მალხაზ ასათიანი: თუ საწყისი არ არსებობს...

AutoSharing Option
მალხაზ ასათიანმა ფეხბურთელის კარიერა 30 წლისამ დაასრულა, საღ-სალამათმა, იმ ასაკში, როცა ფეხბურთელი კარიერის პიკში უნდა იყოს.

ასათიანი ქართული ფეხბურთის იმედი იყო, რადგან მარტოს შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა. ბურთს ღონივრად დააბიჯებდა თუ არა ფეხს, მეტოქე თითქმის უშანსოდ რჩებოდა - მისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელი იყო. წარმატებული კარიერისთვის კი მხოლოდ ნიჭი არ კმარა. ჯანმრთელობის გარდა, სპორტსმენს ხელი სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარმაც უნდა შეუწყოს...

ასათიანი ქუთაისის "ტორპედოდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა და იქ რიგიანადაც ითამაშა, თუმცა მისგან ყველა მეტს ელოდა, მისი ნიჭი უფრო მეტს
იმსახურებდა...

ასათიანის თავურით საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა, ძალიან გემრიელი გამარჯვება გამოვიდა, თუმცა ასათიანი მე უფრო სხვა რამეების გამო მახსოვს - სოლორეიდები, ლიდერის თვისებები მოედანზე, სწორი თამაში, რაც თითქოს სისხლში ჰქონდა...

ფეხბურთი ღარიბების სპორტია და არც ის გამოსულა მდიდარი ოჯახიდან, პერიფერიიდან შექმნა საკუთარი თავი, ქუთაისის "ტორპედოში" თამაშით აალაპარაკა ყველა...

ასათიანს არ უყვარს ინტერვიუები, თუმცა ამჯერად ჩვენს თხოვნას დათანხმდა და აღარ გადავწვდით იმ თემებს, რაც ნაკრებთან და "ლოკომოტივთანაა" დაკავშირებული. ამაზე ასათიანს სხვა დროსაც უსაუბრია "ლელოსთან"...

Sportall.Ge

- მას შემდეგ, რაც ფეხბურთს თავი დაანებეთ, ამ სფეროში აღარ საქმიანობთ. ხომ არ აპირებთ მშობლიური ქალაქის გუნდში, ქუთაისის "ტორპედოში" საქმიანობას? თუნდაც მრჩევლად...
- ვფიქრობ, "ტორპედოს" ჩემზე უკეთესი მრჩევლები ჰყავს. ამ ეტაპზე ფეხბურთში საქმიანობას არ ვაპირებ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ახლა ქუთაისში ვცხოვრობ, მერე ვნახოთ...

- "ტორპედოს" თამაშებს თუ ესწრებოდით ბოლო წლებში?
- "ტორპედოს" თამაშზე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. მას შემდეგ, რაც მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავედი, ქუთაისში ყოფნა იშვიათად მიწევდა და, შესაბამისად, "ტორპედოს" თამაშებს ხშირად ვერ დავესწრებოდი.

- ფეხბურთის თამაში რამდენი წლისამ დაიწყეთ?
- ასე 7-8 წლის ვიქნებოდი. თავიდანვე შეტევაში ვთამაშობდი.

- ალბათ, ისეთ პიროვნებასთან მოხვდით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეგიწყოთ ხელი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში...
- "ტორპედოს" ბავშვთა გუნდში რომ მივედი, ჩვენი მწვრთნელი თემურ ნადირაძე იყო, ძალიან კარგი პიროვნება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ყველა ბავშვთან მთელი სულითა და გულით მუშაობდა, დღე და ღამე ჩვენზე იყო გადაყოლილი.

მოგეხსენებათ, რა ვითარება იყო საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში, მაშინ ბურთი და ბუცი ბავშვებისთვის კი არა, ზრდასრული ფეხბურთელებისთვისაც ჭირდა, თემურ ნადირაძე კი ყველანაირად გვერდში გვედგა - თუ ბურთის შეკერვა იყო საჭირო, არც ამას თაკილობდა.

Sportall.Ge

- საკუთარ თავზე ინდივიდუალურადაც მუშაობდით კონკრეტული კომპონენტების დასახვეწად? მაგალითად, გამძლეობაზე...
- არა, ამაზე განსაკუთრებულად არ მიმუშავია, სად იყო მაშინ ტრენაჟორის საშუალება?.. რა საფეხბურთო თვისებებიც დამყვა, ეგ იყო ყველაფერი.

- "ტორპედოს" პირველ გუნდში როგორ მოხვდით?
- პირველ გუნდში რომ ამიყვანეს, მაშინ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი იყო. მისი თამაში ვიდეოჩანაწერებში მქონდა ნანახი. ვფიქრობ, მწვრთნელიც ასეთივე წარმატებული იქნებოდა, რომ დასცლოდა...

Sportall.Ge

- "ტორპედოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის როგორი მწვრთნელი იყო ყიფიანი?

- ახალგაზრდებისთვის ის ზომიერად მკაცრი მწვრთნელის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მეგობრულ რჩევებსაც გვაძლევდა... ნადირაძემ და ყიფიანმა ჩემი მხოლოდ ფეხბურთელად კი არა, პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. საწყისი - აქედან ვითარდება ყველაფერი და თუ საწყისი არ არსებობს, განვითარება და ჩამოყალიბება შეუძლებელია. მე ქუთაისიდან და ქუთაისის "ტორპედოდან" დავიწყე გზა...

- "ტორპედოში" ბევრი კარგი მატჩი ჩაგიტარებიათ, თუმცა იყო ერთი ისეთიც, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ - ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში შინ "დინამო" 1:0 დაამარცხეთ. ის ერთადერთი გოლი თქვენ გაიტანეთ 11-მეტრიანით და "ტორპედომ" ჩემპიონობა გაინაღდა. იმ თამაშზე ისეთი ამბავი იყო, ქუთაისელი გულშემატკივარი განათების ბოძებზეც კი იყო შემომსხდარი...
- ეს მართლაც ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი იყო ჩემთვის. ქუთაისში განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი. თან "ტორპედოსთვის" მაშინ კარგი დრო იყო, რიგიანი პირობები ჰქონდა, ხალხიც დადიოდა სტადიონზე და გვერდში გვედგა.

Sportall.Ge

- მაშინ ზოგი ქუთაისელი ქომაგი ყველაზე მეტად ასათიანის თამაშის სანახავად დადიოდა სტადიონზე. თუმცა თქვენ არასდროს გიყვარდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ინტერვიუზეც იშვიათად თანხმდებოდით. შეიძლება ითქვას, რომ მალხაზ ასათიანი განსაკუთრებულად თავმდაბალია?

- უარი ინტერვიუზე და ყურდღების ცენტრში არყოფნა თავმდაბლობაზე არ მეტყველებს, უბრალოდ, ყველას საკუთარი შეხედულებები აქვს.

- გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი ვახსენეთ. გახსოვთ, პირველად როდის მოირგეთ ბუცები?
- ფეხბურთს კედებით ვთამაშობდით. საფეხბურთო სკოლაში სიარულისთვის ფულს რომ ვაგროვებდით, ჩვენი მწვრთნელი სულ იმას ცდილობდა, როგორმე ისე მოეხერხებინა, ამ ფულით რომელიმე ფეხბურთელისთვის ბუცი ეყიდა. ერთ თვეს ერთ ბავშვს უყიდდა ბუცს, მეორე თვეს - მეორეს... იმის საშუალება კი აღარ რჩებოდა, რომ ყველასთვის შეეძინა ბუცი.

- რომელ გუნდს ქომაგობდით ბავშვობაში?
- იტალიის ნაკრების თამაში მომწონდა, რობერტო ბაჯო...

Sportall.Ge

- ქუთაისიდან წამოსულ ფეხბურთელებს აქვთ განსაკუთრებული ხელწერა?
- ვფიქრობ, განსაკუთრებული განსხვავება არ არსებობს, უბრალოდ, ჩვენ "აქანე-იქინეს" ვამბობდით, თბილისელი ბავშვები კი "ტოს".

- ისიც გემახსოვრებათ, ქუთაისის "ტორპედოს" მოზარდებმა თბილისში "კოკა-კოლას" თასი რომ მოიგეთ...
- ფინალში თბილისის "დინამო" დავამარცხეთ. დინამოელებს ვახტან კოპალეიშვილი წვრთნიდა, ზურაბ ხიზანიშვილი, ედიკ საჯაია... "დინამო" ძალიან კარგი ფეხბურთელებითაც იყო დაკომპლექტებული და ფინალამდე რომ შევხვედროდით, შესაძლოა, დიდი ანგარიშითაც წაგვეგო, მაგრამ ფინალი ისეთია, შანსი ყველას აქვს და პენალტების სერიით ჩვენ გავიმარჯვეთ, დიდი მონდომებით ვითამაშეთ...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე მაინც ვერ გავიგე რატო დაასრულა ტიპმა 30 წლის ასაკში კარიერა? ტრამვა არ ქონდა და არაფერი.
0
უფრო მეტი, უფრო მეტი, რაც შეძლო ხომ გააკეთა,თქვენ გამოდით ერთი უკეთესი ფეხბურთელები. ერთი შეხედვით ყველაფერი ადვილად ჩანს. ყველაფერი შედარებითია, სხვას შეიძლება აქამდეც ვერ მიეღწია მის ადგილას. თუ გინდა კაცს გული ატკინო უძახეთ მაშინ მეტი შეგეძლო, რაც გააკეთა და რასაც მიაღწია ერთი თქვენ გააკეთეთ ჯერ იმის ნახევარი და მერე ილაპარაკე სხვაზე.
HELLADOS
02:15 01-02-2014
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული