ორი წელი რეფორმა არ გატარებულა! - რატომ მოხსნეს სპორტის მინისტრის მოადგილე

AutoSharing Option
29 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე მედიას შეხვდა და არ დამალა, რომ შესაძლებელი იყო, პოსტი დაეტოვებინა. რამდენიმე დღეში ასეც მოხდა, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბატონი თამაზი "ლელოსთან" მომხდარის მიზეზებზე ლაპარაკობს:

- მთავრობის დადგენილებით, სამინისტროების რეორგანიზაცია დაიწყო. მინისტრის მოადგილის შტატი ჩვენთანაც შეამცირეს და უმუშევარი დავრჩი. მიმაჩნია, რომ მიზეზი ჩემი და მინისტრის, ლევან ყიფიანის განსხვავებული მიდგომები გახდა.

ლევანი 2009 წელს გავიცანი, როცა ის მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მაშინ ვმონაწილეობდი ევროპის სპორტის მოდელის შემუშავებაში, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებაში 2009
წლის დეკემბერში შეიტანეს.

სხვათა შორის, გათავისუფლების შემდეგ პრემიერს წერილობით მივმართე, სადაც ვწერ, რომ მე ვარ "ქართულ ოცნებაში" მომზადებული "ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების კონცეფციის" ავტორი, რაც საარჩევნო პროგრამაში აისახა. მასზე დაყრდნობით მომზადდა "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი 2014-2020", რომელიც მთავრობამ 2014 წლის 4 აპრილს დაამტკიცა - ისიც ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ჩემი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, პრემიერთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა და ამიტომ ვთხოვე, განეხილა რეკომენდაციები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება პოლიტიკური ნება.

ბევრი ჩანაფიქრი მქონდა, რაც მინისტრის გამო ვერ განვახორციელე.

- კერძოდ?
- ევროპული სპორტის მოდელისა და მართვის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოშიც მმართველობის ინდივიდუალური მიდგომებიდან სისტემურზე უნდა გადავიდეთ. ეს ჩვენი ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის მომავლისთვისაა აუცილებელი.

გვჭირდება რეფორმა, რომლის განხორციელება დღემდე ვერ ხერხდება. სპორტი სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ვერ გახდა. ვერც საფეხბურთო თემატიკაში ჩავერთე. ჩემი სუბიექტური შეფასებით, სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე მიღებულ დოკუმენტშიც შეუსაბამობაა: კომისიის ძირითად ამოცანებში ბევრი კარგი მუხლია, მაგრამ ზოგიერთი რამ სამთავრობო ფუნქცია არ არის.

- რომელ ფუნქციას გულისხმობთ?
- წერია, რომ ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი გეგმა უნდა შემუშავდეს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სპორტის შესახებ კანონის მოთხოვნებს, რადგან სახეობის განვითარებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული ფედერაციაა და კონცეფცია სწორედ მან უნდა დაამუშაოს.

კანონის მოთხოვნებს ასევე ეწინააღმდეგება მუხლი პერსპექტიული ფეხბურთელების გადამზადების გეგმის შემუშავებისა და საამისო ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ და ასე შემდეგ. ეს საკითხები მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციაში შედის და სამინისტროს არანაირად არ ეხება. ასეთი მიდგომა კი ფედერაციის იგნორირებას და მის ქმედითუუნაროდ გამოცხადებას ნიშნავს.

ფედერაციისა და სამინისტროს ურთიერთობები ხელშეკრულებებით უნდა დარეგულირდეს. არადა, მინისტრი და მისი მოადგილე აკაკი ლოდია ინტერვიუებში ამბობდნენ იმას, რაც ჩემს ხედვებს ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, თავიდან ვთქვით, რომ სახელმწიფო ფედერაციის კომპეტენციაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ მე არც სახელმწიფო კომისიის წევრი ვიყავი და არც - ქვეკომისიის.

განაწყენებული კი არ ვლაპარაკობ, ამას ჩვენი სპორტისა და ფეხბურთის მომავლისთვის ვამბობ.

- რატომ ვერ მიიღო სამთავრობო კომისიამ რეალური გადაწყვეტილებები?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ დრო იკარგება.

- პროგრამა ვერც 2015 წელს ამუშავდება და დარწმუნებული ვარ, გუნდები ისევ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ფეხბურთისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარი კი რეალურ შედეგს ვერ მოგვიტანს...
- მე სწორედ ეს მადარდებს. არადა, სახელმწიფო კომისიას ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი ჰქონდა. მაგალითად - კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით, კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა.

სახელმწიფომ სპორტის განვითარების ფინანსური საფუძვლები უნდა უზრუნველყოს. საამისოდ აუცილებელია, რომ მასობრივი სპორტის სტაბილური საბიუჯეტო დაფინანსების პრინციპები განისაზღვროს. დასადგენია მაღალი მიღწევების სპორტისა და საგრანტო დაფინანსების სისტემები, უნდა შეიქმნას კერძო სექტორის მოზიდვის წინაპირობა. საამისოდ კი კანონებია შესამუშავებელი.

ეს ყველაფერი ევროპის სპორტის მოდელის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, რაც სპორტის ხელმისაწვდომობასაც უზრუნველყოფს.

- შესაბამისი კანონმდებლობა მართლაც საჭიროა. რესტორანსა და სტადიონს მიწის გადასახადი ერთნაირი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ დიფერენცირებული გადასახადის კანონის მიღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ეწინააღმდეგებიან...
- ევროპელები პრიორიტეტად ქვეყნის საჭიროებას მიიჩნევენ. პრობლემა ისაა, რომ სპორტთან დაკავშირებული კანონი მხოლოდ სპორტს ვერ შეეხება, ის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად უნდა დამუშავდეს, მერე კი საკითხი მთავრობასა და პარლამენტში უნდა გავიტანოთ.

რაც საქართველოს სჭირდება, იმას ვერავინ დაგვიშლის. გული ამაზე მწყდება, რაც უკვე გითხარით - დრო გადის და ვერაფერი კეთდება.

- ლევან ყიფიანი პოსტზე ენთუზიაზმით მოვიდა. იქნებ მასაც აბრკოლებს რაღაც?
- შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ნორმალური მართვის სისტემის არარსებობის გამო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, რეფორმები არ გატარებულა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და ცვლილებები კუს ნაბიჯით მიდის. ეს დღეს არასაკმარისია.

- ბუნებრივია, არასაკმარისია, რადგან ფეხბურთის განვითარების პროგრამის განხორციელებას 1991 წლიდან არ დაადგა საშველი...
- გეთანხმებით, მსჯელობა ფურცელზე უნდა გადავიტანოთ. აქვე ვიტყვი, რომ დაფინანსების წყაროებიც მოსაძებნია.

- წყაროები ახსენეთ და რამდენად რეალურია, რომ პროგრამა მწირი ფინანსური სახსრების გამო ვერ ხორციელდება?
- ბიუჯეტი ყველაფერს ვერც გასწვდება, როცა 50 ფედერაციაა დასაფინანსებელი. ამიტომ უნდა შემუშავდეს პრიორიტეტები, რომელიც შემდეგ უნდა განხორციელდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ მე მეკითხები გიპასუხებ. სადმე დავწერე არველაძეები გვინდა ან დომენტათქო? სამსახურიდან რომ გამოგიშვებენ მერე არ უნდა იხტუნაო ამის და იმის საშუალება არ მომცესო... თორემ სანამ ახალი ხალხი არ მივა, ფედერაციას რომ კაპიკი არ უნდა მისცე მეც გეთანხმები
kaxa-ს კახასგან
00:03 16-01-2015
0
არველადზე და დომენტი სანამ იქნებიან მანამ ერტი ტეტრიც არუნდა მისცე ფედერაციას დადიან მუქტად პაესტკებში ფედერაციის ხარჯზე ამოისვეს ფედერაცია და მოირგეს სატავისოდ უნდა მოშორდნენ სასცრაპოდ შოვინისტი დომენტი
kacho
20:20 15-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული