რევაზ ძოძუაშვილი 70: ტიტულოვანი უნივერსალი

AutoSharing Option
დოსიე:
რევაზ ძოძუაშვილი
დაიბადა 1945 წლის 10 აპრილს

საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 301 მატჩი (5 გოლი). აქედან ქუთაისის "ტორპედოში" (1964-67 წლები) - 67 მატჩი (1 გოლი), ხოლო თბილისის "დინამოში" (1968-76) - 234 მატჩი (4 გოლი). თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ჩაატარა საკავშირო თასის 35 მატჩი და 31 საერთაშორისო შეხვედრა (1 გოლი).

1969-74 წლებში გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - 49 მატჩი; 1970 წლის მუნდიალის მონაწილე, 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი, 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი.

საკავშირო პირველობის დროს წვრთნიდა: თბილისის
სკა-ს, სამტრედიის "ლოკომოტივს", ფოთის "კოლხეთს", ქუთაისის "ტორპედოს"; 1990 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს წვრთნიდა: თბილისის "დინამოს", რუსთავის "მეტალურგს", თბილისის "ლოკომოტივს", ქუთაისის "ტორპედოს", რუსთავის "ოლიმპს"; 2000-01 წლებში დავით ყიფიანთან ერთად გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

სხვადასხვა დროს უმუშავია უცხოეთშიც და უკრაინული "ტემპის", ლატვიის ეროვნული ნაკრების, რუსული "ურალანისა" და "ალანიას", ყაზახური "შახტიორის", აზერბაიჯანული "თურანის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთშიც მუშაობდა.

* * *
ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ სამი მოთამაშეა, სამივე უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის ფინალურ ტურნირზე რომ გამოსულა. ამათგან ერთ-ერთი დღევანდელი იუბილარია: ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორს, 1970 წლის მუნდიალის მონაწილე რევაზ ძოძუაშვილს დღეს 70 წელი შეუსრულდა!

რევაზ ძოძუაშვილი სამართლიანად მიიჩნევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად; არადა, კარიერის დასაწყისში... ცენტრფორვარდი იყო, სხვადასხვა დროს მარჯვენა და მარცხენა გარემარბადაც უთამაშია, მშობლიურ ქუთაისის "ტორპედოში" სამი სეზონის განმავლობაში მარცხენა მცველი იყო, თბილისის "დინამოში" გადმოსვლის მერე კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი და ამ ამპლუაში საბჭოთა კავშირში კი არა, ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

"დინამოში" 9 სეზონი (1968-76) ითამაშა და ოთხჯერ დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს; შვიდჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოთა" შორის (აქედან ოთხჯერ - პირველ ნომრად); განსაკუთრებული აღიარება (თანაც, საერთაშორისო მასშტაბით) კი 1969 წლის 10 სექტემბერს, ბელფასტის "უინძორ პარკზე" ჩატარებულმა მატჩმა მოუტანა: ჩრდილოეთ ირლანდიისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა ჯორჯ ბესტმა ვერაფერი გააწყო თავის მეურვესთან, საბჭოთა კავშირის ნაკრების 24 წლის მარჯვენა მცველ რევაზ ძოძუაშვილთან!

იმ დაუვიწყარ შეხვედრას 40 000 გულშემატკივარი ესწრებოდა და მოვლენების ასეთი განვითარება მათთვის შოკზე მეტი იყო: ჩრდილოირლანდიელთა და, საერთოდ, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავ ჯორჯ ბესტს მანამდე ხომ თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე ჯეროვან წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა! რევაზ ძოძუაშვილმა კი ეს წარმატებით შეძლო და 6 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოც იყო.

...აქტიური კარიერა 31 წლის ასაკში დაამთავრა და სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა. თავდაპირველად საქართველოს პირველობაზე და საკავშირო მეორე ლიგის გუნდებს წვრთნიდა, მერე კი... მსაჯობა დაიწყო! ჰო, მართლაც ასე იყო და როგორც თვითონ გვითხრა რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში, ფეხბურთელიც ვიყავი, სამწვრთნელო ნიუანსებშიც გავერკვიე, მაგრამ ფეხბურთის "შიდა სამზარეულოს" ნიუანსებში კიდევ ბევრი რამ რჩებოდა, რისი გაგებაც მსურდაო.

ძოძუაშვილმა რამდენიმე სეზონი იმსაჯა, თუმცა, როცა კრიზისში მყოფი მშობლიური ქუთაისის "ტორპედოს" გაწვრთნა შესთავაზეს, უარი არ უთქვამს და მისი დამსახურებით, 1988 წელს გუნდმა პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.

იქიდან მოყოლებული, ძოძუაშვილს არაერთი ქართული თუ უცხოური გუნდი გაუწვრთნია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ძოძუაშვილის მართლაც უნიკალური შედეგ(ებ)ი: ერთადერთი მწვრთნელია, სამ სხვადასხვა გუნდს საქართველოს ჩემპიონობა (თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", რუსთავის "ოლიმპი") რომ მოაპოვებინა და ასევე ერთადერთი მწვრთნელია, საქართველოს თასი სამ სხვადასხვა გუნდთან (თბილისის "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი", ქუთაისის "ტორპედო") რომ მოაპოვებინა.

Sportall.Ge

...დღევანდელი იუბილარი ამჟამად უმუშევარია: მიმდინარე სეზონის პირველი წრის დამთავრების შემდეგ რევაზ ძოძუაშვილს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწია. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ უსაქმოდ დიდხანს არ გაჩერდება და მისი აქტიური სამწვრთნელო კარიერის განახლებასაც მალე უნდა ველოდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მსოპლიოს დგესაც არ ყავს, ასეტი დონის მარჯვენა მცველი,დამიჯერეტ-არ ვაზვიადებ!
kaxeli papa
12:19 11-04-2015
0
ლატვიის ნაკრები და რიგის სკონტო დაგავიწყდათ
zzzz
13:59 10-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული