ზვიად სიხარულია: თუ პირობები არ იქნა, სხვა გუნდში გადასვლაზე ვიფიქრებ

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" გორიდან მსუყე ქულა წაიღო - "დილასთან" 1:1 ითამაშა, ანგარიში კაცნაკლულმა გაათანაბრა...

ამ შეხვედრაში ზუგდიდელთა 21 წლის ნახევარმცველი ზვიად სიხარულია ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გამათანაბრებელი გოლიც მან გაიტანა.

სიხარულია ტექნიკური შუახაზელია, ბურთს კარგად ფლობს, პასიც არ დაეწუნება და თამაშის გამწვავებაც ეხერხება. "დილასთან" მან ლიდერივით ითამაშა და გოლის გარდა, სხვა სარგებელიც მოუტანა გუნდს...

"ზუგდიდში" არაერთი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ამ გუნდს ჯერ ვერ მისდის საქმე კარგად და ცხრილის ქვედა ნაწილშია.

სიხარულიასთან ინტერვიუ სწორედ "დილასთან" მატჩით დავიწყეთ...

- "დილასთან" მიღწეული ფრით, ალბათ,
ძალიან კმაყოფილი ხარ...

- კარგი თამაში გამოვიდა, საინტერესო... ათი კაცით დავრჩით და მაინც მოვახერხეთ გოლის გატანა. ძალიან მოვინდომეთ, რაც შედეგშიც აისახა.

- ამ მატჩისთვის რა დავალება მოგცათ მწვრთნელმა?
- განსაკუთრებული არაფერი. პირველი ტაიმის მერე კი გვითხრა, მეტოქეს მისსავე ნახევარზე ეთამაშეთ მჭიდროდ, პრესინგი მოუწყვეთო. ასეც მოხდა, მწვრთნელის ტაქტიკამ გაამართლა, სასიკეთოდ დაეტყო ჩვენს თამაშს.

- ფრით კმაყოფილი კი არის "ზუგდიდი", თუმცა მეტიც შეგეძლოთ...
- ბოლო წუთზე სამნი დავრჩით ერთი მცველისა და მეკარის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. ეტყობა, გამოცდილება არ გვეყო, გამოცდილი გუნდი ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა.

გორის "დილასაც" ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ჩვენი შანსი უფრო რეალური იყო. თუ "ზუგდიდი" მოინდომებს, საქართველოს ყველა გუნდს გაუწევს კონკურენციას. "დილასთან" რომ მონდომებული იყო, ასეთი მანამდე არ მინახავს.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


- გუნდში ორი გამოცდილი ფეხბურთელი დარჩა - ზურაბ მამალაძე და როინ ონიანი, თუმცა მხოლოდ მათი გამოცდილება, ალბათ, არ კმარა...
- ეგვიპტელი მეგაჰედიც არანაკლებ გამოცდილია, თუმცა ჯერ არ არის სათანადო ფორმაში. როცა ოპტიმალურ კონდიციებს მიაღწევს, მერე უფრო გამოადგება გუნდს.

- "დილასთან" გამთამაშებელი იყავით. ამ ამპლუას როგორ ეგუებით?
- გორში თავდამსხმელის უკან კი ვითამაშე, მაგრამ ნომინალურად საყრდენი ნახევარმცველი ვარ და ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა მიმაჩნია, რომ "დილასთან" ცუდად არ გამოვიყურებოდი.

- ფრე მნიშვნელოვნად განაპირობა ლუკა გუგუჩიას თამაშმაც...
- ასეა. მან ჩინებული პასი მომცა, რომლის მერე მცველი ვარდნაში კი ცდილობდა ბურთის ართმევას, მაგრამ მაინც მოვახერხეთ გოლის გატანა.

- სად ვარჯიშობს "ზუგდიდი"? როგორია ამ მხრივ პირობები? ალბათ, დასამალი არ არის, რომ არცთუ სახარბიელო სიტუაცია გაქვთ...
- ჯერ რუხის მოედანზე ვვარჯიშობდით, მერე კი, კობა წიტაიშვილის ("ზუგდიდის" მწვრთნელი - რედ.) მცდელობით, უკვე "ბაიას" ბაზაზე გადავედით. სავარჯიშო პირობების მხრივ, რუხში კატასტროფა იყო...

- შეკრებისას "ბაიას" ბაზაზე ხართ ხოლმე?
- არა, კლუბი თამაშის წინა დღეს სასტუმროს ქირაობს.

- ზუგდიდში ახალი სტადიონის აშენებაზე რომ იყო ლაპარაკი, ამ მხრივ რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- თვეების წინ ამბობდნენ, კომბინატში უნდა აშენდეს სტადიონიო, თუმცა ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, ტყუილი გამოდგა. ასე რომ, ისევ განმუხურში მოგვიწევს საშინაო შეხვედრების ჩატარება.

- მერედა, "ზუგდიდის" გულშემატკივარი დადის განმუხურში?
- როცა ზუგდიდში ვთამაშობდით, მაყურებელი მოდიოდა, ახლა კი... განმუხურში ჩვენს მატჩებს 30-50 კაცი ესწრება. მოედანი ნორმალურია, ისეთი არ არის, როგორიც, მაგალითად, გორში, მაგრამ ბურთის კარგად გაგორება შეიძლება.

- ფინანსური სიტუაცია როგორია კლუბში?
- "სიონთან" მოგებისა და "ტორპედოსთან" ფრის პრემიაა დასარიგებელი და ამ თვის ხელფასი - სხვა დავალიანება არ არსებობს.

- სხვა გუნდებიდან გაქვთ შემოთავაზება?
- იყო შემოთავაზება რამდენიმე ქართული გუნდიდან - "ზესტაფონი", "ტორპედო"... მაგრამ "ზუგდიდთან" კონტრაქტი მაკავშირებდა და კლუბმა არ გამიშვა, იანვრიდან კი თავისუფალი აგენტი გავხდები და თუ "ზუგდიდში" კარგი პირობები არ იქნა, სხვა გუნდში გადასვლაზე ვიფიქრებ.

- ისე, "ზუგდიდში" არაერთი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. როგორ ფიქრობთ, ამ კონტინგენტით რა პერსპექტივა აქვს გუნდს?
- შემადგენლობას რაც შეეხება, ყველა კარგი ფეხბურთელია, თუნდაც ნიკა აფაქიძე და რომეო კანკია. სავარჯიშო პირობები უნდა შეუქმნან ამ ახალგაზრდებს, ფეხბურთში მთავარი სწორედ პირობებია.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გითამაშიათ. ასაკი ხელს გიწყობთ, რომ ისევ მოხვდეთ 21-წლამდელთა გუნდში...
- როგორც ჩანს, ალექსანდრე ჩივაძეს სხვა ხედვა აქვს. ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლოს ორი წლის წინათ ვითამაშე, შვეიცარიასთან 0:5 რომ წავაგეთ. მაშინ გუნდს სოსო ჭედია თავკაცობდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ზუგდიდი 1:1 - ზუგდიდი ჯგირირე! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული