დიპლომატიის დაკარგული ტალანტი - რევაზ არველაძე სფფ-ის პრეზიდენტად?

AutoSharing Option
2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მანამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ მზადება უკვე დაწყებულია - სარბიელზე უკვე გამოჩნდა ბრძოლის კონტურები, კულისებში სრული მზადყოფნაა, სხვადასხვა ჯგუფი ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

ჩვენ შევეცდებით, ყველა რეალური თუ პოტენციური კანდიდატი დავახასიათოთ. სრულყოფილი სურათის დახატვას ვერ შეგპირდებით, ეს ძალზე პრეტენზიული ნათქვამი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, მაგრამ მათზე ზოგადი წარმოდგენის შექმნას მაინც შევეცდებით...

ათვლა დაწყებულია
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გარკვევით განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ აპირებს და ამ პოსტის მსურველებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. მათ
შორის ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატად რევაზ არველაძე მოიაზრება.

მას საკმაოდ დიდი მენეჯერული გამოცდილება აქვს. ფეხბურთელის კარიერა თბილისის "დინამოში" დაასრულა. იყო გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი, შემდეგ კლუბის პრეზიდენტიც გახდა.

მაშინ საზოგადოება პირველად გააოცა. ედუარდ შევარდნაძის დროინდელმა შსს-ს ყოფილმა მინისტრმა, "რკინის კაცად" წოდებულმა (მის მიერვე შერჩეული მეტსახელი) კახა თარგამაძემ "დინამო" მერაბ ჟორდანიას ჩამოართვა, რეზო კი მერაბის თანაგუნდელად ითვლებოდა. როგორ მოახერხა შსს-ს ყოფილი მინისტრის გულის მოგება, უცნობია.

ამავე დროს, არველაძემ ჟორდანიასთანაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა. სფფ-ის პრეზიდენტმა მას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარა, ამის მერე კი თბილისის "ლოკომოტივს" ავარჯიშებდა.

არველაძემ თავად თქვა - მწვრთნელობის ჟინი არ მქონდაო. ვფიქრობთ, საქართველომ ნიჭიერი მწვრთნელი დაკარგა, სამაგიეროდ კი, ლამის მუდმივმოქმედი ჩინოვნიკი მიიღო.

2004 წელს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა და პოსტი 2009 წლამდე შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფედერაციაში მესამე პრეზიდენტი მივიდა: მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული და ქვეყნიდან გაგდებული ჟორდანია ჯერ უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა შეცვალა, ხოლო შემდეგ - ზვიად სიჭინავამ, მაგრამ არველაძეს ვერავინ შეელია, ყველასთან თანამშრომლობდა...

არადა, თავიდან კარგი ურთიერთობა არც ერთ მათგანთან არ ჰქონდა, თუ ჟორდანიას არ ჩავთვლით. სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი სიჭინავა მის მიმართ კეთილგანწყობილი რომ არ იყო, ფრაზებს შორის ქვეტექსტებში იკითხებოდა, მაგრამ 2009 წელს გენერალურ მდივნად დანიშნა და დღემდე ერთად დგანან ქართული ფეხბურთის შტურვალთან.

ყველგან მიღებული
ამტკიცებენ, რომ არველაძემ პოსტისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. საფეხბურთო კულისებში კარგად ჩახედული პიროვნება მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა - რეზოს მომავალი ყრილობის 35 დელეგატიდან 32-ის ხმა უკვე დაჯავშნილი აქვსო.

ძნელი სათქმელია, როგორ შეიცვლება ვითარება და მოახერხებს თუ არა არველაძე ახალ პოლიტიკურ გარემოში ძველებური მხარდაჭერის შენარჩუნებას, მაგრამ მისი გამოცდილება და განვლილი წლები გვკარნახობს, რომ ეს შეუძლებელი არ უნდა იყოს.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ყოველთვის და ყველა წრეში ჰყავდა მეგობრები, ნაცნობები, ლობისტები. ასეთ დროს იტყვიან ხოლმე - ქიციც იცის და ქიცმაცურიცო. რაც მთავარია, ხელს განათლება და აღზრდა უწყობს და ამითიც ახერხებს ნებისმიერ წრესთან საერთო ენის გამონახვას.

არათუ საფეხბურთო, პოლიტიკურ სარბიელზეც ვერ მოძებნით ადამიანს, რომელიც მისებრ თავისუფლად ფლობს რუსულს, ინგლისურსა და გერმანულ ენებს.

ყოფილი პოლიტიკოსი
ზემოთქმულის მაგალითია "ნაციონალური" ხელისუფლების მიერ ფეხბურთის ფედერაციაში არველაძის მხარდაჭერა. რეზო თბილისის "დინამოში" კახა თარგამაძის დროს მივიდა. "ნაციონალები" კი შევარდნაძის დროინდელ კადრებს ვერ იტანდნენ, მაგრამ... არველაძეს ვერ შეეხნენ.

მეტიც - 2003 წლის არჩევნებში, რომელსაც შემდეგ "ვარდების რევოლუცია" მოჰყვა, არველაძე მაშინდელი სახელისუფლებო ჯგუფის წევრი, მისი ერთ-ერთი სახე იყო და მაჟორიტარ დეპუტატადაც იყრიდა კენჭს დიდუბეში, სადაც მისი კონკურენტი გიორგი ბარამიძე გახლდათ...

მაშინ არველაძე "ნაციონალებთან" დაპირისპირებული იყო, მაგრამ ხელისუფლებაში მათი ყოფნის პერიოდი ჩინებულად გამოიყენა და ახლაც, ეგრეთ წოდებული კოაბიტაციის პერიოდი (რომელზეც თქვეს, რომ წესით, 27 ოქტომბრის მერე უნდა დასრულებულიყო) მის წისქვილზე ასხამს წყალს - ამტკიცებენ, რომ რევაზ არველაძემ მხარდამჭერი დელეგატები უკვე შეიგულა.

სფფ-ში პრეზიდენტად მისვლის პირველი მცდელობა მას 2005 წელს ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლებამ საკუთარი ფავორიტი, უმცროსი ახალკაცი გაქაჩა და არველაძეც ბრძოლას უხმაუროდ ჩამოსცილდა.

რას ფიქრობენ მასზე?
ბესიკ ჩიხრაძე, "გაგრას" პრეზიდენტი:
"რეზო არველაძე რომ ძალიან ნიჭიერი კაცია და დიპლომატიური უნარით არის დაჯილდოებული, ამაზე ბევრი მსმენოდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ ვითარებაში თავად ვიხილე, რა გააკეთა, გაოცებული დავრჩი.

მოკლედ, არველაძისა და ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტის კონფლიქტს შევესწარი. ვითარება ისე დაიძაბა, ვიფიქრე, რომ ხელით შეეხებოდნენ და ამ დროს რეზომ ორიოდე სიტყვით ჩააქრო კონფლიქტი. ეს იშვიათი უნარია. ჩემი აზრით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბევრს კარგავს, ასეთი უნარიანი ადამიანის "ტრანსფერით" რომ არ ინტერესდება.

სავსებით სერიოზულად ვამბობ, რომ ის დიპლომატად არის დაბადებული. ასე მგონია, გაერომ თავის წარმომადგენლად რომ დანიშნოს, ისრაელსა და პალესტინასაც კი შეარიგებს, აფხაზებთანაც გამონახავს საერთო ენას და ოსებთანაც".

ზვიად სიჭინავა:
"რეზო არველაძეზე ერთხელ ასეთი რამ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ლენინ ჟილ, ლენინ ჟივ, ლენინ ბუდეტ ჟიტ! ოთხი წელიწადია ერთად ვმუშაობთ. ის ძალიან მეხმარება. ყველა პროექტში გვერდით მიდგას. მასზე აუგს ვერ ვიტყვი და ვინმეს თუ აქვს პრეტენზია, თავად გაარკვიოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
...აბა ახლა "გვეშველება"!
murtalo
13:00 05-12-2013
0
ბატონო მერაბ თქვენ ჭკვიანი კაცი ბრძანდებით და ეს სტატია ნამდვილად არ შეგეფერებათ. არ მინდა არველაძის მიმართ რაიმე ვთქვა, მაგრამ თქვენ თავად მშვენივრად იცით და მიგიწვდებათ ინფორმაციაზე ხელი რა ხდება ფედერაციაში და ვისი წყალობით.
lasha
18:59 05-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული