ნიკა კაჭარავა: ვნახეთ "ბოტოშანის" თამაში და ამ ბარიერის გავლის კარგი შანსი გვაქვს

AutoSharing Option
ფოტოზე: "ცხინვალი" უკვე რუმინეთშია
"ცხინვალი" უკვე რუმინეთშია, სადაც ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში იქაურ "ბოტოშანს" დაუპირისპირდება.

ზოგადად, ცხინვალელებს ახალგაზრდული, პროგრესირებადი გუნდი ჰყავთ, თავისი ლიდერებით. ერთ-ერთი ასეთი, უდავოდ, 21 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავა გახლავთ, ვინც გასულ სეზონში გოლებითა და ლამაზი თამაშით მიიქცია ქომაგის ყურადღება, მერე კი სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა.

სულ ცოტა ხნის წინათ კახა ცხადაძემ ნიკა კაჭარავა ეროვნული გუნდის კანდიდატად დაასახელა.

"ლელო" "ცხინვალის" ფორვარდს გამგზავრებამდე ესაუბრა...

- როდის დაიწყეთ მზადება ახალი სეზონისათვის?

- 6 ივნისს, თბილისში დავიწყეთ მზადება. ათდღიანი მოსამზადებელი ციკლი გვქონდა. 3 ამხანაგური შეხვედრაც ჩავატარეთ.

- გუნდში ბევრი ახალწვეულია. რას იტყვით მათზე? როგორ შეეწყვნენ "ცხინვალს"?
- რაც მთავარია, დაგვემატა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი. ეს აუცილებელია ჩვენნაირი ახალგაზრდული გუნდისთვის. ვფიქრობ, მათი მოსვლით "ცხინვალი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

- ცოტა ხნის წინათ "ცხინვალი" ერევანში იყო და "პიუნიკთან" ამხანაგური მატჩი ჩაატარა. რას იტყვით ამ თამაშზე?
- ერევანში თამაშამდე შეკრება გვქონდა. სომხეთის ჩემპიონ "პიუნიკთან" დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ და ცოტა დაღლილობა ეტყობოდა გუნდს, თუმცა მაინც მოვიგეთ. ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ ჩვენი თამაში.

ახლა დასვენებულები ვართ. მჯერა, "ბოტოშანთან" 2 ივლისის შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

- რა იცით "ბოტოშანზე"?
- ვუყურეთ რუმინული გუნდის თამაშს. მინდვრის ყველა მონაკვეთზე თავდაუზოგავად იბრძვიან. მიმაჩნია, რომ ამ ბარიერის გავლის კარგი შანსი გვაქვს. მთავარია, რუმინელებს ორთაბრძოლებში არ ჩამოვრჩეთ.

- ცოტა ხნის წინათ კახა ცხადაძემ ეროვნული გუნდის კანდიდატებს შორის დაგასახელათ. ეს, ალბათ, განსაკუთრებული სტიმულია თქვენთვის...
- ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ გუნდში თამაში. ასე ვარ მეც. კახა ცხადაძის ინტერესმა გამახარა და, ცხადია, სტიმულიც მომცა.

- "ცხინვალს" მამათქვენი წვრთნის. როგორც შვილს, ყველაზე მეტს თქვენ გთხოვთ კახა კაჭარავა მინდორზეც და მის მიღმაც. ესეც ფსიქოლოგიური ტვირთია და ხომ არ გიჭირთ?
- მართალი ბრძანდებით, ყველაზე მეტს ჩემგან ითხოვს. მგონი, ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

- ტრიბუნიდან ისე ჩანს, რომ ხანდახან ემოციები სჭარბობს თქვენს თამაშში...
- ფეხბურთი ჩემთვის ემოციის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ აქ არის ერთი "მაგრამ". ყველაფერი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში, ზედმეტობის გარეშე. ფეხბურთელებიც ადამიანები ვართ და არის ხოლმე მომენტები, როცა ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია გაგვახარებს ცხინვალი და გავა შემდეგ ეტაპზე წარმატებები ბიჭებო
gurami
09:53 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული