სუპერთასი 2015: დიდი სამზადისი

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მატჩი, რომელიც თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება, იმ რანგის საფეხბურთო მოვლენაა, რომლის მსგავსსაც საქართველოს დედაქალაქს ჯერ არ უმასპინძლია.

1998 წლიდან სუპერთასი ნეიტრალურ მოედანზე ტარდება და საქართველო ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც ასეთი თამაშის გამართვის პატივი ერგო. 1998-დან 2012 წლის ჩათვლით, ევროპული საკლუბო ფეხბურთის გრანდების თამაშს მონტე კარლოს "ლუი მეორე" მასპინძლობდა.

მონაკო, კერძოდ, მონტე კარლო, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე პრეზენტაბელური ადგილია, მაგრამ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება (ვფიქრობთ, სავსებით მართებული), რომ 2013 წლიდან მატჩის ადგილი როტაციის პრინციპით შერჩეულიყო, როგორც ეს ჩემპიონთა ლიგისა და
ევროპის ლიგის შემთხვევაში ხდება.

ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, ფეხბურთის შემდგომი პოპულარიზაციისთვის გაკეთდა. ამ ერთი შეხვედრის ჩამორთმევით მონტე კარლოში ტურისტული ნაკადის შემცირება მოსალოდნელი არაა, ევროპული ქვეყნები კი (მხედველობაში გვაქვს, უმთავრესად, კონტინენტის აღმოსავლეთის რეგიონი), ამ მატჩის ჩატარებით უთუოდ ბევრს მოიგებენ.

ამრიგად, თავისთავად ცხადია, რომ ასეთი პრესტიჟული მოვლენის ორგანიზებას უეფა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ნათელია ისიც, რომ ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ამ შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება ერთგვარი გამოწვევაა.

ამიტომ, ბუნებრივია, რომ ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტი, დედაქალაქის სამსახურები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ყველა პოტენციური კონტრაქტორი კომპანია გამალებით ემზადება აგვისტოს მატჩისთვის.

სწორედ 11 აგვისტოს შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხთა გამო ეწვია უეფას წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისს 2 მარტს. სტუმართა ჯგუფი ასეთივე შემადგენლობით საქართველოში ამ სამიოდე თვის წინაც იმყოფებოდა. ამჯერად ვიზიტმა ოთხ დღეს გასტანა. ამ ვიზიტთა მიზანია "სუპერთასი 2015"-ის ორგანიზებაში ქართული მხარის დახმარება საკუთარი გამოცდილების გაზიარებითა და კონკრეტული პრაქტიკული რჩევებით.

სტუმარ-მასპინძელთა სამუშაო შეხვედრების განრიგი წინასწარ იყო გაწერილი. უეფას ამ ჯგუფს მუდმივი კონტაქტი აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტთან, რომელთანაც ათანხმებს ამა თუ იმ ტექნიკური ხასიათის დეტალებს.

შეხვედრის სარბიელის მიმართ, ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესია და "დინამო არენაც" გამალებით ემზადება. იგეგმება და უკვე ხორციელდება უამრავი ცვლილება: შესასვლელებში დამონტაჟდება ტურნიკეტები, გაიყვანენ ელექტროკაბელებს, დამონტაჟდება ახალი ტაბლო, გამოიცვლება სკამები ტრიბუნებზე, მოწესრიგდება მინდვრის საფარი, გაფართოვდება მედია-ტრიბუნა, გაუმჯობესდება და დაიხვეწება ინტერნეტის ქსელი. საერთო ჯამში, იგეგმება 150-მდე მონიტორის დადგმა კომენტატორთა მერხებზე, პრესცენტრში, ვიპ-ლოჟებში, საკონფერენციო დარბაზში...

ქალაქის ცენტრში გამოიყოფა ორი ადგილი საგანგებოდ მხოლოდ მონაწილე გუნდების ქომაგებისთვის, რომლებიც მატჩის სანახავად ჩამოვლენ. სავარაუდოდ, ერთი მათგანი განთავსდება რიყეზე, მეორე კი - ვერის ბაღში.

საერთოდ, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის თემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მოსამზადებელ სამუშაოებს შორის, რადგან მოსალოდნელია ვიზიტორთა დიდი ნაკადის მოზღვავება ძალიან მოკლე დროში. ამიტომ აეროპორტის ადმინისტრაციასთან თანხმდება სტუმართა გამარტივებულ, მაქსიმალურად კომფორტულ რეჟიმში მიღების დეტალები.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსდება სპეციალური მაჩვენებლები, რომლებზეც მითითებული იქნება გზა სტადიონისკენ იმ სტუმრებისთვის, რომლებიც ფეხით ამჯობინებენ მატჩის სარბიელზე მისვლას. ჩამოსული გულშემატკივრების აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში გადაყვანას ძირითადად უზრუნველყოფენ კონტრაქტორი ტუროპერატორები. იმავე გზით მოხდება გულშემატკივართა ორგანიზებული ჯგუფების გადაყვანა მატჩის შემდეგ სტადიონიდან აეროპორტში.

უეფას ოფიციალურ სტუმრებს, სავარაუდოდ, მოემსახურებიან "ნისანის" (უეფას სპონსორი) მარკის ავტომობილებით. საჭირო იქნება ელემენტარული ინგლისური ენის მცოდნე დაახლოებით 50 მძღოლი და ამ თემაზე პოტენციურ კონტრაქტორებთან უეფას წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები.

სტადიონთან ახლოს განთავსდება სააკრედიტაციო ცენტრი. უკვე შერჩეულია შენობაც, სადაც აკრედიტაციას გაივლიან ჟურნალისტები, უეფას სტუმრები, ოფიციალური პირები... მატჩს მოემსახურება რამდენიმე ასეული სტიუარდი. სიტყვამ მოიტანა და, მათი მიღება კვლავაც გრძელდება და მსურველებს შეუძლიათ, ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია ამ საკითხზე.

ოფიციალური ცერემონიის დეტალებზე ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს გეტყვით. ეს ის თემაა, რომელიც ამ მასშტაბის ასპარეზობების დროს, ტრადიციულად, მაყურებლისთვის სიურპრიზი უნდა იყოს. თუმცა ერთ დეტალს მაინც გაგიმხელთ: 6-წუთიან წარმოდგენაში, რომელშიც დაახლოებით 150 პროფესიონალი მოცეკვავე იქნება ჩართული, გამოყენებული იქნება ეროვნული ელემენტებიც. ქორეოგრაფიას ეხება ეს, კოსტიუმებს თუ სიუჟეტს, ამას 11 აგვისტოს ვნახავთ.

გარდა ამისა, ივლისში უეფა საქართველოში ჩამოიტანს სამივე ევროპულ საკლუბო თასს - ჩემპიონთა თასს, ევროპის ლიგის თასს, სუპერთასს და ნებისმიერ გულშემატკივარს ამ პრესტიჟული ჯილდოების ნახვის საშუალება ექნება. ზაფხული, როგორც წესი, საფეხბურთო მოვლენებით დიდად დატვირთული არ არის. ამ მხრივ, ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა: წელს ქართველებს დიდი საფეხბურთო ზაფხული გველის!

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ხომ საქართველოს დარჩება ყველაფერი, სტადიონიც და ინფრასტრუქტურაც,კარგია რაც კარგია კარგია
puma
22:28 06-03-2015
0

სიახლეები პოპულარული