არსებულ ვითარებაზე გვესაუბრება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი...
- ბატონო გელა, ჩვენი ინტერვიუ სანაკრებო თემით დავიწყოთ. ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. თქვენ მას კარგად იცნობთ. როგორ დაახასიათებდით მას?
- კახა ცხადაძეს მხოლოდ დადებითი კუთხით დავახასიათებ. მას ვიცნობ, როგორც ძალიან მშრომელ, მიზანდასახულ კაცს. მწვრთნელის
ამავე დროს, უნდა გითხრათ, რომ შედეგი ხელის ერთი მოსმით არ მოვა. ყველაფერს დრო სჭირდება. ერთი კია - გარკვეული ცვლილებები იქნება. შესაძლოა, ცხადაძემ შეცვალოს ტაქტიკა, თუმცა კიდევ ვიმეორებ - შედეგი უცებ არ მოვა.
- როგორ გგონიათ, ამ თაობას შეუძლია სანაკრებო ასპარეზზე გარდატეხის შეტანა?
- არავისზე ცუდი არ მინდა ვთქვა, თუმცა ჩემი აზრია და თავზე არავის ვახვევ - უმჯობესი იქნება, თუ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ.
- ვის გულისხმობთ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებში?
- იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს იცავენ საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებშიც არიან ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა.
- ბატონო გელა, თქვენი თაობა ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ დღეს ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში იქნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ თქვენს წინამორბედ, მართლაც "ოქროს თაობაზე". თქვენი აზრით, რამ მოგვიყვანა აქამდე?
- საქმისადმი უდიერმა, არასწორმა დამოკიდებულებამ. ორი სიტყვით მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. არის ახალი მწვრთნელი და იმედი მაქვს, თუნდაც ნაკრებში იქნება სასიკეთო ძვრები, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლით ხვალვე ერთბაშად მოიხსნება ყველა პრობლემა.
- საქართველოს ჩემპიონატზეც გკითხავთ. წლებს პროგრესი უნდა მოჰქონდეს, ჩვენთან კი პირიქითაა...
- ძალიან მიმძიმს ამის აღიარება და წარმოდგენაც კი, მაგრამ დღეს ჩვენი ჩემპიონატის დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ეს ხდება საქართველოში, უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაში.
თქვენ ამას ჩემპიონატს ეძახით? მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩემპიონატია... მინდა, პოზიტივი დავინახო, მაგრამ... მაგრამ, მაინც არ ვკარგავ იმედს.
- რა არის ქართული საკლუბო ფეხბურთის მთავარი პრობლემა? ინფრასტრუქტურა?
- ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა. არ მესმის, რად გვინდა ამდენი ხელოვნურსაფარიანი მოედანი?! სპეციალისტების მიერ დიდი ხნის წინაა დამტკიცებული, რომ მყესებს ყველაზე მეტად სწორედ ხელოვნურსაფარიანი მოედანი ვნებს.
- თუმცა ისიც ფაქტია, რომ არც თქვენი თაობა გაზრდილა სასწაულ პირობებში...
- სასწაულ პირობებში კი არა... რაც მე ასფალტზე მუხლები გადამიტყავებია... ახლა სხვა დროა მაინც.
- ქართული ფეხბურთის განვითარებაზე სასიკეთოდ ალბათ ისიც არ მოქმედებს, რომ ბოლო წლებში, აღარაფერს ვამბობ რეგიონებზე, თბილისში არაერთი სტადიონი გაუქმდა და ახლა მათ ადგილას საცხოვრებელი კორპუსებია...
- კი, ესეც არის... მეორეც - ვერ გამიგია, რად გვინდა ამდენი ხელოვნური მინი-სტადიონი?! არ ჯობია, ბევრი ასეთის ნაცვლად რამდენიმე ბუნებრივი მოედანი გავაკეთოთ?!
- თქვენს თაობას ასფალტზე თუ ჰქონდა მუხლები გადატყავული, დღეს შედარებით უკეთესი პირობები მაინცაა. მაშ, რატომ აღარ იზრდება საქართველოში ფეხბურთელი?
- ისევ და ისევ საქმისადმი არასწორი მიდგომის გამო. ერთს "გაიფაფხურებენ" და უკვე თავში აქვთ ავარდნილი... სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
- განა თქვენს დროს არ იყო ასეთები?
- იყო, მაგრამ ნაკლებად, რა შედარებაა?!
- მაშინაც არ გიგრძვნიათ ეიფორია, როცა ოლიმპიური ჩემპიონი გახდით და სამუდამოდ ჩაეწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში?
- გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი, ჩამოვედი "დინამოში" და ჩვეულებრივად გავაგრძელე ვარჯიში. სულ ეს იყო.
- ფაქტია, დღეს ქართულ ფეხბურთში კონკურენციის მომენტი თითქმის აღარ არის. საკმარისია, რამდენიმე თამაში ნორმალურად ჩაატარო, რომ შენთვის ეროვნული გუნდის კარი ღიაა...
- მაგარი კონკურენცია იყო ჩვენს დროს, ძალიან მაგარი. წარმოიდგინეთ, 15 ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში.
დღეს რომ კუნთი ეჭიმებათ მინდორზე, მეორე ტაიმის შუაში ან ბოლოს... ესეც საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შედეგია... აბა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოგსვლოდა ასეთი რამ. ვინ გაპატიებდა?! აგიღებდნენ ბილეთს, ჩაგსვამდნენ თვითმფრინავში და... კარგად იყავი! - გაგიშვებდნენ სახლში.
- და მაინც, იმედიანად დავასრულოთ. მაგრამ გაქვთ კი იმედი?
- ღმერთმა ნუ მოგვიშალოს იმედი! სანამ ვარსებობ, იმედი სულ მექნება. გული მიკვდება, რეიტინგში ფარერებმაც რომ გაგვისწრო. იმათ რას ვერჩი, მაგრამ ჩვენც ხომ ვიცით, რომ ფარერების ნაკრებში ზოგი მეხანძრეა, ზოგი მასწავლებელი და ასე შემდეგ... მოყვარულები არიან.
ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ ვითარება უკეთესობისკენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"