ქართული კლუბები ევროთასებზე: დღევანდელი ილუზია და წარსულის რეალობა

AutoSharing Option
უკვე რამდენი წელიწადია, ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ძალთა გათანაბრების პროცესი მიმდინარეობს და აღარც ის უკვირს ვინმეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რუმინული "კლუჟი", ბელარუსული ბატე, მოლდოვური "შერიფი", სლოვენიური "მარიბორი" თუ სლოვაკური "ჟილინა" რომ ხვდებიან.

აი, ახლაც, ყაზახეთის ჩემპიონი, ყარაღანდის "შახტიორი", ფაქტობრივად, გასულია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მოკლედ, ყველა ვარიანტში გარანტირებული აქვს ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა - ან ჩემპიონთა ლიგაში, ან კიდევ ევროპის ლიგაში...

და, ჩვენ? სამწუხაროდ, ჩვენ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ყოველ წელიწადს ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებს ვეძებთ იმის ასახსნელად, თუ რატომ
ვერ აღწევს ესა თუ ის ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე.

ხანდახან ეიფორია შეგვიპყრობს ხოლმე: საწყის ეტაპ(ებ)ზე ჩვენზე ბევრად სუსტ მეტოქეს (თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთები ჯერჯერობით კვლავაც მრავლად არიან) შთამბეჭდავი ანგარიშით მოვუგებთ და მაშინვე ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ილუზია ჩნდება!

თუმცა, საკმარისია, მომდევნო წრეში მეტ-ნაკლებად ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდეს და ყველაფერი იქ მთავრდება!

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ იღბალიც ბევრ რამეს წყვეტს და ამის დასტურად წლევანდელი ევროტურნირებიც გამოდგება.

მაგალითად, დიდი შანსი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას თბილისის "დინამოს" ბევრად უფრო სუსტი მეტოქე შეხვედროდა, ვიდრე - ბუქარესტის "სტიაუა".

რა თქმა უნდა, არავინ იცის, ასეთ შემთხვევაში რა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ მაინც გვჯერა, რომ ჩვენს ჩემპიონს, თუნდაც კვიპროსულ აპოელ-თან, წარმატების უფრო მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე რუმინულ გრანდთან...

...1972 წლის 13 სექტემბერი მართლაც ისტორიული თარიღია: სწორედ ამ დღეს შედგა ქართული გუნდის დებიუტი ევროტურნირებზე: თბილისის "დინამომ" უეფას თასის 1/32-ფინალში ჰოლანდიურ "ტვენტეს" უმასპინძლა და 3:2 (გოლები: გივი ნოდია - 2, დავით ყიფიანი) დაამარცხა.

ამის მერე, 1995 წლამდე, ევროტურნირებზე საქართველოს მხოლოდ თბილისის "დინამო" წარმოადგენდა.

შემდეგ კიდევ 16-მა ქართულმა კლუბმა იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა (ადრე უეფას თასი რომ ერქვა) თუ აწ უკვე გაუქმებულ თასების მფლობელთა თუ "ინტერტოტოს" თასზე: ბათუმის "დინამომ", "სამტრედიამ", ზესტაფონის "მარგვეთმა", ფოთის "კოლხეთმა", თბილისის "მერანმა", ქუთაისის "ტორპედომ", თბილისის "ლოკომოტივმა", თბილისის "ვიტ ჯორჯიამ", ბოლნისის "სიონმა", "თბილისმა", გორის "დილამ", თბილისის "ამერმა", "გაგრამ", "ზესტაფონმა", რუსთავის "მეტალურგმა" ("ოლიმპმა"), საჩხერის "ჩიხურამ".

შედეგიც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა იყო, თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენს გუნდებს საშინაო მატჩი წაუგიათ, მაგრამ საპასუხოში უყოჩაღიათ და შემდეგ წრეშიც გასულან.

მოკლედ, ხვდებით, ალბათ, საითკენაც "ვუმიზნებთ" - ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორი ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა "სტიაუამ" თბილისურ შეხვედრაში, მაგრამ ხომ შეიძლება "დინამომ" პატარა სასწაული მოახდინოს და რუმინეთის ჩემპიონს სტუმრად ყველა ქართველი ქომაგისთვის სასურველი ანგარიშით მოუგოს?..

მივბაძოთ ამერსა და დილას
დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე 1993 წლიდან ასპარეზობენ.

იქიდან მოყოლებული, დღემდე 18 შემთხვევა იყო, როცა ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ, საშინაო მატჩში ქართული კლუბები მარცხდებოდნენ.

ეს კი, ფაქტობრივად, ევროტურნირებიდან გამოთიშვას ნიშნავდა და, უმეტეს შემთხვევაში, საპასუხო შეხვედრებს აზრი ეკარგებოდა. აი, ასეთი მატჩების ჩამონათვალიც:

1995 წელი. თასების თასი. 1/16 ფინალი
დინამო (ბათუმი)-სელტიკი (შოტლანდია) 2:3, 0:4;

1998 წელი. უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
კოლხეთი (ფოთი)-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) 0:4, 0:7;

1999 წელი. უეფას თასი. 1/64 ფინალი

ტორპედო (ქუთაისი)-აეკ (საბერძნეთი) 0:1, 1:6;

ლოკომოტივი (თბილისი)-პაოკ (საბერძნეთი) 0:7, 0:2;

2000 წელი. უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ვიტ ჯორჯია (თბილისი)-ბეითარი (ისრაელი) 0:3, 1:1;

2004 წელი. ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ვიტ ჯორჯია (თბილისი)-ვისლა (პოლონეთი) 2:8, 0:3;

თბილისი-ლეგია (პოლონეთი) 0:1, 0:6;

2005 წელი. უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო (ქუთაისი)-ბატე (ბელარუსი) 0:1, 0:5;

2005 წელი. ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო (თბილისი)-ბრონდბიუ (დანია) 0:2, 1:3;

2007 წელი. უეფას თასი. II საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო (თბილისი)-რაპიდი (ავსტრია) 0:3, 0:5;

2009 წელი. ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ზესტაფონი-ჰელსინგბორგი (შვედეთი) 1:2, 2:1 (დდ 2:2);

2010 წელი. ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
ვიტ ჯორჯია (თბილისი)-ბანიკი (ჩეხეთი) 0:6, 0:0;

2011 წელი. ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი

მეტალურგი (რუსთავი)-რენი (საფრანგეთი) 2:5, 0:2;

2012 წელი. ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
მეტალურგი (რუსთავი)-პლზენი (ჩეხეთი) 1:3, 0:2;

2013 წელი. ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო (ქუთაისი)-ჟილინა (სლოვაკეთი) 0:3, 3:3;

2013 წელი. ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო (თბილისი)-სტიაუა (რუმინეთი) 0:2, ?:?

როგორც ხედავთ, არცთუ დამაიმედებელი სტატისტიკაა, თუმცა ორი სასიამოვნო გამონაკლისიც გვაქვს - ანუ, როცა ქართულ გუნდს პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე წაუგია, მაგრამ საპასუხოში გაუმარჯვია და მომდევნო ეტაპზეც გასულა.

პირველი შემთხვევა 2006 წელს იყო, როცა ევროტურნირების დებიუტანტი თბილისის "ამერი" უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ სომხურ "ბანანცთან" დამარცხდა (0:1), თუმცა გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილმა გუნდმა საპასუხო მატჩში იყოჩაღა, 2:1 (გოლები: რატი წინამძღვრიშვილი, დენის დობროვოლსკი) მოიგო და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

მეორე შემთხვევა კი შარშან იყო, როცა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილამ" შინ წააგო კვიპროსის "ანორთოსისთან" (0:1); თუმცა საპასუხო მატჩი ჩინებულად ჩაატარა და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მათე ვაწაძისა (დუბლი) და ლაშა სალუქვაძის გოლებით 3:0 იგებდა.

მოვლენების ამგვარი განვითარება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა "ანორთოსისის" ქომაგებისთვის, რომ აღშფოთებულებმა ლამის მთელი ტრიბუნები დაანგრიეს. 83-ე წუთზე თამაში ჩაიშალა და "დილას" ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვალა.

მსგავს შედეგთან ახლოს იყო "ზესტაფონი": 2009 წელს გია გეგუჩაძის გუნდი შინ დამარცხდა (1:2) ჰენრიკ ლარსონით გაძლიერებულ "ჰელსინგბორგთან" (გოლი: ალექსი ბენაშვილი), საპასუხო შეხვედრაში კი ხმაურიან სენსაციას აღარაფერი უკლდა: ჯაბა დვალისა და ნიკოლოზ გელაშვილის გოლებით "ზესტაფონი" 2:0-ს იგებდა და მსაჯის მიერ დამატებული ოთხი წუთი რომ იწურებოდა, სწორედ მაშინ შეძლეს შვედებმა გოლის გატანა და თამაშის დამატებით დროში გადაყვანა.

აი, იქ კი კვლავაც "ჰელსინგბორგმა" ივარგა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

აუცილებლად წასაკითხი

რატომღაც ისე დამკვიდრდა, რომ როცა ევროტურნირებზე ქართული გუნდების მონაწილეობის პერიპეტიებს ვიხსენებთ, ათვლის წერტილად ყოველთვის 1993 წელს მივიჩნევთ ხოლმე.

არადა, როგორ შეიძლება იმ თბილისის "დინამოს" დავიწყება, 1972-1987 წლებში რომ ასპარეზობდა ევროტურნირებზე და რომლისთვისაც მეოთხედფინალში ვერგასვლა წარუმატებლობად ითვლებოდა?!.

ყოველივე ამას კი იმიტომ ვიხსენებთ, რომ იმ "დინამოს" სტატისტიკა გვინდა შემოგთავაზოთ:

1972-87 წლებში გუნდმა 51 მატჩი ჩაატარა ევროტურნირებზე, საიდანაც 24 მოიგო, 9 ფრედ დაამთავრა და 18 წააგო (ბურთების სხვაობა: 75-57). თუმცა ბევრად უფრო შთამბეჭდავია საშინაო მატჩების მონაგარი: თბილისში ჩატარებული 25 შეხვედრიდან 17 მოგება, 4 ფრე და 4 წაგება (ბურთების სხვაობა: 41-14).

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა და იმაზე გვწყდებოდა გული, 1979 წელს ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალში კევინ კიგანისა და მანფრედ კალტცის "ჰამბურგთან" რომ წავაგეთ თბილისში; ან კიდევ, 1982 წლის გაზაფხულზე, თასების თასის ნახევარფინალში(!) ბელგიური "სტანდარდის" მიერ შემოთავაზებულ ხელოვნურ თამაშგარეებს რომ ვერაფერი დავუპირისპირეთ...

იმაზეც გული გვწყდებოდა, როცა ლონდონის "ტოტენჰემთან", მილანის "ინტერსა" და ბრემენის "ვერდერთან" საშინაო შეხვედრებში ფრეს ვჯერდებოდით!

აი, რაც შეეხება იმ 17 მოგებულ საშინაო შეხვედრას, აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა იმდროინდელი "დინამოსთვის", ალბათ, "შეუფერებელი" 1:0 (ვარშავის "ლეგიასთან", დასავლეთ ბერლინის "ჰერტასა" და ციურიხის "გრასჰოპერსთან").

აი, დანარჩენ შემთხვევაში კი, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, "დინამოსთვის" პრობლემას არ წარმოადგენდა, 2 თუ 3 გოლის გატანა!

ჰოდა, რახან სიტყვამ მოიტანა, ბარემ იმ მეტოქეებსაც ჩამოვთვლით: "ლივერპული", "ფეიენოორდი", "ბასტია", "ნაპოლი", "კარდიფ სიტი" და ასე შემდეგ...

ცალკე უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფეხბურთელის მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელი: ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა და ბომბარდირმა რამაზ შენგელიამ ევროტურნირებზე 19 გოლი გაიტანა და ეს შედეგი ქართული გუნდების მოთამაშეთაგან დღემდე მიუწვდომელია.

ამ მაჩვენებელს საგრძნობლად მიუახლოვდა ჯაბა დვალი, რომელსაც თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" შემადგენლობაში ევროტურნირებზე 16 გოლი აქვს გატანილი.

ვისურვოთ, რომ დვალმა უკვე წლევანდელ ევროტურნირებზე შეძლოს "საუკუნის ბომბარდირად" შერაცხილი რამაზ შენგელიას დიდოსტატური შედეგის გამეორება თუ გაუმჯობესება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სტიაუა VS დინამო - ჩემპიონთა თუ ევროპალიგისთვის?
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედისმომცემი სტატიაა. ისიც ვთქვათ ადრე რატომ იყო წარმატებული საქართველოს ნაკრებად წოდებული "თბილისის დინამო"? ესენია: გენიალური მწვრთნელი, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მუდმივი სწორი სელექცია. ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელიმე ქართულ საკლუბო გუნდს არ ჩაუდგება სათავეში, ვფიქრობ არაფერი გვეშველება და მხოლოდ წარსულით ცხოვრებას უნდა დავჯერდეთ (ფეხბურთთან მიმართებაში). ასევე საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ სწრაფგამძლეობის მომატება არის პირველი აუცილებლობა. რამდენ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია 40 წუთში დაფაროს 10 კილომეტრი? ეს თანამედროვე ფეხბურთელისთვია აუცილებელია ტესტია. ამის გარეშე დიდ ფეხბურთს ახლოსაც კი ვერ გავეკარებით და მხოლოდ ილუზიებში ვიცხოვრებთ!
guja_kakhadze
12:45 06-08-2013
0
ჩემო საყვარელო ფეხბურთის გულშემატკივრებო ეს ილუზია რაზეც ავტორი გვესაუბრება და 1992 წლიდან იღებს სატავეს კიდევ ათეულობით წელს გასტანს სამწუხაროდ.
maxo
21:59 06-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული