კვირა ციფრებში: უამრავი გოლი და ბოლო წამების დრამა

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის ჩემპიონატს საოცრად დრამატული დასასრული ჰქონდა, ჯონ ტერიმ კარიერაში მორიგი სიმაღლე დაიპყრო, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ის რეკორდი დაამყარა, საფრანგეთის ქალთა ნაკრებმა კი უამრავი გოლი გაიტანა...

400 - მატჩი აქვს ჩატარებული პრემიერლიგაში ჯონ ტერის, რომელმაც საიუბილეო შეხვედრა კვირას გამართა და თავი გოლითაც გამოიჩინა. ტერიმ პრემიერლიგაში 34-ე გოლი გაიტანა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს მცველებს შორის, დევიდ ანსვორთს, რომლის ანგარიშზეც 38 ბურთია; თუმცა "ჩელსის" კაპიტანმა ყველა შემთხვევაში თავის გამოჩენა თამაშიდან შეძლო, "ევერტონის" და "შეფილდ იუნაიტედის" ყოფილ მცველს კი გოლების
ნახევარზე მეტი (22) 11-მეტრიანიდან აქვს გატანილი.

უეინ რუნიმ თავისი 163-ე და 164-ე გოლები გაიტანა, რობი ფაულერს გადაასწრო და პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირებში მეხუთე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ მხოლოდ ალან შირერი (260 გოლი), ენდი კოული (189), ტიერი ანრი (175) და ფრენკ ლამპარდი (168) არიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" 149 გოლი გაიტანა, პრემიერლიგის ისტორიაში კი ერთ კლუბში ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ტიერი ანრის აქვს გატანილი.

94 - წუთი იყო გასული კორეის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის დაწყებიდან, როდესაც "პოჰანგ სტილერსის" ფეხბურთელმა ვონ ილ კიმმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, რამაც მის გუნდს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. უკანასკნელი ტურის წინ "სტილერსი" მეორე ადგილზე იყო და პირველ ადგილზე მყოფ "ულსან ჰიუნდაის" მასპინძლობდა, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩებოდა. როდესაც ყველამ იფიქრა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდებოდა, კიმმა გაიტანა და "პოჰანგს" ისტორიაში მეხუთე, 2007 წლის შემდეგ კი პირველი საჩემპიონო ტიტული მოუტანა.

"პოჰანგმა" წლის დასაწყისში კორეის თასიც მოიპოვა, გაჩემპიონებით კი გახდა პირველი კორეული კლუბი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ყველაზე ტიტულოვანი კორეული გუნდების სიაში "პოჰანგ სტილერსი" "სეულს" წამოეწია, რომელიც ასევე 5-გზის ჩემპიონია, პირველ ადგილზე კი 6 ტიტულით "სეონგნამ ილჰვა ჩუნმა" გახლავთ.

24 - გოლი გაუტანა საფრანგეთის ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში ბულგარეთს. პირველი მატჩი, რომელიც ბულგარეთში გაიმართა, სტუმრებმა 10:0 მოიგეს, საფრანგეთში კი კიდევ უფრო დამაჯერებელი ანგარიშით, 14:0 იმარჯვეს.

პირველ შეხვედრაში 3-3 გოლი მარი-ლორი დელიმ და გაეტან ტინეიმ გაიტანეს, მეორე შეხვედრაში კი იმავე ტინეიმ და ეუჟენი ლე სომერმა პოკერები მიითვალეს. რა გასაკვირია და, საფრანგეთის ქალთა ნაკრები საკუთარი შესარჩევი ჯგუფის ლიდერია - 7 ტურის შემდეგ გუნდს 7 გამარჯვება აქვს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ფილიპ ბერჟეროს გუნდის ბურთების სხვაობა: 31-1.

8 - გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ის კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ამ ნომინაციის ლიდერია. იბრამ ჯორჯ ვეას რეკორდი დაამხო და გახდა პსჟ-ის პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში 7-ზე მეტი გოლი გაიტანა.

კონკრეტულად ჯგუფურ ეტაპზე შვედის ანგარიშზე 34 ბურთია და ამ მხრივ ის მეხუთე ადგილზეა. მასზე წინ არიან: რაული (53 გოლი ჯგუფში), რუუდ ვან ნისტელროი (50), ტიერი ანრი (38) და ლიონელ მესი (36)

დასამახსოვრებელი საღამო გამოუვიდა არტურო ვიდალსაც, რომელიც ფილიპო ინძაგის შემდეგ (2000/01) პირველი "იუვენტინო" გახდა, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჰეთ თრიქი შეასრულა. ჩილელი ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ გათამაშებაში 11-მეტრიანი 4-ჯერ გამოიყენა.

მიუნხენის "ბაიერნმა" კი მორიგი რეკორდი დაამყარა - პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 10 მატჩი მოიგეს და "ბარსელონას" წინა მიღწევა (9 მატჩი, 2009-12) გააუმჯობესეს.

7 - უპასუხო გოლი გაუტანა "სელტიკმა" "ჰართსს", რომელმაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ასეთი სამარცხვინო ანგარიშით პირველად წააგო. ბოლოს ასეთი მწარე მარცხი ედინბურგელებმა დედაქალაქის დერბიში, "ჰიბერნიანთან", 1973 წელს განიცადეს. ამ გამარჯვებით "სელტიკმა" 1981 წლის შედეგი გააუმჯობესა, როდესაც გლაზგოელებმა მეტოქეს 6:0 მოუგეს.

აღნიშნული მატჩი მე-200 იყო ნილ ლენონისთვის და "სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ეს იყო მისი გუნდის საუკეთესო თამაში იმ 200-დან, რომელშიც მან გლაზგოელებს უხელმძღვანელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: საიუბილეო მატჩები და გოლები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული