანელებმა კი ჯერ არაფერი იციან - სიურპრიზად ვუნახავთ.ჩავა მიშა და გაახარებს...
ciba
16:30 21-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული