პროექტი დასრულდა - გაგრძელდება "კომენტატორი"?

AutoSharing Option
პროექტი "კომენტატორი" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებული საფეხბურთო შოუა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 1-მა არხმა ამ პროექტის განხორციელება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით გადაწყვიტა.

სწორედ აქედან გამომდინარეობდა გაზეთ "ლელოს" სურვილი, რომ გამხდარიყო პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი.

თავდაპირველად კონკურსში 83 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათ კონკრეტული მატჩის რამდენიმეწუთიანი ფრაგმენტის კომენტირება უწევდათ. ყოველი ტურის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე მხოლოდ საუკეთესოები გადადიოდნენ, გამარჯვებულს კი ჟიურის წევრები ადგენდნენ: რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე, პირველი არხის სპორტული კომენტატორი დავით მინაშვილი და ვეტერანი ფეხბურთელი დავით მუჯირი.

საბოლოოდ, პროექტს ლევან ჩხაიძე და ნოდარ სიმსივე
შემორჩნენ - უდავოდ ნიჭიერი და პერსპექტიული კომენტატორები. მათ ფინალში რთული დავალებების შესრულება მოუხდათ: ეროვნული თასისა და უცნობი მატჩის 5-წუთიანი ეპიზოდების კომენტირება და მინი-ვიქტორინა.

საბოლოოდ, ჟიურიმ გამარჯვებულად ლევან ჩხაიძე გამოაცხადა, რომელთანაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მეორე ადგილზე გასული ნოდარ სიმსივე კი 2013 წლის სუპერთასს პრაღიდან პირდაპირ ეთერში დავით მინაშვილთან ერთად გაუძღვება. პლუს, ორივე ფინალისტი ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებს გაზეთ "ლელოს".

დაჯილდოვდა საუკეთესო მონაწილე გოგონა, ვებ-გვერდის საშუალებით გამოვლინდა ხალხის სიმპათია - ერთ-ერთი პრიზი კი ჩვენს კოლეგას, ეკა ელოშვილს ერგო.

ლევან ჩხაიძე:
"ასეთ ფინალს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მადლობა "საზოგადოებრივ მაუწყებელს", ჩემს გულშემატკივრებსა და კონკურსანტებს. ბედნიერი ვარ, ბევრი კარგი ადამიანი რომ გავიცანი და დავმეგობრდით. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს, რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა კომენტატორია და მათაც უნდა იგრძნონ ის სიხარული, რაც დღეს მე განვიცადე".

ნოდარ სიმსივე:
"უპირველესად, ლევანს ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ. დარწმუნებული ვარ, ის ამ ერთი წლის განმავლობაში კომენტატორობას თავს ღირსეულად გაართმევს. მე კი იმითაც ბედნიერ ვარ, მეგობრები რომ შევიძინე და ცხოვრების წიგნი ლამაზი ფურცლით გავამდიდრე".

დავით მინაშვილი:
"მონაწილეთა უმრავლესობამ მიუთითა, რომ მათი ოცნება კომენტატორობა იყო და ჩვენ ეს ოცნება ავუსრულეთ. მიმაჩნია, რომ წარმატებული პროექტი იყო. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეები დამეგობრდნენ. რაც მთავარია, ნიჭიერი ახალგაზრდების მთელი ჯგუფი გამოჩნდა. იმედია, რომ "კომენტატორი" მომავალი წელსაც გაგრძელდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული