გორის "დილამ" ტექნიკური სპონსორი და ახალი ფორმა წარმოადგინა

AutoSharing Option
გორის "დილას" ტექნიკური სპონსორი სპორტული ინვენტარის მწარმოებელი კომპანია "სალერი" გახდა - ყოველივე ეს 16 ივლისს დაფიქსირდა მასმედიის თვალწინ, ამ ფირმის მაღაზიაში.

გერმანული კომპანიის პარტნიორი საქართველოში "იბერია ბიზნეს ჯგუფია". ღონისძიებაზე იყვნენ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გორის "დილას" მენეჯერი გია ისიანი, "დილას" კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე და "დილას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გულვერდ თომაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, "დილა" დანიურ "ოლბორგს" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს და "დილას" ფეხბურთელები მოედანზე სწორედ "სალერის" სამოსით გავლენ.

საშინაო
მატჩებზე "დილას" ფეხბურთელები ბორდოსფერ მაისურსა და ტრუსს ჩაიცვამენ, საგარეო - ცისფერი იქნება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
- ვფიქრობ, საინტერესო პროექტს მოვკიდეთ ხელი. ჩვენი სურვილია, რომ "სალერი" გახდეს ლიდერი და სერიოზული წვლილი შეიტანოს საქართველოში სპორტისა და კონკრეტულად, ფეხბურთის განვითარებაშიც. იგი წარმატებულად აწარმოებს სპორტული ეკიპირების გაყიდვას საქართველოში.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ყველა გუნდს ამ ფირმის ფორმა აცვია, უმაღლესი ლიგის ექვსი გუნდიც "სალერით" შეიმოსება.

მალე ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობითაც გავაფართოებთ მოქმედების არეალს. თუ მშობლებისთვის პრობლემაა ბავშვის ეკიპირება, ვეცდებით, რომ ამაში შეღავათი გავუწიოთ.

დაინტერესებულები ვართ ინფრასტრუქტურული პროექტებითაც. საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ჩვენი პარტნიორია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ ბავშვთა ფეხბურთში.

რაც შეეხება "დილას", მარტო ფორმის ჩაცმა არ არის ტექნიკური სპონსორობა. კლუბი საუკეთესო ფასად შეიძენს ეკიპირებას და საჩუქრად მიიღებს ფორმას დუბლშემადგენლობისა და ახალგაზრდული გუნდისთვისაც. თუ "დილა" ევროსარბიელზე ეტაპებს გაივლის, დამატებითი, უკეთესი პირობები ექნება ფირმისგან.

გორის "დილამ" ძალიან კარგი სპეციალისტი გიორგი დევდარიანი მიიწვია და ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ კლუბი ერთი დღით არ ცხოვრობს და წინ იხედება.

"დილასთან" ორწლიან პროექტზე ვაწერთ ხელს და ჩვენი სურვილია, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს.

გორში ფანშოპის გახსნას ვაპირებთ. "დილაში" სახელიანი ფეხბურთელები თამაშობენ და კლუბს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ტექნიკურ სპონსორობაში ესეც იგულისხმება. სწორად უნდა დავიწყოთ საფეხბურთო ინდუსტრიის შენება და წინსვლა აუცილებლად გვექნება.

გია ისიანი:
- კარგია, რომ "დილას" ტექნიკური სპონსორი გამოუჩნდა. ყველანი კმაყოფილები ვართ, პირველ რიგში, ეს ფეხბურთელებზე ითქმის. ხარისხი და კარგი დიზაინი - რაც აუცილებელია, ფირმამ ყველაფერი შემოგვთავაზა.

ეკიპირება გუნდს გუშინ გადავეცით. "დილა" სასტუმრო "ბომონდ გარდენშია" შეკრებაზე და საგურამოს ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდს ავტობუსიც ემსახურება და ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ "ოლბორგთან" მატჩისთვის კარგად მოემზადოს.

* * *
17 ივლისს "დილა" გენერალურ სპონსორს გაგვაცნობს - ეს არის ქართული კომპანია "ავტოგაზპრომი".

ჯერჯერობით რუსული "გაზპრომის" დარი გიგანტები ქართულ ფეხბურთში ფულს არ აბანდებენ, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ "დილას" გენერალური სპონსორი გამოუჩნდა, სასიამოვნოა.

"დილა" 18 ივლისს, "ოლბორგთან" მატჩში, მაისურზე "ავტოგაზპრომს" ვერ დაიწერს, რადგან ამის შესახებ უეფასთვის თამაშამდე ათი დღით ადრე უნდა ეცნობებინა.

როგორც "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა გვითხრა, "ოლბორგთან" თბილისური მატჩისთვის გორიდან გულშემატკივრები 5-6 ავტობუსით ჩამოვლენ.

ცხადია, "დილას" მხოლოდ მათი ქომაგობა ვერ დააკმაყოფილებს და სტადიონზე თუ გაცილებით მეტი გულშემატკივარი ეყოლება, მხნეობაც მეტად მოემატება დანიელების დასაჯაბნად.

ბილეთის ფასი 3 ლარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული