ალექსანდრე ჩივაძე 60 - ლეგენდარული კაპიტანი

AutoSharing Option
დოსიე:
ალექსანდრე ჩივაძე
დაიბადა 1955 წლის 8 აპრილს
1974-87 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში"
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი - 324 მატჩი (44 გოლი)
საბჭოთა კავშირის თასი - 36 მატჩი (5 გოლი)
ევროპის საკლუბო ტურნირები - 40 მატჩი (6 გოლი).

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978); სამგზის ბრინჯაოსპრიზიორი (1976 - გაზაფხული, 1976 - შემოდგომა, 1981); საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979); ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული (1981);

საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1979-87) ჩაატარა 52 მატჩი (3 გოლი), 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური
ეტაპის მონაწილე, 1980-84 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი, 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად; რვაჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოთა" შორის: შვიდჯერ - პირველ ნომრად, ერთხელ - მეორე ნომრად.

1993-97 და 2000-02 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 2012 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; დაჯილდოებულია ფიფას ორდენით.

* * *
ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს დღეს 60 წელი უსრულდება! "ლელოს" რედაქცია უერთდება უამრავ მილოცვას და სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ალექსანდრე ჩივაძე კვლავაც ქართული ფეხბურთის სამსახურშია: იმის გარდა, რომ უკვე წლებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, 2012 წლიდან კვლავაც სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება არჩია და საქართველოს ახალგაზრდული (21-წლამდელთა) ნაკრების თავკაცი გახლავთ.

...გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ალექსანდრე ჩივაძე არა მხოლოდ თავის ამპლუაში, არამედ, საერთოდაც, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა! არანაკლებ წარმატებული გამოდგა მისი სამწვრთნელო კარიერაც: საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი (ისე, როგორც - საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება) სწორედ ჩივაძის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება!

...მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას არაერთი მაღალი კლასის ცენტრალური მცველი ახსოვს, მაგრამ, საყოველთაო აზრით, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ამ ამპლუაში გერმანელი ფრანც ბეკენბაუერია აღიარებული. ასეთი შეფასება წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საკამათო არავისთვის არის, არადა, დროის ამ პერიოდში რამდენ უმაღლესი დონის ცენტრალურ მცველებს უთამაშიათ: ბობი მურსა თუ ჯაცინტო ფაკეტის, დანიელ პასარელასა თუ გაეტანო შირეას, ფრანკო ბარეზისა თუ ბრუნო პეცაის, ფაბიო კანავაროსა თუ ალესანდრო ნესტას, მარსელ დესაისა თუ ლორან ბლანს, სერხიო რამოსსა თუ ხერარდ პიკეს, იურგენ კოლერსა თუ ლოთარ მათეუსს (კარიერის მიწურულს), ტიაგო სილვასა თუ დავით ლუისს, რონალდ კუმანსა თუ ფრანკ რაიკაარდს და კიდევ ბევრს და ბევრს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა დროის ნომერ პირველ ცენტრალურ მცველად გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერია აღიარებული.

...და სწორედ "კაიზერ ფრანცს" ადარებდნენ თავის დროზე ალექსანდრე ჩივაძეს და ამის დასტურად ინგლისელი ჟურნალისტების შეფასებებიც გამოდგება; 1981 წლის 4 მარტის მართლაც ზღაპრული მატჩის ("ვესტ ჰემი"-"დინამო") მეორე დღეს, ბრიტანულმა პრესამ რა ეპითეტებით არ შეამკო დინამოელთა გამორჩეული თამაში, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჩვენი კაპიტანი, ალექსანდრე ჩივაძე მოექცა, რომლის მართლაც ჩინებულმა გოლმა დასაბამი დაუდო მასპინძელთა რბევას.

აი, რას წერდა იმ დღეს "დეილი მეილი": "მოედანზე ჩვენ ვიხილეთ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი - ალექსანდრე ჩივაძე! ჩივაძე ისე ფლობდა და ათამაშებდა ბურთს, თავის დროზე მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერს რომ შეეძლო..."

...ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი გამორჩეული თარიღია და ამათგან ერთ-ერთი სწორედ 1981 წლის 4 მარტია, როცა ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილმა "დინამომ" ჩინებულ სტილში სტუმრად 4:1 დაამარცხა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". ყველა დინამოელმა ზღაპრულად ითამაშა: დავით ყიფიანმა, ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ, შოთა ხინჩაგაშვილმა, ოთარ გაბელიამ, თენგიზ სულაქველიძემ, გია თავაძემ, ზაურ სვანაძემ, ვიტალი დარასელიამ, ნოდარ ხიზანიშვილმა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ!

საერთოდაც, ის მატჩი კლასიკური მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა ეთამაშა თანამედროვე ტიპის ცენტრალურ მცველს - "დინამოს" კაპიტანი საკუთარ საჯარიმოშიც ბატონ-პატრონი გახლდათ და თავისი გუნდის იერიშებსაც იწყებდა!

თანაც, მხოლოდ ამ მატჩამდე წელიწად-ნახევრით ადრე სწორედ ჩივაძემ გაუტანა გოლი იმ დროისათვის მსოფლიოს უძლიერეს კლუბს, "ლივერპულს" და მაშინაც ჩინებული რეიდის შემდეგ. ჰო, ასეთი მატჩები მის მდიდარ ბიოგრაფიაში მრავლად იყო და ლონდონისა თუ ლივერპულის გარდა, არანაკლები წარმატებით უთამაშია ჰამბურგსა თუ მილანში, ნეაპოლსა თუ ბრემენში, სევილიასა თუ მალაგაში, როტერდამსა თუ დიუსელდორფში;

აღარაფერს ვამბობთ საკავშირო ასპარეზზე, სადაც, უამრავ პირად თუ გუნდურ ჯილდოსთან ერთად, ჩივაძეს კიდევ სხვა უნიკალური სარეკორდო მაჩვენებლებიც ჰქონდა: "33 საუკეთესოთა" შორის რვაჯერ დაასახელეს და აქედან შვიდჯერ - პირველ ნომრად, ერთხელ კი - მეორე ნომრად, ისიც იმის გამო, რომ იმ სეზონში (1985 წელს), ერთ-ერთ მატჩში "დინამოს" მიმართ გამოჩენილი უსამართლობის გამო საკუთარი უკმაყოფილება "ხმამაღლა გამოხატა" და საკავშირო ფედერაციამაც ასეთი "მეთოდით დასაჯა" ნაკრების ლიდერი და კაპიტანი.

...კიდევ ბევრი ინდივიდუალური მიღწევის გახსენებაც შეიძლება; აი, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ 1980 წელს, ამპლუით მცველი ალექსანდრე ჩივაძე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!

ანდა ის ორი სეზონი (1984, 1985) როგორ უნდა დავივიწყოთ, როცა "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირი ამპლუით ცენტრალური მცველი ალექსანდრე ჩივაძე ხდებოდა.

ნამდვილად არ იყო პატარა ამბავი, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე სსრ ნაკრების კაპიტანი ქართველი ფეხბურთელი იქნებოდა და ასე მოხდა 1982 წლის მუნდიალზეც, სადაც ალექსანდრე ჩივაძემ გოლიც გაიტანა.

სამწუხაროდ, ალექსანდრე ჩივაძეს (ისე, როგორც იმდროინდელი "დინამოს" დანარჩენ ვარსკვლავებს) ისეთ პერიოდში მოუწია თამაში, უცხოეთში წასვლა რომ წარმოუდგენელი იყო, თორემ, არ უნდა ბევრი მტკიცება იმას, თუ როგორ უპრობლემოდ შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ინგლისის, გერმანიის, იტალიისა თუ ესპანეთის ნებისმიერ გრანდში.

...ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ქართული ფეხბურთის ყველაზე "ფეხბედნიერ კაპიტანს", ალექსანდრე ჩივაძეს დღეს 60 წლის იუბილე აქვს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავთ!!!მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი!ხოლო სანახაობრივი თვალსაზრისით ალბათ საუკეთესო!საშა ჩივაძის თამაშის ელეგანტური მანერა მართლაც განუმეორებელია!გენიალური ფეხბურთელი!პ.ს.იქნებ დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციაც მოგეწოდებინათ?რუსეთის ტვ-ც-ზე ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერეს ჩივაძის მიერ გატანილი ბურთების რაოდენობა ,სტუდიაში გაოცდნენ-შედეგიანობა თავდამსხმელებს შეშურდებოდათო!!!
ახალი
13:17 08-04-2015
0
უდიდესი მცველი! დიდი კაპიტანი! გილოცავ საშა!
del piero 10
14:27 08-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული