არადა, საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონების პაექრობას არაფერი დაეწუნებოდა.
რა თქმა უნდა, ახალი სეზონის პირველ მატჩში (მით უფრო, ამხანაგურში) ნებისმიერი გუნდის მთავარი მწვრთნელი შედეგზე მეტად ფეხბურთელების შეთამაშებას ანიჭებს უპირატესობას.
ამ მხრივ, გამონაკლისი არც "დინამო"-"შირაქის" შეხვედრა იყო (ისე, ოდნავ გვიან რომ დაწყებულიყო, იქნებ უფრო მეტი აუდიტორიაც ჰყოლოდა): ქართულ-სომხური საფეხბურთო "ტრადიციული დაპირისპირების" გარდა, ყველას
...საქართველოს ჩემპიონის ძირითად შემადგენლობას ოპტიმალურს ნამდვილად ვერ დავარქმევდით: გიორგი ლორია და ირაკლი ძარია გუნდს ოდნავ გვიან შეუერთდნენ და დუშან უჰრინმაც მათი დასვენება გადაწყვიტა; მიკელ ალვარო ტრავმის გამო არ თამაშობდა, დარკო გლიშიჩი კი "დინამოს" ავსტრიაში შეუერთდება.
როგორც მოსალოდნელი იყო, არ უთამაშია დინამოელთა ახალწვეულს დავით კვირკველიას: 32 წლის მარცხენაფლანგელმა 17 ივნისს, შუადღისას გააფორმა კონტრაქტი იმ გუნდთან, რომლის შემადგენლობაშიც 2003-04 წლებში ყველაფრის მოგება (საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი, "თანამეგობრობის თასი") მოახერხა.
ასეთი დანაკლისიდან გამომდინარეც იყო ძირითადში ორი "ახალი სახის" გამოჩენა: 20 წლის ლაშა შინდაგორიძე თავისთვის უჩვეულო, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, უკრაინელი იგორ პროკურორი კი "დინამოში" სინჯებზეა.
სწორედ შინდაგორიძის გარღვევას მოჰყვა პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან, თუმცა ჯაბა დვალმა ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა. ეს ყველაფერი მე-11 წუთზე მოხდა, თუმცა ამ დროისათვის ანგარიში უკვე გახსნილი იყო: "შირაქის" ლეგიონერებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, სენეგალელი დამე დიოპის პასით კოტდივუარელი ისმაელ ფოფანა ჩვენს საჯარიმოში შეიჭრა და ჯერ უსტარიცი გააბითურა, მერე კი ზუსტად დაარტყა!
სხვათა შორის, ისმაელ ფოფანამ მატჩის დებიუტშივე გაიტანა გოლი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს.
საერთოდაც, პირველ ტაიმში სტუმრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ და, სულ მცირე, ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს: ერთ ეპიზოდში კენიელი ჯორჯ ოდიამბოს გარღვევას გივი კვარაცხელია გადაეღობა, ტაიმის მიწურულს კი, როცა "დინამო" მთელი გუნდით წინ წავიდა, "შირაქმა" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და კინაღამ მეორე გოლიც გაგვიტანეს.
შესვენების შემდეგ "დინამოს" შემადგენლობაში ერთდროულად 5 ახალი ფეხბურთელი შემოვიდა, ირაკლი ლექვთაძე კი პირველ ტაიმშივე გამოჩნდა და მატჩის ბოლომდე ერთობ აქტიურიც გახლდათ. თუმცა, დინამოელთა შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეულნი ცენტრალური ნახევარმცველები, 29 წლის პეტერ გრაიციარი და 20 წლის გიორგი პაპავა გახლდნენ. ეს უკანასკნელი მეტოქეს კონტრიერიშების საშუალებას ხომ არ აძლევდა, ამასთან, შეტევაშიც ხშირად მიდიოდა და შორი თუ საშუალო მანძილიდან ზედიზედ სამჯერ სახიფათოდ დაარტყა.
ახალგაზრდა "საყრდენს", ბოლოს და ბოლოს, ეს აქტიურობა დაუფასდა: ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი მიქაბერიძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბევრი იბრძოლეს, მერე კი პაპავამ ფეხის წვერით ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" გაგზავნა!
არანაკლებ "დაგეშილი" იყო გოლზე გრაიციარიც: სლოვაკი ნახევარმცველი ასევე შორეული დარტყმებით ცდილობდა ბურთის გატანას, მაგრამ "შირაქის" მეკარეს, არუთინ არუთინიანს ვერ აჯობა. გოლის შანსი ჰქონდათ ჩისკოს, გიორგი გველესიანს და ირაკლი ლექვთაძეს და საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში "დინამოს" უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო.
აი, რაც შეეხება სტუმრებს, მხოლოდ ორჯერ შემოგვიტიეს და ორჯერვე დინამოელთა მარცხენა ფლანგი "ჩავარდა", - არადა, ორივე ეპიზოდში სტუმრებს დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, თბილისიდან გამარჯვებულები წავიდოდნენ. მით უფრო, რომ ბოლო მომენტი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში შექმნეს.
იხილეთ ვიდეო
საბოლოოდ კი ისეთი შედეგი დაფიქსირდა, ასეთი შინაარსის მატჩებისათვის რომ არის "დამახასიათებელი". საერთოდაც, მთელი მატჩი უაღრესად კორექტულად მიმდინარეობდა, მაგრამ აი, მოედნის მიღმა კი ვერ მოხდა კარგი ამბავი: შეხვედრის დასრულების მერე "დინამოსა" და "შირაქის" ფანებმა იჩხუბეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია
დუშან უჰრინი: არ ვფიქრობ, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გაქვთ
რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა