გიორგი დევდარიანი: თუ აუცილებელი გახდა, ვა-ბანკზეც წავალთ

AutoSharing Option
გორის "დილა" ერთადერთი ქართული გუნდია, ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი რომ აქვს შერჩენილი.

პლეი ოფის პირველ შეხვედრაში გორელები ვენის "რაპიდთან" 0:1 დამარცხდნენ. ეს ისეთი ანგარიშია, შანსის გარდა, იმედსაც რომ იძლევა.

"რაპიდამდე" "დილამ" დანიური "ოლბორგი" და ხორვატული "ჰაიდუკი" ჩამოიცილა გზიდან, ახლა კი უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "დილა" წინა სეზონის მერე, ფაქტობრივად, დაიშალა და გიორგი დევდარიანს მცირე დროში მოუწია ახალი გუნდის შეკოწიწება.

ავსტრიიდან დაბრუნებულ დევდარიანს 25 აგვისტოს რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- თქვენმა გუნდმა ვენის "რაპიდთან" პირველ
შეხვედრაში ისეთივე კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, როგორც "ოლბორგსა" თუ "ჰაიდუკთან" - ამას რას დააბრალებდით? "დილას" ვენაში ძალიან გაუჭირდა ბურთზე კონტროლი...

- დანიელებთან და ხორვატებთან ჩვენ გვყავდა ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე, ავსტრიელებთან კი მან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, რადგან ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში ტვინის შერყევა მიიღო.

მოდებაძის არყოფნაში მისი ფუნქციები გიორგი ილურიძეს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ეს მისთვის უჩვეულო პოზიცია აღმოჩნდა და თანაც, ვერც იმ ამპლუაში გამოვიყენეთ, რომელშიც ყველაზე ძლიერია.

- მოდებაძეს ბურთის შემაგრება და გუნდის ამოყვანა კარგად რომ შეუძლია, ეს წინა მატჩებმა დაგვანახვა, თუმცა ბურთის ფლობა-შენარჩუნება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის საქმე ვერ იქნება...
- გეთანხმებით, "რაპიდთან" შეხვედრაში ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა. შესაძლოა, ეს ფსიქოლოგიური წნეხით იყო გამოწვეული, თუმცა მე ამ ყველაფერს უფრო მოდებაძის არყოფნასა და ილურიძის სხვა პოზიციაზე თამაშს დავაბრალებდი.

- უცნაური აღმოჩნდა გულვერდ თომაშვილის პოზიციაც. ის დაცვიდან ნახევარდაცვაში გადასწიეთ...
- "ადმირასა" და "რაპიდს" შორის ავსტრიის ჩემპიონატის თამაშს დავესწარი და იქ ჩვენმა მეტოქემ პირველ ტაიმს დიდი ძალა შეალია. ამიტომაც დავგეგმეთ ის, რომ პირველ ტაიმში ზედმიწევნით მკაცრად გვეთამაშა დაცვაში და "რაპიდისთვის" მძლავრი შეტევების განხორციელების საშუალება არ მიგვეცა, მეორე ტაიმში კი უფრო მეტი უნდა გვეფიქრა შეტევაზე.

რომ არა სათამაშო დისციპლინის დარღვევა, პირველი ტაიმის ბოლოს გოლს არ გავუშვებდით.

- "დილამ" გოლი კონტრშეტევაზე გაუშვა, ჩაწოდებული კუთხურის მერე აქეთ მიიღო ბურთი და ისე ჩანდა, რომ კუთხურის დროს "დილას" ბევრი ფეხბურთელი იყო ჩასული მეტოქის საჯარიმოში...
- დისციპლინის დარღვევაში სწორედ ეს ვიგულისხმე. კუთხურის დროს მეტოქის საჯარიმოში ორით მეტი ფეხბურთელი გვყავდა, ვიდრე უნდა გვყოლოდა გეგმის მიხედვით. ალბათ, ზედმეტად მონდომებულები ვიყავით და ამიტომაც მოიშალა იმ მომენტში სათამაშო დისციპლინა.

- საპასუხო შეხვედრაში "დილა" იძულებული იქნება, გოლი გაიტანოს და, ალბათ, ვეღარ ააწყობს თამაშს კონტრშეტევებზე...
- ასეა, თუმცა პირველ ტაიმში თავზეხელაღებულ შეტევებს მაინც მოვერიდებით, მერე კი, თუ აუცილებელი გახდა, ვა-ბანკზეც წავალთ.

- როგორია მოდებაძის მდგომარეობა? შეძლებს 29 აგვისტოს "რაპიდთან" საპასუხო შეხვედრაში თამაშს?
- მოდებაძემ დღეს (ანუ 25 აგვისტოს - ავტ) პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად და, რა თქმა უნდა, ჯერ ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში. მოკლედ, არ ვიცით, რა კონდიციაში იქნება "რაპიდთან" საპასუხო შეხვედრისთვის.

ამას დაემატა დოლიძის ტრავმაც, კუნთის ნაწილობრივ გაწყვეტას ვარაუდობენ. ზუსტ დიაგნოზს მალე გავიგებთ.

- მოდებაძის გარდა, "დილას" კიდევ ერთი გამოცდილი და კვალიფიციური ცენტრფორვარდი ჰყავს - რატი ალექსიძე. როგორ ფორმაშია ის ამ მომენტისთვის?
- კუნთი ჰქონდა დაჭიმული, რაც მერე ვარჯიშზე ხელმეორედ გაუმიზეზდა, ანუ ამ დროისთვის მის მდგომარეობას კარგი ვერ ეთქმის.

- ტრავმებს ვერ გამორიცხავ. სეზონის წინ ყველაფერი გქონდათ გათვლილი?
- ცენტრფორვარდის პოზიციაზე თავიდან ორ ფეხბურთელზე მქონდა გათვლა და მზადებაც ასე დავიწყეთ - მოდებაძის გარდა, გიორგი ბერიაშვილიც გვყავდა გუნდში და ძალიან მინდოდა, "დილას" ბერიაშვილი შეენარჩუნებინა, მაგრამ მაშინ ცუდი მდგომარეობა იყო კლუბის ბიუჯეტის მხრივ და ამან გამოიწვია ის, რომ ბერიაშვილი "დილაში" ვერ ჩაირიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: ვინაა უძლიერესი, თბილისში გამოჩნდება
რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: თავისუფლების მოყვარული კაცი ვარ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ალბათ გული დამარტყავს რომ ვერ გავიდეთ ოხ სიონი თვქნი ბრალია მოდებაძის ტრანვა, ღმეთო გადმოგვხედე და მიეცი ბიჭებს ძალა ღვთისნებაა ყველაფერი ძმებო ქართველებოო. დილააააააააააა
bibo
14:54 26-08-2013
0
ერთადერთი ადამიანია თვითკრიტიკულად განწყობილი, დანარჩენი ოცნებაში არიან. უსაშინლესი თამაში გველოდება. ისინი მაგარ დაცვას დააყენებენ, ხოლო კონტრშეტევა უსწრაფესი ექნებათ. აგრეთვე საშიშია სტანდარტულები. თუ ილურიძემ და გვალიამ ისევე ითამაშეს როგორც ვენაში, ჩვენი საქმე ფღოჩისკენ იქნება.
ramo
15:40 26-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული