კვირის 1000 წვრილმანი: მთავარია სურვილი

AutoSharing Option
ძალიან ძნელია მოლოდინში ყოფნა, მაგრამ ასე მოიტანა ცხოვრებამ. მოლოდინი ორომტრიალი არ არის, კაცი რომ გააკაჟოს და როცა ეს წლობით გრძელდება, საქმეც დაღმა მიდის.

გაზაფხულზე არაერთხელ მოვისმინეთ დაპირება - სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებსო, მაგრამ უკვე სექტემბერი იწურება და ჯერ ჩქამი არ ისმის, რაც ადრე იყო, ოდენ ის გვაქვს შერჩენილი - სახელმწიფოსგან ფული ისევ მიედინება საფეხბურთო კლუბებში, თუმცა რა პრინციპით, რა გათვლებით და პერსპექტივით, ჯერ არავინ იცის.

საქართველომ ფეხბურთისთვის ბოლომდე ვერ მოიცალა, სანახევროდ გაკეთებული საქმე კი ისეთია, წინ რომ ვერ წაგწევს.
ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებია, "კოჰაბიტაციაც" დამთავრდება და გზა მერე გამოჩნდებაო, გზა განვითარების და კეთილდღეობის - მილეთი ამ იმედს ეჭიდება და ასეთ რეჟიმში არიან საფეხბურთო კლუბებიც.

დღეს ისეთი ვითარებაა, რომ თბილისის "დინამოს" გარდა, დალაგებული სიტუაცია თითქმის არც ერთ კლუბში არ არის - ზოგს ფინანსურად უჭირს, ზოგი კი რაღაცას ელოდება, ალბათ "კოჰაბიტაციის" დასრულებას.

აბა წარმოიდგინეთ, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს რომ ჰქონდეს აწყობილი ინფრასტრუქტურა, რამდენიმე წელიწადზე გაწერილი ბიუჯეტი, გამართულად მოქმედი ასაკობრივი გუნდები, კვალიფიციური მწვრთნელები, კარგი სელექციონერები და ასე შემდეგ...

თუ გინდა, რომ ცხოვრება შეიგრძნო, ოცნება აუცილებელია - უთქვამს ირლანდიელ კლასიკოსს და დაახლოებით ასეა ქართული საკლუბო ფეხბურთის საქმეც - არის სიღარიბეც და პატარა რომანტიკაც.

კლუბებიც ვერ აქტიურობენ, ყოველ შემთხვევაში, მათგან ამას ვერ ვხედავთ. კარგა ხანია, კლუბების მესვეურები არ შეკრებილან.

ფეხბურთის ფედერაციის სურვილია, რომ პერიფერიებმა ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორისო მატჩებს უმასპინძლონ და ვფიქრობ, ეს მოსაწონი განზრახვაა, ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ოღონდაც, საკმარისი ვერ იქნება პერიფერიებისთვის - ფული და მისი სწორი ხარჯვა - ჯერ თუ ეს არ გაკეთდა, ასაკობრივი ნაკრების გორში თუ წყალტუბოში თამაშით რეგიონებში ფეხბურთი ვერ აღორძინდება.

მოკლედ, ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ...

* * *
შუა კვირაში სათასო მატჩები გაიმართა. "სიონი"-"ზესტაფონზე" მომიწია ყოფნამ და საინტერესო თამაშიც ვნახე, გულშემატკივარი კი ცოტა მოვიდა.

"სიონში", ერთი შეხედვით, მიმქრალი ვარსკვლავები თამაშობენ, თუმცა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მაინც მოახერხეს "ზესტაფონის" დამარცხება.

მირზა მერლანი, ზურაბ ბათიაშვილი, ვალერი აბრამიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ირაკლი სამხარაძე, კოკა მიკუჩაძე, ლადო ახალაია... საუკეთესო წლებში ისინი ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, მათი თამაშის სანახავად სტადიონზე მისვლა არ დაგეზარებოდა.

"სიონს" დღეს ფინანსურად არ ულხინს, თორემ ასეთი მოთამაშეებისა და კარგი ახალგაზრდების ნაზავით ჩინებული გუნდი გაკეთდებოდა.

საერთოდ, ბოლო წლებში ჩვენთან ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ გამოცდილ ფეხბურთელებს ალმაცერად უყურებენ. ზოგი იმის მომხრეა, რომ ნებისმიერ ქართულ გუნდს ძირითად შემადგენლობაში მინიმუმ ორი 21-წლამდელი ფეხბურთელი ჰყავდეს - ამით ახალგაზრდებს დაწინაურების მეტი შანსი ექნებათო. ასეთი ხელოვნური პროცესებით კარგი შედეგისთვის ჯერ არავის მიუღწევია და ამ იდეამ ჩვენთანაც ვერ იპოვა დიდი მხარდაჭერა.

საქართველოს ჩემპიონატი "პრიმასტერების" ჩემპიონატს არ უნდა დაემსგავსოს, თორემ ის უკვე აღარ იქნება უმაღლესი ლიგა, რომლისთვისაც ფული უნდა დაიხარჯოს და რომელმაც გულშემატკივარი სტადიონზე უნდა მიიყვანოს.

"სიონის" გარდა, კიდევ შემორჩნენ გუნდები, გამოცდილ მოთამაშეებს რომ აფასებენ და ვფქირობ, ეს კარგი მიმართულებაა, ოღონდაც, ყველაფერში ზომიერებაა ალბათ საჭირო.

* * *

ლაშა დვალი ინგლისურ "რედინგში" ჩაირიცხა, ლატვიიდან უკეთეს ევროპაში გააგრძელებს კარიერას - ეს სასიამოვნო ამბავიც გასულ კვირას მოხდა.

ლაშას თამაშს წლეულს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ვუყურეთ და ისეთი მონაცემების მცველია, ყველაზე უფრო რომ აკლია ჩვენს ეროვნულ ნაკრებს - ტექნიკური, ბურთის "ამომტანი"...

წელიწადში ერთხელ მაინც რომელიმე ქართველი ახალგაზრდა ევროპაში რომ წავიდეს ფეხბურთის სათამაშოდ, ამით ძალიან კარგი საქმე გაკეთდება - საქართველოს ფეხბურთელთა ექსპორტიორი ქვეყნის იმიჯი გაუმტკიცდება. როგორც ფრანგები იტყვიან, მთავარია სურვილი - Vouloir!

იყო დიდად დაფასებული უკრაინის თუ რუსეთის რომელიმე საშუალო გუნდში, ესეც შრომატევადი საქმეა, ნიჭითა და გარჯით მისაღწევი. როცა ამას შეძლებ და ამავე დროს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიც ხარ, ისევ გაქვს შანსი, წახვიდე კარგ ევროპაში, მაგრამ ბევრს არ აქვს ამის სურვილი.

ამ თემაზე პოლემიკა სულ იყო და იქნება, უბრალოდ, დვალის ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ამ ყველაფერზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფედერაციაში დევს პროექტი, სადაც ჩანს ფეხბურთმა მოგება როგორ უნდა მოიტანოს მაქსიმუმ 6 თვეში. როდესაც არ იყენებენ, ჩნდება ეჭვი, რომ არსებული მდგომარეობა აკმაყოფილებთ.
guja_kakhadze
18:44 29-09-2013
0
ფეხბურთი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მათხოვარი. სპორტული მენეჯმენტი უნდ განვითარდეს, სპორტმა თითონ უნდა ისწავლოს თავის რჩენა. ბიზნეს გეგმები, საფეხბურთო ხედვა და მიზნები უნდა ჩამოყალიბდეს გაიწეროს და საწყის ეტაპზეიქნებ სახელმწიფოც შეწუხდეს და უეფაც. მაგრამ სახელმწიფო არ უნდა არჩენდეს ფეხბურთს!
ანდრი
15:27 29-09-2013
0

სიახლეები პოპულარული