ეს ხომ კომპლექსური საკითხია?! ანუ, რატომ ვერ დაიწერა სახელმწიფო პროგრამა?

AutoSharing Option
ერთი ამერიკული ფილმია: ყალთაბანდი მეგობრები ბრილიანტების გამყიდველთან დაახლოებას ცდილობენ და მოიფიქრეს, ვითომ, სარეკლამო სააგენტოდან არიან.

- კი, მაგრამ კონკრეტულ თემაზე რომ დაგველაპარაკოს, ხომ "დავიწვებით"? - იკითხა ერთ-ერთმა. მეგობარმა გამოსავალი იპოვა:
- ყველაფერზე ვუპასუხოთ, რომ ეს კომპლექსური საკითხია, ანუ ზოგადი ლაპარაკით გავაბრუოთო...

ხომ არ გეცნოთ?

"კომპლექსური საკითხი" ქართული ფეხბურთის საიუბილეო თარიღმა გაგვახსენა. 1990 წლის 30 მარტს, 80 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ეროვნულ სტადიონზე საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა. იმავე 1990 წელს დადგა საკითხი, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა უნდა განხორციელებულიყო.
მას შემდეგ 25 წელიწადი გავიდა, მაგრამ სიტყვების იქით საქმე არ წასულა.

გასაგებია, რომ თავიდან ხელი სამოქალაქო ომებმა და რუსულმა სამხედრო აგრესიამ შეგვიშალა. მერე კი ხშირად გვესმოდა, რომ... ეს "კომპლექსური საკითხია".

სახელმწიფო პროგრამა რამდენჯერმე გახდა აქტუალური თემა - 1990, 1992, 1995, 1997, 2000, 2005, 2007, 2009 და 2013 წლებში. ანუ 25 წლის განმავლობაში 9-ჯერ! მათგან სერიოზულად რამდენჯერმე დაისვა საკითხი.

აი, მაგალითად, ერთ-ერთი: 2007 წლის 26 ოქტომბერს, საგურამოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ ტექნიკურ ცენტრში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ფეხბურთის, რაგბისა და უმაღლესი სპორტული განათლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო.

მაშინ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს "კომპლექსური საკითხი" იყო: "შოტლანდიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების (2:0) შემდეგ დამეუფლა განცდა, რომ ქართული ფეხბურთი ხელახლა დაიბადა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ფეხბურთის, რაგბისა და უმაღლესი სპორტული განათლების მხარდამჭერი გრანდიოზული სახელმწიფო პროგრამით ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი, რაგბი და ზოგადად სპორტი ფეხზე დადგება".

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ "ამ გრანდიოზული პროექტის" წყალობით, სახელმწიფო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 3 წელიწადში 11 მილიონ დოლარს გაიღებდა, 7 ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 7 საფეხბურთო-სარაგბო სტადიონი და საერთაშორისო სტანდარტების 2 საწვრთნელი ბაზა აშენდებოდა. კერძო საკუთრებაში გადავიდოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 8 საფეხბურთო კლუბი, რაც დიდად წაადგებოდა ქართული საკლუბო ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას. რაც ამ "პროგრამით" დაგვმართეს, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

ზვიად სიჭინავას დანიშვნის შემდეგაც იყო სახელმწიფოს მმართველებისგან მსგავსი დაპირებები.

კარგით, ძველებს შევეშვათ, ვნახოთ, ახლებმა თავი რით დაგვამახსოვრეს. 2014 წლის თებერვალში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდა. მერე გაირკვა, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს დაამუშავა და მისი განხორციელება დაიგეგმა.

შეიქმნა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო კომისია. მასში შევიდნენ თავად პრემიერი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის, სპორტისა და ეკონომიკის მინისტრები, ფეხბურთის ფედერაციიდან ზვიად სიჭინავა, რევაზ არველაძე, ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, აგრეთვე, კერძო კლუბების, "დინამოს", "ზესტაფონისა" და "საბურთალოს" მფლობელები - რომან ფიფია, ილია კოკაია და ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გვითხრეს, რომ პროგრამა შემუშავებული იყო და მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებთან კონსულტაციები მიმდინარეობდა და დეტალებს ათანხმებდნენ, სახელმწიფო კი ფეხბურთის განვითარებისთვის 30 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პროგრამის განხორციელებით სახელმწიფო თითქოს რეალურად დაინტერესდა. მაგრამ თავი იჩინა ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თავკაცთა დაპირისპირებამ. სამინისტროს პროგრამით, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების რაოდენობის შემცირება იყო გათვალისწინებული, რასაც ფედერაცია და კლუბები აღუდგნენ წინ. რეალურად, მხარეთა თანამშრომლობა შეუძლებელი აღმოჩნდა და მას შემდეგ პროგრამის განხორციელებაზე აღარაფერი ისმის.

სანამ ამ "კომპლექსური საკითხებიდან" კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტამდე არ მივალთ, დაპირისპირებას თანამშრომლობა არ შეცვლის, სიტყვას - საქმე, მანამდე ფეხბურთს არაფერი ეშველება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე მგონია რომ ყველაფერი უფრო მარტივადაა, უბრალოდ არ იციან როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი და რა უნდა დაწერონ...
Walkabout
12:36 06-04-2015
0
თითქოს ამ მთავრობას რომელიმე დარგში ჰქონდეს გეგმა შემუშავებული.
gaga
15:33 04-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული