თბილისის "დინამო" ლონდონში ესპანელების გარეშე გაემგზავრა

AutoSharing Option
29 აგვისტოს ლონდონის "უაით ჰართ ლეინის" სტადიონზე ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გაიმართება: "ტოტენჰემი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების თბილისური შეხვედრა ინგლისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით (5:0) დამთავრდა...

ამის შემდეგ "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გამოტოვა მაშინ, როცა "ტოტენჰემმა" კვირადღეს, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში "სუონსის" უმასპინძლა და 1:0 მოიგო. ეს ერთადერთი გოლი მატჩის 59-ე წუთზე პენალტით რობერტო სოლდადომ გაიტანა.

"ტოტენჰემმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, როუზი - კაპუ, პაულინიო - თაუნსენდი (88. სანდრო), დემბელე (64. სიგურდსონი), შადლი -
სოლდადო (80. დეფო).

თბილისური მატჩისგან განსხვავებით, "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა, კერძოდ, ძირითადს დაუბრუნდნენ მარჯვენა მცველი კაილ უოლკერი და ცენტრალური მცველი იან ვერტოგენი, ხოლო ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი სანდრო და ფორვარდი ჯერმეინ დეფო შეცვლაზე შემოვიდნენ.

თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ძირითადში იყო ბელგიელი მარცხენა გარემარბი ნასერ შადლი. სამაგიეროდ, შეცვლაზე შემოვიდა ისლანდიელი ფლანგის ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი.

აქვე დავამატებთ, რომ "სუონსისთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ მეკარე ბრედ ფრიდელი, ნახევარმცველი ტომას კეროლი, მარჯვენა მცველი კაილ ნაფტონი და ცენტრალური მცველი იუნეს ქაბული.

მოკლედ, "ტოტენჰემმა" ახალ სეზონში სტარტი ჩინებულად აიღო: პრემიერლიგაში ერთნაირი ანგარიშით (1:0) დაამარცხა "კრისტალ პალასი" და "სუონსი", "დინამოს" კი რა ანგარიშითაც მოუგო, ალბათ, ზედმეტია ამის შეხსენება.

რაც შეეხება თბილისის "დინამოს", საქართველოს ჩემპიონი ბრიტანეთში 28 აგვისტოს დილით, გამთენიისას უნდა გამგზავრებულიყო ჩარტერული რეისით.

"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ლონდონში 18 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა;
მცველები: გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, გიორგი გველესიანი, დავით ხურცილავა, დავით კვირკველია, გიორგი შაშიაშვილი, დარკო გლიშიჩი;
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, დორინ გოგა.
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო.

"ტოტენჰემთან" პირველი მატჩისგან განსხვავებით, ლონდონში წამსვლელთა სიაში ვერ მოხვდნენ 30 წლის ცენტრალური მცველი უსტარიცი (თბილისში სათადარიგო გახლდათ) და წინა სეზონის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი, 32 წლის შემტევი ჩისკო (რომელმაც თბილისში ტრავმის გამო მოედანი პირველ ტაიმშივე დატოვა).

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიცირებული ნახევარმცველი, 28 წლის ლევან ხმალაძე. გარკვეული პაუზის მერე 18-კაციან განაცხადში მოხვდა გამოცდილი მცველი, 33 წლის გიორგი შაშიაშვილი.

"ტოტენჰემისა" და "დინამოს" საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათსა და 05 წუთზე დაიწყება და იტალიელი არბიტრი ლუკა ბანტი გაუძღვება.

მატჩის დელეგატი ბალაშ მაკრაი (უნგრეთი) იქნება, მსაჯთა დამკვირვებელი კი - მიროსლავ ტულინგერი (ჩეხეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აქა ამბავი გივი კვარაცხელიასა და პაულინიოს მეგობრობისა...
თვალსაზრისი: რატომ უყვართ ინგლისში ფეხბურთი სხვანაირად?..
დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამუსი რო ჰქონდეთ არ წავიდოდნენ, ბუცებს გაიხდიდნენ და ფეხბურთს თავს დაანებებდნენ
zuba
18:45 28-08-2013
0
იქ 10-0 წავაგებთ :D
0

სიახლეები პოპულარული